კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ აპირებდა ნიკიტა ხრუშჩოვის აფეთქებას „დიდ თეატრში“

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 28.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საიდუმლო ოპერაცია

1956 წლის 13 მაისი კვირა დღე იყო. საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური სახლში იმყოფებოდა და მეუღლესთან ერთად ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად ემზადებოდა. დილის ცხრა საათზე „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სამთავრობო, კოდირებული ტელეფონი) დარეკა. ინაურმა ყურმილი აიღო და უპასუხა:

– გისმენთ.

– ალექსი ნიკოლაევიჩ, სეროვი ვარ, – მოესმა ინაურს, თავისი უშუალო უფროსის, საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარის, ივანე სეროვის ხმა.

– გამარჯობა, ივან ალექსანდროვიჩ. გისმენთ, – თქვა ინაურმა.

სეროვმა ტონი გაამკაცრა და თქვა:

– ამხანაგო გენერალო, სულ მალე თქვენთან ჩემი წარმომდგენელი პავლე კლიმენკო ჩამოვა და საქმის კურსში შეგიყვანთ. აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს!

– გასაგებია, – თქვა ინაურმა.

– ნახვამდის, – მიუგო სეროვმა და კავშირი გათიშა.

„კაგებეს“ ცენტრალური აპარატის თანამშრომელი, პოლკოვნიკი პავლე კლიმენკო მოსკოვიდან 1956 წლის 13 მაისს, დილის 10 საათზე ჩამოფრინდა. თბილისში მას პირადად ალექსი ინაური დახვდა და კომიტეტში მიიყვანა. მოსკოველმა პოლკოვნიკმა კი გენერალ ინაურს უთხრა:

– ანტისაბჭოთა ელემენტების გამოვლენის მიზნით ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში საიდუმლო ოპერაციებს ვატარებთ. შემდეგი ნაბიჯი კი ანტისაბჭოური იატაკქვეშა ორგანიზაციის შექმნა, მასში ხალხის მოზიდვა და დაპატიმრებაა. მე საქართველოზე ვარ მომაგრებული და ამ მისიით გამომგზავნეს. თქვენი ამოცანაა, ყოველმხრივ დამეხმაროთ ამ საქმეში.

– გასაგებია. რა არის საჭირო? – იკითხა ინაურმა.

კლიმენკომ კი მიუგო:

– ქართველი თანაშემწე მინდა, რომელიც ჩემს ინსტრუქციებს შეასრულებს.

ინაურმა კლიმენკოს კონტრდაზვერვის მაიორი, 30 წლის მერაბ იშხნელი გააცნო და უთხრა:

– ეს ჩვენი გამოცდილი მუშაკია და შეგიძლიათ, ნებისმიერი დავალება მისცეთ.

ორგანიზაცია „იბერია“

მაიორმა მერაბ იშხნელმა პავლე კლიმენკოს კურატორობით ცრუ ანტისაბჭოთა ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც „იბერია“ უწოდეს. საქართველოს კონტრდაზვერვის ქვედანაყოფი ძალიან ეფექტურად მუშაობდა და სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში „იბერიაში“ უკვე ათასი წევრი ირიცხებოდა. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც 1956 წლის 8 მარტის სისხლიან ჟლეტას გადაურჩნენ და რუსეთის განადგურებაზე ოცნებობდნენ, ანუ მზად იყვნენ, რომ იდეისთვის თავი გაეწირათ. ძირითადი მოტივი კი (თუნდაც მცდარი) ის იყო, რომ ხრუშჩოვმა სტალინი შეურაცხყო და ეს მათ ეროვნულ დამცირებად მიიჩნიეს. მაიორიც ანტისაბჭოელების პოზიციას იზიარებდა და მიაჩნდა, რომ ხრუშჩოვმა სტალინი აქედან გამომდინარე კი, ქართველი ერი დაამცირა, მაგრამ ის უშიშროების ოფიცერი იყო და დისციპლინას უნდა დამორჩილებოდა... ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა. „იბერიას“ პროკურორი თემურ ნაკაშიძე ჩაუდგა სათავეში. თავისი სტუდენტები შემოიკრიბა და ისინი სტრუქტურულად დაასაქმა. ნაკაშიძის „სტუდენტი“ იყო მერაბ იშხნელიც, რომელსაც პროფესორმა საბრძოლო ჯგუფების მეთაურობა დაავალა და უთხრა:

– მოვა დრო და ჩვენ გავიმარჯვებთ. მანამდე კი კოლოსალური სამუშაო უნდა ჩავატაროთ და შენ ერთ-ერთი მთავარი როლი, ჩვენი მებრძოლების მომზადება გევალებაო.

იშხნელის ამოცანა იყო „იბერიის“ საბრძოლო მასალებით მომარაგება, მისი წევრების იარაღით აღჭურვა და მებრძოლთა მომზადება.

ჩაშლილი გეგმა

„იბერიის“ საქმიანობის მთავარ კურატორს, პოლკოვნიკ კლიმენკოს პროფესორ ნაკაშიძესთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. 1957 წლის თებერვალში იშხნელის მიერ მომზადებული მებრძოლები და იარაღი მოსკოვში გადაისროლეს. იშხნელმა ამის შესახებ შემთხვევით შეიტყო 19 წლის ივანე გოცირიძესთან, რომელიც ავად გახდა, თბილისში დარჩა და იშხნელს უთხრა:

– ჩვენები მოსკოვში გაემგზავრნენ. ალბათ, აქცია უნდა ჩაატარონ და სამწუხაროა, რომ ავადმყოფობის გამო მონაწილეობას ვერ მივიღებო.

მაიორი იშხნელი მიხვდა, რომ კლიმენკომ ის „მოტეხა“, ანუ ინფორმაცია არ შეატყობინა. ამან ქართველ კონტრმზვერავში საფუძვლიანი ეჭვი წარმოშვა. სასწრაფოდ ინაურს დაურეკა და მოატყუა, რომ მძიმედ იყო ავად და ბიულეტენზე გადიოდა. სინამდვილეში კი, მოსკოვში გაემგზავრა. იშხნელმა იცოდა კონსპირაციული ბინების მისამართები, პაროლები და საბჭოთა დედაქალაქში ყველა მისამართზე მივიდა. მაიორი კლიმენკო ძველ არბატზე მოიხელთა, გაკოჭა, პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა:

– აშკარაა, რაღაც გრანდიოზულ პროვოკაციას გეგმავთ. ამოღერღე, პოლკოვნიკო, თორემ ტვინს გაგასხმევინებ!

კლიმენკო თავიდან ჯიუტობდა, თუმცა შემდეგ გატყდა და იშხნელს უთხრა:

– სეროვის სპეცდავალებას ვასრულებთ. „დიდი თეატრის“ შესასვლელთან ხრუშჩოვზე თავდასხმა უნდა მოხდეს... როდესაც ტერორისტი ხრუშჩოვის ორეულს ააფეთქებს, მთელ თქვენს ქართულ „იბერიას“ შევიპყრობთ და გამოვააშკარავებთ.

იშხნელი მიხვდა, რომ ყველაფერს დრო წყვეტდა და კლიმენკოს ჰკითხა:

– ამფეთქებელი ვინაა?

– პროფესორი ნაკაშიძე, – მიუგო კლიმენკომ.

მერაბ იშხნელს სხვა გზა აღარ დარჩენოდა და უკიდურეს ზომას მიმართა – 1957 წლის 23 თებერვალს მაიორმა მოსკოვის „დიდი თეატრის“ სამთავრობო შესასვლელთან ქართველი პატრიოტი, პროფესორი თემურ ნაკაშიძე მოკლა, რომელსიც ნიკიტა ხრუშჩოვის აფეთქებას აპირებდა.

„კაგებეს“ ამ პროვოკაციის განეიტრალებით იშხნელმა ქართველი ერი დიდი უბედურებისგან იხსნა. თუმცა, კოლეგებმა იშხნელი ოპერაციის ჩაშლისთვის საგიჟეთში მოათავსეს, სადაც ის ჯალათმა ფსიქიატრებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი