კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ გაქურდა ცნობილი საბჭოთა ცირკის მსახიობის ბინა მოსკოვში

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 19.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ციკლობის თვალი“

სახელგანთქმული საბჭოთა ცირკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ირინა ბუგრემოვა არა მარტო მტაცებელი ცხოველების მოთვინიერებით იყო ცნობილი, არამედ ძვირფასი სამკაულების კოლექციითაც. 1976 წლის მაისის ერთ საღამოს წარმოდგენიდან სახლში დაბრუნებულმა ბუგრემოვამ აღმოაჩინა, რომ მისი კოლექციიდან დაკარგული იყო უძვირფასესი კულონი, რომელიც მას პარიზში ჰქონდა ნაყიდი. კულონი ბრილიანტებით იყო მოჭედილი. შუაში კი მას ხუთკარატიანი ლალი ჰქონდა ჩასმული. ნამუშევარი მე-17 საუკუნეში იყო შესრულებული და მას „ციკლოპის თვალს“ უწოდებდნენ. სანამ მილიციას გამოიძახებდა, ბუგრემოვამ გულდასმით დაათვალიერა თავისი კოლექცია და აღმოაჩინა, რომ არანაკლები ღირებულების სამკაულებს შორის მხოლოდ „ციკლოპის თვალი“ იყო წაღებული. შემთხვევის ადგილზე მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს საგამოძიებო ჯგუფი მივიდა და იქაურობა ყურადღებით მოიკვლიეს. მომთვინიერებელს ჩვენება ჩამოართვეს და ბუგრემოვამ მაიორ კოკა რუსაძეს უთხრა: ერთი კვირის წინ, წარმოდგენის შემდეგ ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცი მეწვია და მითხრა, რომ სერიოზული ხალხი ჩემი „ციკლოპის თვალით“ დაინტერესდნენ და მზად არიან, მასში 30 ათასი მანეთი გადაიხადონო. ფულს იქვე მიტოვებდა და მითხრა, კულონის წასაღებად ხვალ გამოვივლითო. თუმცა, მას მერე, რაც ჩემგან სასტიკი უარი მიიღო, ირონიით შემომხედა და წავიდა. აშკარა იყო, რომ ადგილი ჰქონდა შეკვეთილ ქურდობას. რუსაძემ ცირკში ვიზიტორის სავარაუდო ფოტორობოტი შეადგინა და ოპერჯგუფი მუშაობას შეუდგა.

შემსრულებელი

მაიორი კოკა რუსაძე შესანიშნავად იცნობდა მოსკოვის „შავ სამყაროს“ და მისი ხელქვეითები, ერთი მხრივ, ცირკში მისულ ვიზიტორს ეძებდნენ, მეორე მხრივ კი, ყველა „დომუშნიკი“ (ბინის ქურდი) დააკავეს, რომლებიც შეკვეთებზე მუშაობდნენ. მათი ბინები გაჩხრიკეს და ერთ-ერთს, სტეპან ლოვჩევს 35 ათასი მანეთი აღმოუჩინეს. ლოვჩევმა აღიარა, რომ ბინიდან სამკაული მან წამოიღო. „ციკლოპის თვალი“ მას ფოტორობოტზე აღბეჭდილმა მამაკაცმა შეუკვეთა და სურათიც მან მისცა. ლოვჩევის თქმით, მან მამაკაცის არც სახელი იცოდა და არც გვარი. ფულზე კი ამბობდა, ისიც იმ ბინიდან წამოვიღეო. მაგრამ, როდესაც რუსაძემ უთხრა, დანარჩენი ძვირფასეულობაც რატომ არ მოიპარეო, ლოვჩევი დადუმდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მაიორს უთხრა: 30 ათასი მანეთი იმ სამკაულის სანაცვლოდ უნდა დამეტოვებინა. 5 ათასი მანეთი კი ჩემი გასამრჯელოა. ამდენი ფული რომ დავინახე, გონება დამებინდა და ფული არ დავტოვე. მაგრამ სხვა სამკაულებს ხელი არ ვახლე, რადგან შემეშინდა, რომ დამიჭერდნენო. ლოვჩევისვე თქმით, ძვირფასი სამკაული მან იმ კაცს მისცა, ვინც ფოტორობოტზე იყო აღბეჭდილი. ქურდი მოსკოვის მილიციის ციხეში ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს, მაგრამ, დილით რომ იქ გამომძიებელი მივიდა, ლოვჩევი ჩამომხრჩვალი დახვდა. კოკა რუსაძე დარწმუნებული იყო, რომ ლოვჩევი მოკლეს. ქართველ მაიორს არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ ფოტორობოტზე აღბეჭდილი მამაკაცი მხოლოდ და მხოლოდ შუამავალი იყო. ხოლო შემკვეთი კი – ძალიან გავლენიანი ადამიანი.

ბრილიანტების დედოფალი

მაიორი კოკა რუსაძე ზომაზე მეტად აზარტული ადამიანი იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ქართველი მაძებრის კარიერაში გაუხსნელი საქმეები ან ბოლომდე გამოუძიებელი დანაშაული არ არსებობდა. რუსაძე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულს „დამწვრის სუნი“ ასდიოდა, მაინც ჩვეული პროფესიონალიზმით მიუდგა. ფოტორობოტზე აღბეჭდილი პიროვნება 29 წლის ანტონ ბიბა აღმოჩნდა. ის პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო და პუშკინის სახელობის მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა. მოსკოვის კრიმინალურ წრეებში კი მას იცნობდნენ, როგორც ძვირფასეულობისა და ანტიკვარული ნივთების „მშოვნელს“, რომელსაც ახლო კონტაქტები ჰქონდა მოსკოვური ბომონდის უმაღლეს წრეებში. მოსკოვური ბომონდი კი გარდა ცნობილი მსახიობებისა და ხელოვნების დამსახურებული წარმომადგენლებისა, ეგრეთ წოდებული, „ოქროს ხალხისგან“ შედგებოდა, ანუ საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის შვილებისა და მათი უახლოესი ნათესავებისგან. ამიტომ ბიბას, რომელიც დიდი ფულის პატრონი იყო, ქურდები წილის მოსათხოვად სათოფეზეც კი არ ეკარებოდნენ. რუსაძემ ბიბა „ლიტერატორის სახლის“ რესტორნის შესასვლელთან შეაჩერა. სწორედ იქ იკრიბებოდა ზემოხსენებული ბომონდი. ქართველმა მაიორმა ბიბას თავისი პირადობის დამადასტურებელი, პოლიციის წითელი წიგნაკი უჩვენა და თავაზიანად უთხრა:

– ანტონ ივანოვიჩ, გთხოვთ, გამოგვყვეთ, თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს.

– სრულ ჭკუაზე ხარ, მაიორო? რა კითხვები? გამატარე და აქედან მოუსვი, – ირონიით უთხრა ბიბამ რუსაძეს და გავლა სცადა.

რუსაძემ ბიბას მაჯაში ჩაავლო ხელი, გაბრაზებით შეხედა და კბილებში გამოსცრა:

– ნუ მაიძულებთ, ბიბა, რომ თქვენ წინააღმდეგ ძალა გამოვიყენო და ხელბორკილები დაგადოთ. არ გირჩევთ უხეშობას.

ბიბა „მურში“ გაჰყვა რუსაძეს და მის კითხვებზე უპასუხა. ქართველ მაიორს ლოვჩევის ჩვენება კინოფირზე ჰქონდა გადაღებული, სადაც ქურდი ფოტორობოტზე გამოსახულ ბიბაზე ამბობა: ამ კაცმა გადმომცა სამკაულის სურათი, ქურდობა შემიკვეთა და როცა სამკაული მივუტანე, 5 ათასი მანეთი მომცაო. მიუხედავად იმისა, რომ ბიბა ირონიით ვეღარ ექცეოდა რუსაძეს, ის კატეგორიულად უარყოფდა ყველაფერს და ჩამომხრჩვალი ლოვჩევის ჩვენებას სიცრუეს უწოდებდა. რუსაძემ დაკითხვის ოქმი შეადგინა და მას მერე, რაც ბიბამ მას ხელი არ მოაწერა, მაიორმა ის საკანში გაამწესა. თუმცა, გამთენიისას, გენერლის ბრძანებით, ბიბა „მურის“ საკნიდან გაუშვეს. რუსაძე კი თავად გენერალმა „მურის“ უფროსმა დაიბარა, დაავლა, რომ საქმე სხვისთვის გადაებარებინა, თან უთხრა: უმორჩილესი თხოვნა მაქვს, რომ ეს საქმე სამუდამოდ დაივიწყო. მისით თავად ბრილიანტების დედოფალია დაინტერესებული და ბუგრემოვაც აღარ ჩივისო. ბრილიანტების დედოფალს ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილს, გალინა ბრეჟნევას უწოდებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა