ვინ და რატომ შექმნა ქართული მაფია მოსკოვში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 06.07

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საიდუმლო შეხვედრა
1971 წლის იანვრის ბოლო დეკადა იდგა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ხუთი მამაკაცი იყო შეკრებილი. პატარა, მრგვალ მაგიდაზე 2 ბოთლი სამარკო კონიაკი და ფუჟერები ეწყო. ოთახში სქელი თამბაქოს კვამლი ტრიალებდა, რადგან თითქმის ყველა ეწეოდა. ხუთეულიდან ოთხი კანონიერი ქურდი იყო. მეხუთე მამაკაცი კი – სამინისტროს მაღალჩინოსანი და სწორედ მას მიჰყავდა „სტოსი“, რომელიც დანარჩენებს ჟარგონებით ესაუბრებოდა.
– მოკლედ, ასე, „ხალხნო“ (ხალხი ქურდებს ნიშნავს), ჩემგან „პადერჟკა“ არ მოგაკლდებათ. სანამ საქმეს ააწყობთ, „მაყუთსაც“ გამოვუშვებ ხოლმე. მაგრამ უნდა ივარგოთ. სუფთად უნდა იმუშაოთ, ქურდულად და მკვლელობა და მსგავსი მძიმე დანაშაულები გამორიცხეთ.
იქ მყოფ ქურდებს შორის ყველაზე ავტორიტეტული „ლოტო“ იყო, იგივე, შოთა ჯანგიძე. მან სიგარეტი ჩააქრო და მაღალჩინოსანს უთხრა:
– უარი რომ ვთქვათ თქვენს შემოთავაზებაზე, უფროსო?
– უარი რომ თქვათ, მაშინ მაინც მოგიწევთ რუსეთში გამგზავრება, მაგრამ უფრო შორს – ციმბირში და დიდი ხნით, შესაძლოა, სამუდამოდაც, – მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა „ლოტოს“ მაღალჩინოსანმა და დაამატა, – უარზე ხართ?
– თანახმა ვარ. თქვა ჯანგიძემ და კოლეგებს გადახედა, რომლებმაც აგრეთვე, დასტური განუცხადეს მაღალჩინოსანს.
შეკრება რომ დაიშალა და ქურდები ერთად წავიდნენ, ჯანგიძემ მათ უთხრა:
– ეს ნაბოზარი სხვისი პირით გველაპარაკება და „გლავნი“ სულ სხვაა.
– მაგაზე „გლავნი“ მინისტრია, – თქვა ერთ-ერთმა ქურდმა.
– ჰოდა, სწორედ მინისტრის გამოგზავნილია. როგორც ეტყობა, „ვლასტში“ რაღაც ძვრები ხდება და გამორიცხული არაა, რომ მინისტრი უფრო ზევით მიიწევს. ჩვენ კი იმისთვის ვჭირდებით, რომ ყველგან ჰქონდეს „დოსტუპი“. თან, ისეთი ჩათლახია, რომ არც უცდია, რომ ბოზობაზე ხელის მოწერა შემოეთავაზებინა და მხოლოდ გეგმა გაგვაცნო. სწორად მოვიქეცით, რომ დავთანხმდით. დანარჩენი კი საქმეში გამოჩნდება, – უთხრა „ლოტომ“ კოლეგებს.
იმ პერიოდში მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იყო.
ქართველები მოსკოვში
მილიციის მაღალჩინოსანმა ქურდებს მოსკოვში გადაბარგება, ორგანიზებული ჯგუფების ფორმირება და კანონდამრღვევი საქმიანობისთვის ფულის „შეწერა“ შესთავაზა. ჯანგიძე უკვე ერთი თვის შემდეგ გაემგზავრა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში და ათიოდე კუნთმაგარი, ქურდული იდეოლოგიის მომხრე ახალგაზრდების ჯგუფი წაიყვანა, რომლებიც მოქმედი ან ყოფილი მოჭიდავეები იყვნენ. ასეთივე „კამანდით“ გაემგზავრნენ დანარჩენი ქურდებიც. თითოეული ჯგუფი მოსკოვის სხვადასხვა გარეუბანში განლაგდა, პატარა ქალაქებში, რომლებიც 80-იან წლებში მოსკოვს შეუერთეს და იქ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები წამოჭიმეს. „ლოტო“ და მისი ჯგუფი სოლნცევოში დამკვიდრდნენ. თავდაპირველად ქართველებმა ჭიდაობის წრე გახსნეს და იქ ადგილობრივი ახალგაზრდობა მოიზიდეს. თავდაუზოგავი ვარჯიშის გარდა, ახალგაზრდები ჯანგიძის „ლექციებს“ ისმენდნენ „ცხოვრებისეულ საკითხებზე“. „ლოტო“ მათ მეთოდურად უდებდა ტვინში ქურდულ იდეოლოგიას. თან, გამოსადეგ ახალგაზრდებს არჩევდა მომავალი კრიმინალური საქმიანობისთვის და 1972 წლის დასაწყისისთვის სოლნცევოს დაჯგუფებაში 120 იდეოლოგიზირებული, კუნთქმაგარი ახალგაზრდა იყო გაერთიანებული. ისინი მზად იყვნენ, „ლოტოს“ ნებისმიერი ბრძანება შეესრულებინათ და თავიანთ „ბოსს“ აღმერთებდნენ. ანალოგიური მდგომარეობა იყო სხვა გარეუბნებშიც. მოსკოვის ირგვლივ ქართველთა მიერ შეკრებილი ორგანიზებული ბანდები დომინირებდნენ და ყველაფერი მზად იყო კრიმინალური საქმიანობის დასაწყებად. დარჩენილი იყო ერთი შტრიხი და მალევე ესეც მოგვარდა. დაჯგუფებების ლიდერებმა მიიღეს იმ „ცეხავიკების“ სია, ვინც მოსკოვსა და გარეუბნებში არალეგალურად შოულობდნენ ფულს. განხორციელდა სფეროების გადანაწილება და ორგანიზებული ჯგუფები ამოქმედდნენ. „ცეხავიკები“ ფულის გადახდაზე თანახმა იყვნენ, ხოლო ვინც იურჩა, მას სესხების ნაწილი გადაუწვეს და მაინც გადაახდევინეს. ხოლო, ვინც მილიციას ან ქურდულ სამყაროს მიმართავდა დახმარებისთვის, ვერც ისინი აღწევდნენ თავს რეკეტს – მილიცია მოქრთამული იყო და რეაგირება არ ჰქონდა. შავებს კი პირადად ქურდები „უყომარებდნენ“ და საქმეებს სიტყვით აგვარებდნენ. 1973 წლის მიწურულისთვის ქართული დაჯგუფებები დიდ ფულს ქაჩავდნენ საქმოსნებისგან. ამ ფულის ნახევარი დაჯგუფების წევრებზე ნაწილდებოდა, საიდანაც 20 პროცენტი „ბოსების“ ჯიბეებში მიდიოდა. მეორე ნახევარი კი საქართველოში იგზავნებოდა. ადრესატი კი მილიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელიც უკვე გენერლის ჩინს ატარებდა. შევარდნაძე კი ამ პერიოდში უკვე საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა.
ახალი გადანაწილება
ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოსკოვში „პერესტროიკის“ დაწყებამდე „გრიმიტობდნენ“. თუმცა, 80-იანი წლების შუა პერიოდიდან მათ „სლავური“ და „ჩეჩნური“ დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ. თითოეული მათგანი თავისი ადგილის მოპოვებას ცდილობდა. ამას კი კრიმინალური ომები მოჰყვა. მოკლეს რამდენიმე ქურდი. ჯანგიძე კი მძიმედ დაჭრეს. თუმცა, ის ცოცხალი გადარჩა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩეჩნები გამოირჩეოდნენ. მათ დიდძალი შეიარაღება ჰქონდათ და ინტენსიურ სროლას უკვე საბჭოეთის დაშლის მერე, მოსკოვის ცენტრშიც კი არ ერიდებოდნენ. მილიცია უძლური იყო. თანაც კორუმპირებული და ბოროტმოქმედებს „კრიშავდა“. გამოსავალი ისევ ქართელებმა იპოვეს. მათ საექსკურსიო გემ „მოსკვაზე“ დიდი „სხოდკა“ მოიწვიეს და სფეროები თავიდან გადაინაწილეს. თუმცა, „მსუყე ნაჭრის“ მიღების პრეტენდენტები უკვე ბევრად მეტი იყო. მათ შორის, სხვა ქართველი ქურდებიც და ქართველები უკვე ქართველებს დაუპირისპირდნენ. გაჩაღდა ახალი კრიმინალური ომი და 1994 წელს „ლოტო“ მოკლეს. მოსკოვი და მთლიანად რუსეთი „ბესპრეძელმა“ მოიცვა და სანამ კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთს ანადგურებდნენ, რუსეთის სიმდიდრის დიდი ნაწილი, ეგრეთ წოდებულმა, „ახალმა რუსებმა“ ჩაიგდეს ხელში. ორგანიზებული დაჯგუფებების ლიდერთა ნაწილი „ახალ რუსებს“ შეეკვრნენ და უმეტესი მათგანი დღემდე ცოცხალია. ხოლო ვინც ეს არ ისურვა, ან შეკვეთილ მკვლელობას შეეწირა, ან მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში დალია სული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...