კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ მოსტაცა შვილიშვილი ქართველ კანონიერ ქურდს

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გატაცება

ზორბეგ კაშია ცნობილი კანონიერი ქურდი იყო. „შავ სამყაროში“ ის „ზორბეგას“ მეტსახელით იყო ცნობილი. კაშია პროფესიონალი „მედვეჟატნიკი“, ანუ სეიფების მძარცველი იყო და 55 წლის ასაკში 18 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. „ზორბეგა“ სამჯერ იყო ნასამართლევი და შესაბამისად 4, 6 და 8 წელი ჰქონდა მისჯილი. კაშია დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში და მის სიტყვას დიდი წონა ჰქონდა. მესამე პატიმრობიდან „ზორბეგა“ 1972 წელს გათავისუფლდა, მშობლიურ თბილისში დაბრუნდა და ცოლ-შვილთან, რძალთან და 6 წლის შვილიშვილთან ზორბეგთან ერთად პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა. კაშიას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ „მედვეჟატნიკობისთვის“ თავი დაენებებინა და მთელი თავისი ენერგია ოჯახისკენ მიემართა. „ზორბეგას“ ქურდული სალაროდან წილი ეკუთვნოდა და კოლეგებისგან ყოველთვიურად საკმაოდ მსუყე თანხასაც იღებდა.

კაშია პატიმრობიდან სულ რაღაც 5 თვის გათავისუფლებული იყო, როდესაც ერთ დილას მას ტელეფონზე დაურეკეს და მამაკაცის უცნობმა ხმამ უთხრა:

– „ზორბეგა“, „პადიეზდში“ გადი. ფოსტის ყუთიდან პაკეტი ამოიღე, წაიკითხე და ისე მოიქეცი, როგორც იქ წერია. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი სეხნია შვილიშვილის სხეულის ნაწილებს გამოგიგზავნიო.

კაშიას მთელი სხეული აუცახცახდა. ფოსტის ყუთიდან პაკეტი ამოიღო, გაშალა და შიგნით წერილი აღმოაჩინა. კუთხოვანი ასოებით შედგენილ წერილში ეწერა, რომ პატარა ზორბეგი გატაცებული იყო და თუ მისი ცოცხლად დაბრუნება სურდა, მაშინ კიროვის ქუჩაზე მდებარე საუველირო მაღაზია უნდა გაეძარცვა. ნაძარცვი ნივთები კი მითითებულ ადგილზე მიეტანა, რომლის კოორდინატებსაც მოგვიანებით შეატყობინებდნენ. იქვე იყო დახაზული საიუველირო მაღაზიის ზუსტი სქემა – სეიფების განლაგება და მათი რაოდენობა. ანონიმი ძარცვისთვის ერთ კვირას იძლეოდა და თუკი „ზორბეგა“ მაღაზიას არ გაძარცვავდა, ბავშვის მოკვლით იმუქრებოდა. კაშია რომ წერილის შინაარსს გაეცნო, ტელეფონმა კვლავ დარეკა და იმავე ხმამ იკითხა:

– გაეცანი წერილს?

– კი.

– მერე?

– თანახმა ვარ, მაგრამ შეიძლება, ერთი კვირა არ მეყოს.

– თუ შენი შვილიშვილი გიყვარს, გეყოფა. საქმეს შეუდექი! ერთ კვირაში დაგირეკავ და ღმერთმა არ ქნას, რომ ეს საქმე არ გააკეთო – თქვა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.

ურყევი გადაწყვეტილება

კიროვის ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზია ერთი კვირის შემდეგ პირწმინდად გაიძარცვა და მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობდა. როგორც გაირკვა, ორი უზარმაზარი სეიფიდან 86 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი სამკაულები გაიტაცეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ მძარცველი მაღაზიაში სარდაფიდან შეიპარა და სიგნალიზაცია დაბლოკა. შემდგომ კი სეიფები სპეციალური „ატმიჩკებით“ გააღო, ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილი იმავე გზით დატოვა. ძარცვა კვირა დილით მოხდა, როდესაც მაღაზია დაკეტილი იყო და ძარცვის შესახებ მხოლოდ ორშაბათ დილას, 24 საათის შემდეგ გახდა ცნობილი. ოპერატიულმა ჯგუფმა „ზორბეგას“ სახლში მიაკითხა და მილიციის სამმართველოში დაკითხვაზე წაიყვანეს. მაგრამ, მალევე გაათავისუფლეს. იმავე საღამოს კაშიას უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და უთხრა:

– შენი სახლის პირდაპირ რომ გასტრონომია, მის წინ ნაგვის ურნას პაკეტი აქვს მიკრული, აიღე და შიგთავსს გაეცანი.

„ზორბეგა“ უცნობის მორიგ წერილს გაეცნო. იქ ეწერა, რომ ნაძარცვი ძვირფასეულობა ცელოფნის პარკში მოეთავსებინა. შემდგომ ფეხით გაევლო პლეხანოვის გამზირი მუშტაიდის პარკის მიმართულებით და შესასვლელთან მდგომი „მოსკვიჩის“ საბარგულში ჩაედო და უკანმოუხედავად დაბრუნებულიყო სახლში. თუკი ყველაფერი სუფთად იქნება, შენი შვილიშვილის ადგილსამყოფელს ტელეფონით შეგატყობინებო, – ასე მთავრდებოდა უცნობის წერილი.

კაშიამ ზუსტად შეასრულა ყველაფერი და როგორც კი ნაძარცვი ძვირფასეულობა „მოსკვიჩის“ საბარგულში მოათავსა, მანქანა ადგილს მოსწყდა. „ზორბეგი“ კი სახლში დაბრუნდა და მოუთმენლად ელოდა სატელეფონო ზარს უცნობისგან. დაახლოებით, ორი საათის შემდეგ, ზორბეგ კაშიას ბინაში მილიციის ორი ოპერატთანამშრომელი მივიდა და შვილიშვილი მიუყვანა.

საქმე კი ის იყო, რომ „ზორბეგა“ პირველივე დღეს მოსკოვში გაფრინდა და მოსკოვის მილიციის უფროსს ყველაფერი მოუყვა და დახმარება სთხოვა. საიუველირო მაღაზია კაშიამ მართლა გაძარცვა და ამის შესახებ თბილსელმა მილიციელებმა არაფერი იცოდნენ, რადგან იმის საშიშროება იყო, რომ გამტაცებელი შესაძლოა, მილიციელი ან მასთან შეკრული ადამიანი ყოფილიყო და ასეც მოხდა... ანონიმი მილიციის მაიორი ლევან რაზმაძე აღმოჩნდა, რომელიც საუველირო მაღაზიის სექციის გამგის, აზა რაზმაძის ძმა იყო და სწორედ და-ძმამ დაგეგმა ეს დანაშაული. მოსკოველ ოპერებს ტელეფონის პაკეტში „რადიომაიაკი“ ჰქონდათ ჩამონტაჟებული და სწორედ ამის საშუალებით დაასხდნენ კუდზე ლევან რაზმაძეს და ის მცხეთაში, აგარაკების ტერიტორიაზე აიყვანეს. მას სწორედ იქ ჰყავდა დამწყვდეული პატარა ზორბეგ კაშიაც. და-ძმას 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხეში გაამწესეს. 2 თვის შემდეგ ლევან რაზმაძემ საკანში თავი ჩამოიხრჩო. „ზორბეგამ“ კი ქურდული „სხოდკა“ შეკრიბა და მოითხოვა, არაქურდული საქციელის გამო მისთვის ტიტული აეყარათ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები ცდილობდნენ, გადაერწმუნებინათ, „ზორბეგამ“ თქვა: ჩაშვება, ჩაშვებაა, არაქურდული საქციელიაო და თავისას მაინც მიაღწია.

კაშიამ 85 წლამდე იცოცხლა. მისი შვილიშვილი კი დღეს ცნობილი ბიზნესმენია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა