ვინ და როგორ გაძარცვა ცნობილი ალმასების ფონდი
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.11
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
შეუფასებელი საგანძური
მოსკოვში, კრემლის შენობათა კომპლექსში მდებარე, ეგრეთ წოდებულ, ალმასის ფონდში მდებარე ძვირფასეულობის კოლექცია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად მიიჩნევა. მას შეუფასებელ საგანძურს უწოდებენ და იქ დაცულ ექსპონატებს დედამიწის ზურგზე ანალოგი არ აქვს. ალმასის ფონდი შესაბამისი უსაფრთხოების სისტემითაა დაცული და იქ შეღწევა ბუზსაც კი არ შეუძლია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იმ პერიოდთან შესაბამისი, მსგავსი უსაფრთხო სისტემა იყო მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებშიც, მაგრამ მაისის ერთ დღეს ამ სისტემამ ვერ გაამართლა. დღის 2 საათი იყო, როცა ალმასის ფონდის შენობაში აალება მოხდა და სახანძრო დახმარების მანქანები გამოიძახეს. სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა სულ რაღაც ერთ წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, აალებული შენობიდან ჯერ კიდევ გამორბოდნენ ადამიანები, როდესაც ექვსი მეხანძრე შენობაში შევარდა, თუმცა, სულ რაღაც ოთხი წუთის შემდეგ მეხანძრეთა ეს ბრიგადა უკვე შენობიდან გამოვიდა. მეხანძრეები მანქანებში ჩასხდნენ და იმ დროს დატოვეს კრემლის კომპლექსი, როდესაც იქ რვა სახანძრო მანქანა შესრიალდა. შენობაში შესულ მეხანძრეებს წარმოუდგენელი სიტუაცია დახვდათ: ალმასის ფონდის 22 ვიტრინა პირწმინდად იყო გაძარცული და აშკარა იყო, რომ ეს იმ ორი სახანძრო მანქანით მოსულმა მეხანძრეებმა ჩაიდინეს.
ტოტალური ძებნა
ალმასის ფონდის ძარცვის საქმე უმალვე მოედო ჯერ მოსკოვს, შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირს. საქმეს „კაგებე“ იძიებდა და ამ საქმეში ჩართულები იყვნენ უშიშროების საუკეთესო კადრები. დადგინდა, რომ სახანძრო მანქანები ¹3 სახანძრო ცენტრიდან იყო გატაცებული და ისინი იქვე, კრემლთან მდებარე სანაპიროზე ელოდნენ სიგნალს მოქმედებისთვის. კრემლის ალმასის ფონდის მთლიანი ექსპოზიცია 8-10 მილიარდი მანეთის ღირებულების იყო. ხოლო გატაცებული ექსპონატების ღირებულებამ კი მილიარდ მანეთს მიაღწია. ეს იყო მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა. არც მანამდე და არც მას შემდეგ არსად არავის გაუტაცია ასეთი ღირებულების როგორც ექსპონატები, ასევე უნიკალური ძვირფასი ქვები. ტოტალური ძებნის ფარგლებში ფეხზე დააყენეს მილიციისა და უშიშროების მთელი აგენტურული ქსელი. დააკავეს ათასობით ადამიანი, კრიმინალი და ამ საქმესთან დაკავშირებით დაჰკითხეს. გადაიკეტა მთელი საზღვარი. უპრეცედენტო კონტროლი ხორციელდებოდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე როგორც ბარგზე, ასევე, პირადად ადამიანებზე და ზოგ შემთხვევაში, უცხოეთში წამსვლელ დიპლომატებსაც კი ჩხრეკდნენ. ძალოვნებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ მათ ეშინოდათ, ბოროტმოქმედებს ძვირფასი ქვები არ დაენაწევრებინათ და ამგვარად არ ეცადათ მათი რეალიზაცია.
ანონიმური წერილი
ძარცვიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო და გამოძიება ჩიხში შევიდა. შინაგან საქმეთა და უშიშროების შეფები ისე იყვნენ გამწარებული, რომ ადგილს ვერ პოულობდნენ და თავიანთ ხელქვეითებისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ბოროტმოქმედთა პოვნასა და ნაძარცვი ნივთების უკლებლივ დაბრუნებას. ძარცვიდან მეოცე დღეს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) მორიგეს ვიღაცამ დაურეკა და უცნობი ქალის ხმამ უთხრა: მეოთხე საფოსტო განყოფლების ფოსტის ყუთში წერილი ჩავაგდე და იქიდან შეიტყობთ ალმასის ფონდის ძარცვის შესახებო. და მორიგემ კითხვის დასმაც კი ვერ მოასწრო, ისე გათიშა ტელეფონი. მეოთხე საფოსტო განყოფილება „მურიდან“ 150 მეტრში მდებარეობდა. მილიციის ოპერთანამშრომლებმა სწრაფად მოხსნეს ლურჯი ფერის ფოსტის ყუთი კედლიდან. შიგთავსი ამოიღეს და მართლაც აღმოაჩინეს ანონიმური წერილი. თაბახის ფურცელზე გაზეთებიდან ამოჭრილი ასოები იყო დაწებებული და ეწერა: „ძარცვაში სიმონ მურაშოვსკია გარეული და თუ მის ალაპარაკებას შეძლებთ, ეს საქმე გაიხსნება. მურაშოვსკი 50 წლის ხელოვნებათმცოდნე იყო. ის მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში მუშაობდა. თუმცა 5 წლის წინ ალმასის ფონდში მუშაობდა კონსულტანტად.
საქმის გახსნა
მიუხედავად იმისა, რომ ანონიმური წერილი „მურმა“ მოიპოვა, ის „კაგებეს“ გადასცეს და უშიშროებაში მურაშოვსკის დოსიე მოიძიეს. მასში ამ ადამიანის დახასიათება ეწერა და იყო აღნიშნული, რომ მურაშოვსკი მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტის რანგს ფლობდა. ერთადერთი უარყოფითი, რაც იქ ეწერა, ის იყო, რომ მურაშოვსკი ჰომოსექსუალურ კავშირში იყო შემჩნეული გარკვეულ პირებთან. იქვე ეწერა, რომ ეს ადამიანი პასიური ჰომოსექსუალი იყო. „კაგებემ“ მურაშოვსკი ფარულად აიყვანა. ის ლუბიანკაზე პირველივე დაკითხვისას გამოტყდა, რომ თავის ახალგაზრდა პარტნიორს, ვინმე ლიოვა სარქისიანს მიაწოდა ალმასის ფონდის ინფრასტრუქტურული გეგმა. 29 წლის სარქისიანი ელექტრიკოსი იყო და მე-11 სახლმმართველობაში მუშაობდა. მას ჰყავდა ცოლი და ერთი მცირეწლოვანი შვილი. ლიოვა წარმოშობით თბილისელი იყო. „კაგებემ“ ჯერ მისი მეუღლე, კარინა აიყვანა, დაჰკითხა და აღმოჩნდა, რომ სწორედ მან დაწერა ანონიმური წერილი. ამის მიზეზი კი მურაშოვსკიზე ეჭვიანობა იყო. ლიოვას ცოლმა მისი მეუღლის მურაშოვსკისთან კავშირის შესახებ ქმრისგან შეიტყო, როცა ლიოვა მთვრალი იყო. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და დააპატიმრეს მძარცველთა 10-კაციანი ბანდა, რომლებიც წარმშობით საქართველოდან იყვნენ. მათ შორის 3 სომეხი, 3 აზერბაიჯანელი და 4 ქართველი. ნაძარცვი ნივთები 32 წლის ზაზა ფალიაშვილის ბინაში აღმოაჩინეს და უკლებლივ ყველა უკან დააბრუნეს. მძარცველებს კი სასამართლომ პატიმრობის სხვადასხვა ვადა მიუსაჯა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან