კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ აპირებდა მოსკოვის საპატრიარქოს სეიფის გაძარცვას

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 30.09, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

კრეატიული ძარცვები

1977 წლის იანვარ-მაისში მოსკოვში რამდენიმე ძარცვა განხორციელდა. დანაშაულის ფაბულა ასეთი იყო: კერძო, მდიდრულ წვეულებებზე, სადაც ცნობილი სახეები, ასე ვთქვათ ელიტის წარმომადგენლები – მწერლები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები, შოუბიზნესის წარმომადგენლები – იკრიბებოდნენ ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი გვიან მიდიოდა. როდესაც დაგვიანებულს კარს უღებდნენ, მასთან ერთად ბინაში შევარდებოდნენ შეიარაღებული, ნიღბიანი მძარცველები და იქაურობას პირწმინდად „ასუფთავებდნენ“. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ დაზარალებულები გონზე მოსვლას ვერ ასწრებდნენ. სინამდვილეში დაგვიანებული სტუმარი გრიმირებული მძარცველი იყო, რომელსაც სატყუარად იყენებდნენ. ნამდვილი „ცნობილი სახე“ კი ბოროტმოქმედებს დაკავებული ჰყავდათ და მილიცია მათ გაკოჭილს პოულობდა ხოლმე. წვეულების ბინის მახლობლად დახურულ მიკროავტობუსში. მიკროავტობუსი, რა თქმა უნდა, გატაცებული იყო, ხოლო მილიცია იქ ვერანაირ კვალს ვერ პოულობდა, რადგან ყველაფერი სუფთად კეთდებოდა. სულ სამი ძარცვა განხორციელდა და ბოროტმოქმედებმა სატყუარებად გამოიყენეს ცნობილი ფეხბურთელი იგორ ნეტო, რომელიც ანზორ კავაზაშვილის დაბადების დღეზე მიდიოდა; მომღერალ მუსლიმ მაგომაევი, რომელიც კომპოზიტორ არნო ბაბაჯანიანთან მიდიოდა წვეულებაზე და მსახიობი ვალერი ზოლოტუხინი, რომელიც ვლადიმირ ვისოცკის წვეულებაზე იყო დაპატიჟებული. მილიციამ ამ ექვსკაციან ჯგუფს „შემოქმედებითი ბანდა“ უწოდა და არ გასჭირვებიათ იმის დადგენა, რომ მძარცველებს შეხება ჰქონდათ კინო და თეატრალურ სამყაროსთან და რაც მთავარია, ჰყავდათ სუპერგრიმიორი. ამიტომ, ძებნა კრეატიულ მძარცველებს, სწორედ, ამ სფეროში დაუწყეს და მთელი „მური“ ფეხზე იდგა.

შესანიშნავი ექვსეული

მილიცია სწორ გზაზე იდგა და ბოროტმოქმედებს მხოლოდ შეხება კი არ ჰქონდათ ხელოვნებასთან, არამედ თავად იყვნენ საცირკო-საესტრადო ჟანრის მსახიობები. ვიქტორ ბონდარი, ივანე შევცოვი, ანდრეი კოშკინი, ვალენტინ ანდრეევი და კოტე ნემსაძე მოსკოვის ცირკში მუშაობდნენ. ბანდის მეექვსე წევრი, ოლია დროზდოვა კი მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის გრიმიორი და კოტე ნემსაძის მეუღლე იყო. ბანდას ნემსაძე მეთაურობდა და თითოეულ დანაშაულს ისინი დეტალურად განიხილავდნენ და ზედმიწევნით ამზადებდნენ. სწორედ, ამიტომ იყვნენ მოუხელთებელნი. მათ, სულ რაღაც, ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებულ სამ ძარცვაში, ფულისა და ძვირფასეულობის სახით, მილიონი მანეთის ქონება მიიტაცეს. ისინი შორს მიმავალი გეგმით ხელმძღვანელობდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ნაძარცვი ქონება ვალუტად ექციათ და საზღვარგარეთ წაეღოთ. ისინი უცხოეთში ტურისტული საგზურით უნდა წასულიყვნენ და იქ დარჩენილიყვნენ, ან საზღვარზე არალეგალურად გადასულიყვნენ. საამისოდ მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ „ჩალიჩი“ და შესანიშნავი ექვსეული, სავარაუდოდ, მიაღწევდა კიდეც მიზანს, რომ არა ერთი პატარა ნიუანსი.

საბედისწერო შეცდომა

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მილიონი მანეთი უზარმაზარი თანხა იყო და შესაბამისი მანიპულაციების შედეგად დიდი რაოდენობის ვალუტის შეძენა შეიძლებოდა, ბანდის მეთაურს ეს ეცოტავებოდა. კოტე ნემსაძემ აიხირა, რომ მოსკოვის პატრიარქის სეიფი გავტეხოთო. მიუხედავად კოლეგებისა და მეუღლის შეგონებისა, ნემსაძე გაჯიუტდა და თავისი გაიტანა. ამიტომ ბოროტმოქმედებმა დანაშაულისთვის მზადება დაიწყეს. ტექნიკურად ეს საქმე წინა დანაშაულებზე ბევრად იოლი შესასრულებელი იყო. უნდა შესულიყვნენ საპატრიარქოს შენობაში და ორიოდე სართულით ქვევით ჩაეღწიათ, სადაც სეიფი მდებარეობდა. მართალია, სეიფის ოთახს გისოსიანი კარი ჰქონდა, მაგრამ თავად შენობას არავინ იცავდა და ერთი იარაღითაც შეიძლებოდა მოქმედება. ბოროტმოქმედებმა მოქმედების გეგმა შეიმუშავეს. კოტე ნემსაძემ ინსტრუქტაჟი ჩაუტარა კოლეგებს და ძარცვის დღეც დაინიშნა. ბოროტმოქმედებმა შესაბამისი სამოსი იშოვეს, გამოეწყვნენ და 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ციმბირელი ეპისკოპოსის სამოსში გამოწყობილი კოტე ნემსაძე, ამალასთან ერთად, მოსკოვის საპატრიარქოს შენობაში შევიდა. ისინი დაუბრკოლებლად მიიწევდნენ წინ, თან პირჯვარს სწერდნენ ყველა შემხვედრს. მათ იარაღის გამოყენებაც კი არ დასჭირდათ, ისე შეაღწიეს სეიფის ოთახში, რომელიც მორჩილმა სვიატოსლავმა გაუღო. თუმცა ოთახიდან გამოიქცა, ბოროტმოქმედებს კარი გარედან ჩაუკეტა და მილიცია გამოიძახა.

სასამართლომ ექვსეულს პატიმრობის სხვადასხვა ვადა მიუსაჯა, ნემსაძემ ყველაზე მეტი – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი