კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ აფეთქებდა ბერლინი-ლონდონის ავიარეისს

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.12

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„სპეციალისტი“

ჯამბულ კობეშავიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 8 წელიწადის განმავლობაში მუშაობდა და წამყვანი მესანგრე იყო. ჯამბულს, რომ იტყვიან, თვალდახუჭულს შეეძლო ნებისმიერი ნაღმის განეიტრალება. მას, ასევე, ნებისმიერი ნაღმის დამზადება და დამონტაჟებაც ეხერხებოდა. ამის გამო კობეშავიძეს კოლეგებმა მეტსახელად „სპეციალისტი“ შეარქვეს, სელვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირის მიხედვით. ჯამბულმა სამსახურის პერიოდში ორ ავღანურ მისიაშიც მიიღო მონაწილეობა და სპეციალური მადლობებიც დაიმსახურა ამერიკელი პარტნიორებისგან. თუმცა, კობეშავიძეს მხოლოდ მადლობა არ აკმაყოფილებდა. მას ფული სჭირდებოდა და ხელმძღვანელობას ხელფასის მომატების განცხადებითაც მიმართა. თუმცა, უარი მიიღო. განაწყენებულმა ჯამბულმა პატაკი დაწერა. საკომპენსაციო თანხა აიღო და სამსახურიდან წამოვიდა. ეს ფული კობეშავიძემ დოლარებში გადაახურდავა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. ჯამბულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დიდი „მაყუთის“ შოვნა და როგორც თვითონ ამბობდა, „გემოზე“ ცხოვრება. მან ნახევარი ევროპა შემოიარა და ბოლოს გერმანიაში დასახლდა. იქ ხან ერთ სამსახურში მუშაობდა, ხან მეორეში, მაგრამ სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწია და გეგმბებში კორექტივები შეიტანა.

ბარონესა

ჯამბულ კობეშავიძეს მობეზრდა ფიზიკურად შრომა და გადაწყვიტა, მდიდარი საცოლე მოეძებნა და მასზე დაქორწინებულიყო. მაშინ ჯამბული 30 წლის იყო. ჯან-ღონით სავსე, გარეგნობასაც ვერ დაუწუნებდით და წელიწად-ნახევრიანი „ხლაფორთის“ შემდეგ მიაღწია კიდეც მიზანს. მან 49 წლის ქვრივი ქალი, არისტოკრატი, ბარონესა ირენ ფონ რუნელსბურგი გაიცნო. ირენს დიდძალი ქონება ჰქონდა და ამასთანავე, საკმაოდ ცნობილი იყო ევროპულ არისტოკრატულ წრეებში. კობეშავიძემ იმდენი მოახერხა, რომ ბარონესა ფონ რუნელსბურგი, რომელიც მას ასაკით ლამის დედად ეკუთვნოდა, ქორწინებაზე დაითანხმა. ასაკის მიუხედავად, ირენი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ქალი თავს უვლიდა, ვარჯიშობდა, დიეტას იცავდა და არაფერს იკლებდა. თუმცა, დრო გადიოდა და ჯამბულს ახალგაზრდა ქალები მოუნდა და ბარონესას ფულით რამდენიმე საყვარელი გაიჩინა. მერე კი ირენი მისთვის ზედმეტი ტვირთი გშახდა. ამიტომ ჯამბულმა ბარონესას მოშორებისა და მისი ქონების ხელში ჩაგდების გზების ძიება გადაწყვიტა. ბარონესა კი კმაყოფილი იყო ახალგაზრდა ქმრით, ჯამბული მას საჩუქრებით, სიურპრიზებით ანებივრებდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ქმარი სასიკვდილო სიურპრიზს უმზადებდა. სამწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ ჯამბულ კობეშავიძეს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა თავისი ჯოჯოხეთური გეგმის განსახორციელებლად.

ჩემოდანი

ივნისის დასაწყისში ბარონესა ირენ ფონ რუნელსბურგი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ბუკინჰემის სასახლეში დაპატიჟა. იქ ევროპის ძველი არისტოკრატული ოჯახები იყვნენ მიწვეული და ირენს მეუღლესთან ერთად უნდა გაემართა ეს პრესტიჟული ვოიაჟი. ბარონესამ საგანგებოდ შეუკვეთა ძვირფასი კაბა თავისთვის და შესაბამისი სამოსი ჯამბულისთვის. თუმცა, ბოლო მომენტში კობეშავიძემ მეუღლეს განუცხადა, რომ გრიპის საშინელი ვირუსი მეწყება და ლონდონში გამგზავრებას ვერ მოვახერხებო. ჯამბულს ვირუსის ყველა ნიშნები სახეზე ჰქონდა – ცემინება, თვალები და მთელი სახე დასიებოდა და ლოგინიდან არ დგებოდა. ირენმა თქვა, რომ ლონდონში ისიც არ გაემგზავრებოდა, მაგრამ კობეშავიძემ დააძალა: ძვირფასო, ასეთი შეკრების გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რას იტყვის ევროპული არისტოკრატია. ბრიტანეთის დედოფალს კი ჩემგან ბოდიში მოუხადე და მხურვალე სალამი გადაეციო. ბარონესა აეროპორტში გაემგზავრა. გორგოლაჭებიანი ჩემოდანი ბარგში ჩააბარა. თვითმფრინავის სალონში კი მხოლოდ პატარა ხელჩანთა აიტანა და ბერლინი-ლონდონის ავიარეისის აფრენას დაელოდა. თუმცა, რეისის გამგზავრება ჭიანურდებოდა. შემდგომ კი ავიალაინერის მგზავრების ევაკუაცია გამოაცხადეს და ბარონესა, სხვა მგზავრებთან ერთად, აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს. ნახევარი საათის შემდეგ კი ხმა გავრცელდა, რომ ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში ბომბი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ბომბიანი ჩემოდანი ბარონესა ირენ ფონ რუნელსბურგს ეკუთვნოდა.

განაჩენი

ბერლინი-ლონდონის ავიარეისის გაფრენის წინ შემოწმება ახალი წესების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც სულ რაღაც, სამი დღის წინ მიიღეს და ხალხისთვის ეს ინფორმაცია ჯერ არ გაეცნოთ. შემმოწმებლებმა სატვირთო განყოფილებაში ძაღლი შეუშვეს და ლაბრადორმა, სახელად „ადოლფმა“ ყნოსვით აღმოაჩინა დანაღმული ჩემოდანი. ბარონესას დაკითხვისას ყველაფერს ნათელი მოეფინა და აშკარა იყო, რომ ჩემოდანი ჯამბულ კობეშავიძემ დანაღმა. მალევე ეს ამბავი ჟურნალისტებმა ტელევიზიით გააშუქეს. მართალია, მათ არც ბარონესა უხსენებიათ და არც მისი ქმარი, მაგრამ ჯამბული მიხვდა, რომ მას დააპატიმრებდნენ და გაიქცა. თან წაიღო 11 ათასი ევრო და ძვირფასი სამკაულები. კობეშავიძეზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა და ის 36 საათის შემდეგ ჰამბურგში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთ რუსულ გემზე აპირებდა ასვლას. კობეშავიძე გაასამართლეს და მას 35-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც დღემდე იხდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი