ვინ და როგორ დაუსვა წერტილი „ვაზიანის აფერას“
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.01
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
რეისი ევროპიდან
გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართული კოშმარი ნელ-ნელა სტაბილურდებოდა და ქუჩებში ადამიანების მკვლელობები, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო. მთავარი შეიარაღებული ფორმირებების მეთაურები და მებრძოლთა ძირითადი მასა ციხეებში ისხდნენ. სახელმწიფო ინსტიტუტები ცივილიზებულ სახეს იღებდა და ბიზნესსაც განვითარების გზა მიეცა. სანამ მსხვილი სუპერმარკეტები გამოჩნდებოდა, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ეგრეთ წოდებული, „ბუტკები“, სავაჭრო ჯიხურები იდგა. ამ ჯიხურებში ევროპული საქონელი იყიდებოდა – ასანთით დაწყებული, მსხვილი ალკოჰოლური ბრენდებით დამთავრებული. ყოველ კვირაში ერთხელ „ბუტკიორები“ (სავაჭრო ჯიხურის მფლობელები) თბილისის აეროპორტში გამწკრივდებოდნენ ხოლმე და ჯიხურებისთვის საჭირო პროდუქციით დატვირთული ორ მცირე ზომის სატვირთო თვითმფრინავს ელოდნენ. შემდგომ კი ჩამოტანილ პროდუქციას მანქანებში ტვირთავდნენ და კიოსკებში მიჰქონდათ გასაყიდად. სინამდვილეში კი, ეგრეთ წოდებულ, „ევროპულ პროდუქციას“ ვაზიანის საბჭოთა სამხედრო ბაზის ბუნკერებში განთავსებულ ცეხებში ამზადებდნენ და იქვე ტვირთავდნენ თვითმფრინავებში. შემდგომ კი ვაზიანში აფრენილი სატვირთო თვითმფრინავები რუსთავს წრეს შემოუვლიდნენ, თბილისის აეროპორტში სხდებოდნენ და ამ აფერის მესვეურები, სულ რაღაც, 2 საათში მილიონობით დოლარს შოულობდნენ, რადგან საქონელში მხოლოდ ამერიკულ დოლარებს იღებდნენ. ამ აფერაში თაღლითების მთელი ჯგუფი მოქმედებდა, რომელიც კარგად იყო ორგანიზებული და დაკომპლექტებული. მასში შედიოდნენ როგორც ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელები, ასევე აეროპორტის თანამშრომლები და სამართალდამცველი სტრუქტურების მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ ბიზნესს „კრიშავდნენ“. ამგვარად მოქმედებდა თაღლითური ჯგუფის მაფია, რომელიც დიდ ფინანსებს ატრიალებდა და დიდი გავლენებიც ჰქონდა, როგორც მთავრობაში, ასევე კრიმინალურ წრეებში.
უზარმაზარი ცეხი
ვაზიანის სამხედრო ბაზის ბუნკერებში განლაგებული ფალსიფიცირებული საქონლის დამამზადებელი ცეხები იმ დროისთვის თანამედროვე ტექნიკით იყო აღჭურვილი. მათ ჰქონდათ პოლიგრაფიული დანადგარები, რომლებზეც ბეჭდავდნენ და აწარმოებდნენ ფალსიფიცირებული პროდუქციის შესაფუთ რეკვიზიტებსა და ლოგოებს, ჩამომსხმელი და თამბაქოს საწარმოებელი დანადგარები. ეს დაზგები ჩალის ფასად ჰქონდათ შესყიდული ძველი, დაშლილი საწარმოებისგან. პროდუქციის ნედლეულს კი ძველი საწყობებიდან იმარაგებდნენ. აგრეთვე, იღებდნენ რუსეთიდან სამხედროების მეშვეობით. პროდუქციის ტექნოლოგები და მუშახელი კი დაქირავებული ჰყავდათ ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი კადრებიდან. ამგვარად, ფალსიფიკაციის მეშვეობით ფულის კეთების კონვეიერი საუცხოოდ ფუნქციონირებდა და ყოველკვირეულად მილიონობით შემოსავალი მოჰქონდა. ანუ ორი ცრუ რეისის შედეგად თაღლითთა სალაროში 4 მილიონი ამერიკული დოლარი შედიოდა. შემდგომ ეს ფული ნაწილდებოდა მაფიის მმართველებზე, ძალოვნებზე, ბაზის ხელმძღვანელებზე და ტექნოლოგებსა და მუშებზე.
დიდი კუში
„ბუტკიორები“ პროდუქციას ყოველ კვირა დღეს ყიდულობდნენ და შუადღისთვის უკვე დაბინავებული ჰქონდათ. ხოლო დღის 2 საათისთვის ფალსიფიცირებული პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხები დათვლილი, დახარისხებული და გადასაცემად გამზადებული იყო. მთელი ეს პროცედურა აეროპორტის პატარა, კარგად დაცულ ოთახში ხდებოდა. შემდეგ, ეგრეთ წოდებული, დაცვის ჯგუფი ორი მანქანით თბილისის ცენტრში მიემგზავრებოდა და მთელი ფული ოფისში მიჰქონდათ, საიდანაც კურიერები საჭირო მისამართებზე არიგებდნენ. თებერვლის ერთ ცივ დღეს 4 მილიონ 260 ათასი დოლარით დატვირთული „ნივა“ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიდიოდა. ფული თანაბრად იყო განაწილებული და ორ წყალგაუმტარ ჩანთაში ელაგა. „ნივაში“, მძღოლის გარდა, კიდევ სამი ადამიანი იჯდა. ფულიან მანქანას კი „ვოლგა“ „გაზ 24“ აცილებდა და მასში მძღოლთან ერთად კიდევ სამი შეიარაღებული ადამიანი იმყოფებოდა. მანქანები ჯერ კიდევ აეროპორტის ტრასაზე მიქროდნენ, როდესაც მათ მილიციის ფორმაში გამოწყობილმა ავტოინსპექტორმა დაუქნია ხელი და გაჩერება მოსთხოვა. ასეთ ჟესტს ფულის დამტარებლები მიჩვეული იყვნენ – ავტოინსპექტორებს 5-5 დოლარს აძლევდნენ და გზას აგრძელებდნენ. მათ ამჯერადაც შეაჩერეს მანქანა. ფანჯარა ჩამოსწიეს და მილიციელს ფული მიაწოდეს. მაგრამ მილიციელმა ღია ფანჯარაში ცრემლმდენი გაზის კაფსულა შეაგდო. მეორე მანქანასთან კი მოულოდნელად ორი ავტომატიანი აღიმართა, შიგნით მსხდომნი მომენტალურად განაიარაღეს და მანქანას კი წვეტიანი რკინით საბურავები დაუხვრიტეს. პირველ მანქანაში „ინსპექტორებმა“ იმუშავეს და ფულიანი ტომრები თავიანთ მანქანაში გადაიტანეს. „ნივასაც“ საბურავები დაუხვრიტეს და ადგილს მოსწყდნენ. სულ 4 მძარცველი იყო. ორ მათგანს მილიციის ფორმა ეცვა, ორი კი ქურთუკებში იყვნენ გამოწყობილი. ამ შემთხვევის გამო ფეხზე დააყენეს როგორც რუსი სამხედროები, ასევე კრიმინალური სტრუქტურები და ძალოვნები. მომენტალურად გადაკეტეს ქალაქი, სამძებრომ კი სავარაუდო კონსპირაციული ბინები გაჩხრიკა, თუმცა იქ გატაცებული ფულის კვალი არ აღმოჩნდა.
P.S. როგორც არაოფიციალურად გავრცელდა, ძარცვა განახორციელა ყოფილ მხედრიონელთა ოთხეულმა. მათ ეს თანხა საზღვარგარეთ გაიტანეს, წარმატებული ბიზნესი წამოიწყეს და დღემდე იქ ცხოვრობენ. ხოლო ფალსიფიცირებული პროდუქტის გასაღება კი პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღკვეთა. ეს ამბავი რომ მის ყურამდე მივიდა, შევარდნაძემ ძალოვნებს საქმე აღაძვრევინა და „ვაზიანის აფერას“ ბოლო მოუღო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან