კრიმინალური ისტორიები

სად ფუნქციონირებდა გარყვნილების ბუდე თბილისში

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 19.06

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

 

თვითმკვლელობა

გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაიორმა, ივანე ვაშალომიძემ ქალაქის ცენტრში თავი მოიკლა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მილიციის მაიორის ფორმაში გამოწყობილმა გამოცდილმა ოპერმუშაკმა ლენინის მოედანი პუშკინის სკვერის მხრიდან გადაჭრა და ლენინის ძეგლის ქვეშ შეჩერდა. შემდეგ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო და ორი ტყვია ჰაერში გაისროლა, მესამე კი საფეთქელში დაიხალა და ადგილზევე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი საბჭოთა პროპაგანდა საგულდაგულოდ ჩქმალავდა ამ ამბავს, ეს შემთხვევა ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ხალხში. ეს არც იყო გასაკვირი. რადგან, ამ ამბავს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. თუმცა, ამ სუიციდის ნამდვილი მიზეზი მხოლოდ ვაშალომიძემ იცოდა და რამდენიმე მისმა კოლეგამ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მის გვერდით. ამ ამბავთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა, რაც უხეში დარღვევა იყო. ყველაფერი ფორმალური მოკვლევით შემოიფარგლა და მიიჩქმალა.

იდეური ოპერი

მაიორმა ივანე ვაშალომიძემ მილიციაში მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო და მაღალი კლასის პროფესიონალად ჩამოყალიბდა. მაიორი ვაშალომიძე, ეგრეთ წოდებულ, პროსტიტუცია-ნარკომანიის განყოფილებაში მუშაობდა და პატიოსნად უძღვებოდა თავის საქმეს. ივანე იდეურ თანამშრომლად მიიჩნეოდა. მისთვის მიუღებელი იყო მექრთამეობა, ბოროტმოქმედების მიჩქმალვა და დამნაშავისთვის ხელის დაფარება ფულის სანაცვლოდ. ის დღე და ღამე მუხლჩაუხრელი შრომობდა. ყოველგვარი შიშისა და ანგარების გარეშე ემსახურებოდა ადამიანებს. მას იდეურად სწამდა, რომ ამით ადამიანების, პატიოსანი მშრომელების უსაფრთხოებას იცავდა და ამაყობდა ამით. კოლეგებს შორის კი მაიორი არაერთგვარი რეპუტაციით სარგებლობდა. პატიოსანი მილიციელებისთვის ის სამაგალითო კოლეგა იყო. მექრთამე თანამშრომლებს კი ჭირივით ეშინოდათ მისი და გაურბოდნენ. ნიშანდობლივია ის, რომ ვაშალომიძის სუიციდის ნამდვილი მიზეზის დასამალად გაავრცელეს ხმები, თითქოს მაიორს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა, სინამდვილეში ვანო ვაშალომიძე აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო.

მოულოდნელი აღმოჩენა

თვითმკვლელობამდე ექვსი თვით ადრე მაიორი ვაშალომიძე ვინმე სერგო ღურჭუმელაშვილს დააჯდა კუდზე. ღურჭუმელაშვილი გაურკვეველი პროფესიის ადამიანი იყო. არსად მუშაობდა და მხოლოდ გაფორმებული იყო თბილისის ერთ-ერთ ქარხანაში მუშად. თუმცა, ის ძალიან მდიდრულად ცხოვრობდა. ჰქონდა დიდი ბინა ვაკეში, ანტიკვარული და ძვირად ღირებული ნივთები, ჰყავდა ავტომობილი „ვოლგა“. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ღურჭუმელაშვილი ნარკომოვაჭრე იყო. ის ყიდდა მორფს, ოპიუმს, მარიხუანას და თითქმის ყველა ნარკოტიკს, რაც იმ პერიოდში საქართველოში შემოდიოდა. ღურჭუმელაშვილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ოსტატურად ინიღბებოდა და მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ იმ ადამიანებმა იცოდნენ მილიციაში, ვისაც ის ფულს უხდიდა და „კრიშავდნენ“. ვაშალომიძემ კი ნარკომოვაჭრის შესახებ ერთ-ერთი აგენტი ნარკომანისგან შეიტყო და სწორედ ამის მერე დააჯდა მას კუდზე. თუმცა, ამის შესახებ მაიორს არც თავისი უფროსებისთვის უცნობებია, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ გამოძიებაში ხელს შეუშლიდნენ. ვაშალომიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა, უტყუარი სამხილები შეეგროვებინა და მხოლოდ ამის მერე დაეპატიმრებინა ნარკომოვაჭრე, რათა მის მფარველებს ღურჭუმელაშვილის დახსნა ვერ შეძლებოდათ. მაიორმა სამხილების მოპოვების პროცესში მოულოდნელი რამ აღმოაჩინა. თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული რაიონის კერძო სახლში არალეგალური სამორინე ფუნქციონირებდა. იქ იყო განთავსებული პატარა კაზინო, ბანქოს სათამაშო მაგიდა და ბორდელი, სადაც სპეციალურად რუსეთიდან ჩამოყვანილი მეძავები მუშაობდნენ. მაიორი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ იქვე ფუნქციონირებდა მამათმავლებისთვის განკუთვნილი შეხვედრების ოთახი. ანუ ყველა მასტის ადამიანისთვის განკუთვნილი სიამოვნება. ყველაფერთან ერთად იქ იყიდებოდა ღურჭუმელაშვილის მიერ მიწოდებული ნარკოტიკები. მაიორი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როცა შეიტყო, რომ იმ სახლში იკრიბებოდნენ იმ დროის ქართული ელიტის ნაწილი – გეები, ლესბოსელები, აზარტული მოთამაშეები და მექალთანეები. მაიორმა იქ შეკრებილი მთელი აუდიო და ფოტომასალა პირდაპირ ცენტრალურ კომიტეტში მიიტანა და პარტიულ მაღალჩინოსანს დახმარება სთხოვა ამ დანაშაულის მხილებაში. თუმცა კატეგორიული უარი მიიღო, რასაც მუქარა მოჰყვა. სწორედ ამის მერე გადაწყვიტა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაემთავრებინა. მაიორის საწერ მაგიდაზე მისი ხელით დაწერილი ბარათი დარჩა, რომელშიც ეწერა: „ამ ქვეყანას ვერაფერი გაასწორებს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა