კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ აწარმოებდა თბილისში ცნობილი ბრენდის ფალსიფიცირებულ არაყს

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.11, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციის მთავარი მოქმედი პირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

რეისი ევროპიდან

„დაეშვა რეისი ფრანკფურტიდან...“ – ასეთი განცხადება ყოველ მესამე დღეს ისმოდა თბილისის აეროპორტში გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში. მართალია, ქვეყანაში არეულობა იყო, მაგრამ ევროპაში და უკან კანტიკუნტად, მაგრამ მაინც დაფრინავდნენ თვითმფრინავები. კვირაში სამი დღე ფრანკფურტის რეისიც ჩამოდიოდა თბილისში. ორჯერ – თითო-თითო, ხოლო კვირა დღეს კი ორი რეისი კეთდებოდა. პირველი რეისი დილის 8 საათზე ეშვებოდა აეროპორტში და მას მთელი საქართველოდან ჩამოსული „ოპტავიკები“ (ბითუმად მოვაჭრენი) ელოდნენ. საქმე კი ის იყო, რომ ფრანკფურტის რეისს უზარმაზარი ავიალაინერით საქართველოში ცნობილი არაყი „რასპუტინი“ ჩამოჰქონდა. ამ ბრენდს გერმანია აწარმოებდა და საქართველოში ძალიან სარფიანად საღდებოდა. ამ ბრენდის დისტრიბუტორი შპს „ბანანი და ქოქოსი“ იყო, რომელიც უშანგი ხუნჭუას ეკუთვნოდა. 37 წლის ხუნჭუა პირადად მოჰყვებოდა ტვირთს. აეროპორტშივე უნაწილებდა მას „ოპტავიკებს“ და იქვე იღებდა ანაზღაურებას ამერიკული დოლარებით. ყოველკვირეულად მას 500 ათასი დოლარის შემოსავალი ჰქონდა, ეს თვეში 2 მილიონს აღწევდა, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო.

ყალბი ფირმა

შპს „ბანანი და ქოქოსი“ რუსეთის ქალაქ ყაზანში იყო რეგისტრირებული. სინამდვილეში კი ყველა საბუთი ფალსიფიცირებული იყო და ყაზანის საჯარო რეესტრში ის არ ფიგურირებდა. ფალსიფიცირებული იყო თავად ცნობილი ბრენდიც. სინამდვილეში ამ არაყს, ვითომ „რასპუტინს“, ვაზიანის სამხედრო ნაწილში, ერთ-ერთ უზარმაზარ ბუნკერში ამზადებდნენ. იქვე ბეჭდავდნენ იარლიყებსაც. შემდგომ, ათასობით ყუთს იქვე, თვითმფრინავში ტვირთავდნენ რიგითი ჯარისკაცები. ამის მერე, ვითომ ფრანკფურტის ავიარეისი, ვაზიანის აეროდრომიდან აფრინდებოდა, რუსთავს წრეს დაარტყამდა და თბილისის აეროპორტში ჯდებოდა. „ოპტავიკები“ კი თვალის დახამხამებაში იტაცებდნენ „ტავარს“ და „დისტრიბუტორს“ ნაღდ ქეშს უტოვებდნენ. უშანგი ხუნჭუა მხოლოდ ფირმის ნომინალური მეპატრონე იყო. მის უკან კი 42 წლის ვახტანგ სისაური იდგა და მთელი ეს აფერა – არყის წარმოება, ჩამოტანა და რა თქმა უნდა, სხვადასხვა რგოლების მოსყიდვა, მისი აწყობილი იყო. სისაური პროფესიით სამხედრო თარჯიმანი იყო და წლების განმავლობაში სამხედროებთან და დიპლომატებთან ჰქონდა კავშირი. სწორედ ამ ფართო ნაცნობობის წყალობით შეძლო მან ასეთი კომბინაციის აწყობა და მისი სუფთა მოგება ყოველთვიურად მილიონ 200 ათასი დოლარს შეადგენდა. დანარჩენი 800 ათასი კი ქრთამებისა და არყის ფალსიფიცირებული მომსახურების ხარჯები იყო. სისაურის აფერამ 25 თვის განმავლობაში იარსება და მას 30 მილიონი დოლარი აშოვნინა. 1996 წელს კი „ქოქოსსა და ბანანს“ კომპეტენტური ორგანოები მიადგნენ. უშანგი ხუნჭუა იკითხეს, მაგრამ ის უკვე რუსეთში იყო გადახვეწილი და მასზე ძებნა გამოცხადდა. სისაურის შესახებ კი ორგანოებმა იმ დროისთვის არაფერი იცოდნენ, რადგან მისი სახელი არსად ფიგურირებდა. თუმცა, ამ აფერის სულისჩამდგმელი უკვე მზად იყო გასაქცევად. მალდივის კუნძულებზე მას ფეშენებელური ვილა ჰქონდა ნაყიდი და თავის 25 წლის პირმშვენიერ საყვარელთან, ირმა მარგიშვილთან ერთად გასამგზავრებლად „ჩემოდნებს ალაგებდა“.

გამოსასყიდი

1996 წლის 22 დეკემბერს ვახტანგ სისაური და ირმა მარგიშვილი ტაქსით აეროპორტში მიემგზავრებოდნენ. ისინი სტამბოლის ავიარეისით თურქეთში უნდა გადაფრენილიყვნენ, იქიდან კი – მალდივებზე. რძის კომბინატის მოპირდაპირე ტერიტორიაზე მათ ტაქსის თეთრი ფერის „ჟიგული“ დაეწია და იქ მსხდომებმა მძღოლს გაჩერება აიძულეს. „ჟიგულში“ ოთხი მამაკაცი იყო. მათ თქვეს, რომ პოლიციიდან იყვნენ. ტაქსი გაუშვეს. თურქეთში მიმავალნი კი მანქანაში ჩაისვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოთხი საათის შემდეგ კი სისაური და მარგიშვილი ცხინვალში ჩაიყვანეს და მანქანა ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში გააჩერეს. „ჟიგულში“ მსხდომნი სინამდვილეში ასლან ძაგოევის ბანდის წევრები იყვნენ და წყვილი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. ბანდიტები გამოსასყიდს ითხოვდნენ – 2 მილიონ ამერიკულ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დახოცვით იმუქრებოდნენ, რაც სავსებით რეალური იყო. ვახტანგ სისაურმა გამტაცებლებთან შევაჭრება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და გამოსასყიდის გადახდაზე დათანხმდა.

– გამიშვით და თანხას ერთ კვირაში მოვიტან, – უთხრა ძაგოევს სისაურმა.

– არ მოიტან და ამ შენს ფეხმძიმე კახპას ნაწილ-ნაწილ გამოგიგზავნით! – დაემუქრა ძაგოევი სისაურს და ხელქვეითებს მისი ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიყვანა დაავალა.

ირმა მარგიშვილი ორი თვის ფეხმძიმე იყო, მას მუცელიც კი არ ეტყობოდა და ამიტომ, საგულისხმო დეტალს წარმოადგენდა იმის გასარკვევად, თუ საიდან გაიგეს ბანდიტებმა ამის შესახებ. ვახტანგმა სულ რაღაც 5 დღეში ჩაუტანა ძაგოევს 2 მილიონი დოლარი და ირმა გამოიხსნა. სამი დღის მერე კი წყვილი მალდივებზე ჩავიდა. სისაურმა მარგიშვილი საიმედოდ დააბინავა. თუმცა თავად თბილისში დაბრუნდა, თან 200 ათასი დოლარი ჩამოიტანა და შურისძიებისთვის მოემზადა. მან რამდენიმე ძველი „ბოევიკი“ დაიქირავა და შურისძიებამაც არ დააყოვნა – ძაგოევი ცხინვალის მიდამოებში ჩაცხრილეს თავის ორ „პაძელნიკთან“ ერთად. ხოლო გალინა გულიევას კი ვიღაც უცნობმებმა ენა მოაჭრეს, სახე კი სამართებლით დაუსერეს. გულიევა ძაგოევის საყვარელი იყო, იმავდროულად კი, ირმა მარგიშვილის დეიდაშვილი. ნათელი იყო, რომ ეს საქმე გულიევას „ნაკოლი“ იყო. ირმამ თავის დეიდაშვილს მოუყვა ფეხმძიმობისა და მალდივებზე გამგზავრების შესახებ და „ნაკოლშიცა“ სწორედ ამ დეტალებმა გაშიფრეს.

პ.ს. დღესდღეობით სისაურების ოჯახი კანადაში სახლობს. უშანგი ხუნჭუა კი მოსკოვის მოქალაქეა და სადისტრიბუციო კომპანიის მფლობელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი