ვინ და რატომ უსწორდებოდა საბჭოთა ორგანიზებული დანაშაულის ნათლიმამებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 19.10

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დასაწყისი
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოფიციალური პროპაგანდა ყოველმხრივ ჩქმალავდა ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის არსებობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შეიარაღებული ბანდები საბჭოთა კავშირში ყოველთვის არსებობდნენ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სისტემის შექმნის გარიჟრაჟზეც. თუმცა, ისინი მარტივი კრიმინალური დაჯგუფებები იყვნენ და მაფიოზური გაერთიანებებისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. მსგავსი სისტემის შექმნა საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე დაიწყო. ეს იყო „კანონიერი ქურდების“ (იტალიური დონების ანალოგი) მიერ ცალკეული კლანების შექმნის პროცესი. მართალია, ქურდული წესებით, ყველა ქურდი თანაბარია და ქურდული „ობშჩიაკით“ („საერთოთი“) სარგებლობა ყველას თანაბრად შეუძლია, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში დაიწყო დიფერენციაციის პროცესი. „შავი სამყარო“ იყოფოდა, ეგრეთ წოდებულ, სლავურ, კავკასიურ, შუა აზიურ და მსგავს კლანებად. ისინი კი – რუსულ, უკრაინულ, ქართულ, სომხურ და ასე შემდეგ ფორმირებებად. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და საფუძვლად დაედო იმ ფართომასშტაბიან მოვლენებს, რაც შემდგომში განვითარდა.
ვინ ვის „კრიშავდა“
1972 წლის ივნისში მოსკოვში მოღვაწე ქართველ იატაკქვეშა მილიონერს, ბეჟან კორძაიას ვინმე ივან სლავინი ესტუმრა და 10 ათასი მანეთის გადახდა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი „ცეხების“ განადგურებით, დაწვით დაემუქრა. კორძაიას ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის არალეგალური წარმოება ჰქონდა და მილიონებს შოულობდა. ივან სლავინი კი „კანონიერი ქურდის“, ლეონიდ პეშკოვის, მეტსახელად „პეშკას“, დაჯგუფების წევრი იყო. კორძაიამ სლავინს განუცხადა, რომ ფულს არ გადაიხდიდა და რომ ამ საკითხზე როინ გაზდელიანისთვის, მეტსახელად „ჯიქისთვის“, მიემართათ, რომელიც ასევე, „კანონიერი ქურდი“ იყო და მოსკოვში, სულ რაღაც, 3 თვის წინ იყო ჩასული. „პეშკას“ რომ სლავინმა ეს ინფორმაცია მიუტანა, რუსმა ქურდმა სარკაზმით თქვა – ესე იგი „ჯიქი“? ჟღერს. თუმცა არ მგონია, ისე წვიმდეს, როგორც ქუხს. ნახეთ ეგ „ჯიქი“ და გადაეცით, რომ „სხოდკაზე“ მოვიდეს და ხალხს გაგვეცნოს. დაგვენახვოს, რა კაცია და როგორ მეტყველებსო... როინ გაზდელიანმა „სხოდკაზე“ მისვლაზე თანხმობა განაცხადა და „პეშკასთან“ მოკითხვა დააბარა.
„სხოდკა“
ქურდულ შეკრებაზე მისულ „ჯიქს“ ათი მოსკოველი ქურდი დახვდა. ცხრა მათგანი რუსი იყო და ერთი კი – სომეხი, ერევნელი „კარენა“ (კარენ მარქარიანი). „სხოდკა“ „პეშკას“ მიჰყავდა და ძმების (ქურდების) სახელით მან „ჯიქს“ აუხსნა, რომ „ცეხავიკისთვის“ მოთხოვნილი ფული ქურდულ „ობშჩიაკში“ უნდა შესულიყო და რომ ყველა მსგავსი პროფილის არალეგალური მეწარმე („ცეხავიკი“) იხდიდა ფულს. გაზდელიანი დაეთანხმა კოლეგას, თუმცა იქვე განმარტა, რომ რადგან ობშჩიაკში ფულს შეიტანდა, თავადაც დაწვრილებით უნდა სცოდნოდა მთელი ბუღალტერია და აქტიური მონაწილეობა მიეღო ყველა საქმესა და გადაწყვეტილებების მიღებაში. „ახალგამომცხვარ“ ქართველ „კანონიერ ქურდს“ დანარჩენები არც თუ ისე დიდი ხალისით დათანხმდნენ და „სხოდკა“ ამის შემდეგ დაიშალა. მეორე დღესვე „ჯიქმა“ ათი ათასი მანეთი გაატანა სლავინს, რომელიც „პეშკას“ მიუტანა და მან ეს ფული ქურდულ სალაროში შეინახა, რომელიც სახლში ჰქონდა მოწყობილი. იქ იმ მომენტისთვის 290 ათასი მანეთი იყო შეგროვილი და ამ „ობშჩიაკთან“ დაკავშირებით კრიმინალურ სამყაროში დიდი შეტაკება მოხდა. საქმე ის იყო, რომ როდესაც „ჯიქმა“ მოითხოვა შემოსავალ-გასავლის ადრესატების დასახელება, „პეშკამ“ მას არ უთხრა, რომ 100 ათასი მანეთი მილიციას გაუგზავნა. „პეშკას“ დაჯგუფებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები „კრიშავდნენ“, რაც ყოვლად არაქურდული საქციელი იყო.
„კრიშების კრიშა“
„პეშკა“ მილიციელების მიერ იყო შეგულიანებული. მისმა მფარველებმა უთხრეს, რომ გართულების შემთხვევაში „ჯიქს“ იოლად მოაშორებდნენ მას, უბრალოდ, მოკლავდნენ და პრობლემაც მოგვარდებოდა. თუმცა, მილიციის გენერლებმაც კი არ იცოდნენ, რომ მოსკოვში ახალგამოჩენილ გაზდელიანს კრიშების კრიშა მფარველობდა და ეს იყო ყოვლისშემძლე უშიშროების კომიტეტი. თუმცა, მილიციისგან განსხვავებით, „კაგებეს“ „კრიშობა“ არაკორუფციულ მიზნებს ატარებდა და ქართველ კანონიერ ქურდს, მართალია, დიდი ფულის შოვნის უფლებას აძლევდნენ, მაგრამ მას და მის დაჯგუფებას სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებდნენ – ეს იყო „შავი სამყაროს“ ტოტალური კონტროლი. და სწორედ ამ განზრახვით დაუშვეს საბჭოეთში მაფიოზური კლანების ჩამოყალიბება და „ჯიქი“ ამ საქმის „პირველი მერცხალი“ იყო. ფაქტობრივად, ეს იყო საბჭოთა კონტრდაზვერვის სპეცოპერაცია და მასში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ასრულებდნენ. ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი უშიშროების ოფიცრები იყვნენ, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში ჩანერგეს და ისინი ისე შეეზარდნენ ამ სფეროს, რომ ზოგიერთმა მათგანმა უგანა თავიანთ „კანტორებს“, რისთვისაც სასტიკად დაისაჯენ. სტრუქტურა ღალატისთვის მათ ფიზიკურად ანადგურებდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან