ვინ და როგორ ძარცვავდა მოსკოვში ელიტურ ბინებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.06, 2023 წელი

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სერიული ქურდობები
1970 წლის აპრილ-ივნისში მოსკოვში სერიული ქურდობები განხორციელდა. გაიქურდა 8 ბინა და ალაფის საერთო თანხამ 180 ათასი მანეთი შეადგინა. „მურის“ (მოსკოვის სისხლის სასამართლოს სამძებრო) მთელი კოლექტივი ფეხზე იდგა, მაგრამ, არამც თუ ბოროტმოქმედთა კვალს ვერ მიაგნეს, არამედ გაურკვეველი იყო, თუ როგორ ახერხებდნენ ქურდები ბინაში შეღწევას და იქიდან გამოსვლას. დაზარალებულთა კარის საკეტების ექსპერტიზამ ცხადყო, რომ არცერთი მათგანი არ გაღებულა არასტანდარტული გზით („ატმიჩკა“, მექანიკური ზემოქმედება). მთავარი ვერსიის მიხედვით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბოროტმოქმედებს გასაღების დუბლიკატები ჰქონდათ. მაგრამ დაზარალებულები ამას კატეგორიულად გამორიცხავდნენ. ამ საქმეს კვალიფიციურ მაძებართა ჯგუფი იძიებდა. მის შემადგენლობაში შედიოდა მაშინ ჯერ სრულიად ახალგაზრდა ოპერი კონსტანტინე (კოკა) რუსაძე (შემდგომში ის ლეგენდარული მაძებარი გახდა). კოკამ ერთ-ერთ თათბირზე წამოაყენა ვერსია: ქურდები ფანჯრიდან შედიან და გამოდიანო. მაგრამ მისი ვარაუდი სასაცილოდ არ ეყოთ, რადგან ეს ქურდობები ძალიან მაღლა, მრავალსართულიან ბინებში ხდებოდა და კედლები ისეთი გლუვი იყო, რომ მასზე ასვლა და ჩამოსვლა, თანაც ნაქურდალი ნივთებით, შეუძლებელი იყო. რუსაძე კი ჯიუტად „აწვებოდა“ თავის მოსაზრებას.
ფაიფურის კოლექცია
კოკა რუსაძის ვარაუდს საბოლოოდ ცივი წყალი გადაასხა ბოლო დანაშაულის სავარაუდო სურათმა. ეგრეთ წოდებულ, „სტალინურ ცათამბჯენში“ ცნობილი ანტიკვარი კოლექციონერის, იოსებ რაიზმანის ბინა გაიძარცვა, რომელიც 21-ე სართულზე მდებარეობდა. სხვა, ძვირფას, ანტიკვარულ ნივთებთან ერთად წაღებული იქნა მე-18 საუკუნეში გაკეთებული ვიტრინა-კარადა, რომელშიც ჩინური ფაიფურისგან დამზადებული ჭურჭლის კოლექცია ინახებოდა. კარადა წითელი ხისგან იყო დამზადებული. სიმაღლით – 180 სანტიმეტრი, სიგანით – 90 და სიღრმით 40 სანტიმეტრი. მასში ჩასმული იყო ბროლის სქელი შუშები და ჰქონდა გაღების ორიგინალური, საიდუმლო სისტემა (წინა ვიტრინა ოსტატურად იყო შენიღბული და ზევით უნდა აეწიათ, რომ გაეღოთ). შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ კი ცხადყო, რომ 50 კილოგრამის წონის კარადა, პლუს 20-25 კილოგრამი შიგთავსი, მთლიანად, გაუხსნელად იყო ბინიდან გატანილი. რადგან არც შუშების ნამსხვრევები აღმოჩნდა ბინაში და არც რაიმე სხვა კვალი. ამიტომ, სამძებრო ჯგუფის უფროსმა რუსაძეს უთხრა:
– შენი ვერსიით, გამოდის, რომ ეს 70-75 კილოგრამის წონის ნივთი 21-ე სართულიდან კედელ-კედელ ჩაიტანეს, რაც აბსურდიაო.
კოკას პასუხი არ გაუცია ჯგუფის უფროსისთვის და რუსაძის ვერსია დროებით „დასამარდა“.
მოულოდნელი საჩუქარი
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მილიციამ ამ საქმის გასახსნელად მთელი „შავი სამყარო“ ფეხზე დააყენა, შედეგი ნულის ტოლი იყო... საბჭოთა დედაქალაქის კრიმინალური ავტორიტეტები გამწარებულნი ცდილობდნენ „პალაჟენიის“ გამფუჭებელთა აღმოჩენას, მაგრამ ვერც მათ მოახერხეს მათი პოვნა. მილიცია კი მათ ყველანაირად ავიწროებდა. ერთი სიტყვით, მოსკოვში ყველაფერი თავდაყირა დადგა და სიტუაციის ნორმალიზება ერთმა ანონიმურმა ზარმა მოახდინა. ინკოგნიტო ბოხმა ხმამ „მურის“ მორიგეს დაურეკა და უთხრა:
– ბინებს ზინა ბობკოვა ქურდავდა და მას ცირკში მიაკითხეთო.
ზინა ბობკოვა 26 წლის მოსკოვის ცირკის აკრობატთა ჯგუფის წევრი იყო. თავდაპირველად მილიციელებს ეს ზარი ბოროტი ხუმრობა ეგონათ, მაგრამ ბობკოვა მაინც დააკავეს, დაჰკითხეს და ქალმა თქვა:
– იმ ძუკნა კარინამ გაგვყიდა. თვითონ კი „ტავართან“ ერთად უგზო-უკვლოდ გაქრაო.
საქმე ის იყო, რომ მოსკოვური ქურდობების სერიას ცირკის აკრობატ ქალთა ექვსკაციანი ჯგუფი ახორციელებდა, რომლებიც მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა. ისინი ბინებში მართლაც ფანჯრებიდან შედიოდნენ და ამგვარად გამოჰქონდათ იქიდან ნაქურდალი ნივთები. საამისოდ კი წვრილ ტროსს იყენებდნენ. თავდაპირველად მილიციელებმა ეს არ დაიჯერეს. თუმცა, საგამოძიებო ექსპერიმენტმა სრულად დაადასტურა ეს ყოველივე.
– ფაიფურიანი კარადა როგორღა ჩაიტანეთ ქვევით? – იკითხა საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა, რაზედაც ბობკოვამ უპასუხა:
– ძუკნა კარინამ დაიმაგრა „შკაფი“ სხეულზე და ტროსზე ჩაცოცდაო.
კარინა აბრამიანიც ამ ჯგუფის წევრი იყო. 185 სანტიმეტრის სიმაღლის 24 წლის გოგონა ყველაზე ჯანიანი იყო მათ შორის და „პადელნიცა“ იმიტომ „ჩაუშვა“, რომ მამაკაცი ვერ გაიყვეს. ვინმე იური ლოსოვსკი, რომელიც ცირკის კლოუნი იყო, ორივე ქალს უყვარდა. მან კი საყვარლად ბობკოვა აირჩია. კარინა კი ამ ფაქტმა ჭკუიდან გადაიყვანა და ნაქურდალი ნივთებითა და ფულით გაუჩინარდა, შემდგომ კი მილიციას შეატყობინა ეს ყოველივე. კარინა საკავშირო ძებნილი გახდა და მას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. 9 თვის მერე კი კარინაც შეიპყრეს, რომელიც თბილისში იმალებოდა. ერთ-ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში თბილისელმა ბესო კუტივაძემ ჩინური ჩაის სერვიზი ჩააბარა გასაყიდად. ეს სერვიზი კი როზმანის ბინიდან იყო წაღებული და ძებნაში იმყოფებოდა. სწორედ ამ შემთხვევის შედეგად გაიხსნა ეს საქმე და კარინა დიღმის მასივში დააპატიმრეს. მოუხელთებელი ბანდის წევრებს სხვადასხვა ხანგრძლივობის პატიმრობები მიუსაჯეს, ხოლო კოკა რუსაძეს კი პირადად მინისტრმა გადასცა მადლობის სიგელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან