კრიმინალური ისტორიები

სად გაქრა ყოფილი ქართველი „ჩეკისტი“, რომელსაც „კაგებე“ უთვალთვალებდა

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 03.11, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ყოფილი „ჩეკისტი“

1974 წლის აპრილში თხუთმეტწლიანი პატიმრობიდან თბილისში 54 წლის აბესალომ (აბო) ბადრიძე დაბრუნდა. ის ყოფილი „ჩეკისტი“ იყო, ლენინგრადში მსახურობდა და უფროსი ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა, როდესაც 1959 წელს, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს. 15 წელი მიუსაჯეს და გააციმბირეს. ბადრიძეს ბრალად ედებოდა ერთ-ერთი ნაფრონტალი, დამსახურებული კაცის ბიოგრაფიის ფალსიფიცირება. ყოფილი ქურდი არკადი ლოსევი ვორონცოვის გვარით ფრონტზე იბრძოდა და სამი ორდენის მფლობელიც იყო. როდესაც ომიდან დაბრუნდა, ლენინგრადში ის ერთ-ერთმა „პაძელნიკმა“ იცნო და „ჩეკაში“ „ჩაუშვა“. საქმე ბადრიძეს დააწერეს. ქართველმა ოფიცერმა კი ვორონცოვის საბრძოლო მიღწევები გამოიკვლია და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მას გვარი ჰქონოდა შეცვლილი, გაათავისუფლა, რადგან ყოფილი ქურდი უკვე პატიოსან ცხოვრებას ეწეოდა. თუმცა მომჩივანმა ბადრიძეს უჩივლა. მისი საქმე ზემდგომებმა მოიკვლიეს და ყოფილი ქურდიც ციხეში ჩასვეს და უფროსი ლეიტენანტი ბადრიძეც, რომელიც მაშინ 39 წლის იყო.

თვალთვალი

თბილისში დაბრუნებული ბადრიძე, არსებული კანონის თანახმად, აღრიცხვაზე დადგა და ვალდებული იყო, ყოველი კვირის ბოლოს მილიციაში გამოცხადებულიყო და სპეციალურ უწყისზე მოეწერა ხელი. ის მარტოხელა, უცოლშვილო იყო. არც ნათესავები ჰყავდა, ხოლო ძველმა ნაცნობ-მეგობრებმა კი მას ზურგი აქციეს, რადგან იმ პერიოდში გაბატონებული წარმოდგენებით, მასთან ნაცნობობა სახიფათოდ იყო მიჩნეული. ერთოთახიან ბინაში მცხოვრები ბადრიძე ღამის დარაჯად მოეწყო კინოთეატრ „ნაკადულში“ და 60 მანეთის ოდენობის ანაზღაურება დაენიშნა, რაც მხოლოდ კვებისთვის ჰყოფნიდა. სასჯელის მოხდის მიუხედავად, მიღებული წესების შესაბამისად, ბადრიძეს დროგამოშვებით „კაგებეც“ უთვალთვალებდა. ამ პროცესს მაშინ პროფილაქტიკური ღონისძიება ერქვა. სახელმწიფო სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ არავის ენდობოდნენ. ყოველი საბჭოთა მოქალაქე, ფაქტობრივად, ეჭვმიტანილი იყო. განსაკუთრებით კი ყოფილი „ჩეკისტი დიდსროკმოხდილები“. ასე რომ, უშიშროებამ თითქმის წუთობრივი სიზუსტით უწყოდა ყოფილი „ჩეკისტის“ ყველა გადაადგილების შესახებ, რაც მოთვალთვალეების პატაკებში იყო აღწერილი.

საეჭვო გადაადგილება

სამსახურში მოწყობიდან ორი თვის შემდეგ „კაგებეს“ მოთვალთვალემ თავის პატაკში აღნიშნა, რომ ბადრიძემ ღამის 2 საათზე მიატოვა სამუშაო ადგილი და ვორონცოვის ხიდის გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადავიდა. შემდგომ კიდევ ასიოდე მეტრი გაიარა და მოულოდნელად გაუჩინარდა. იგივე მოთვალთვალე წერდა, რომ ღამის 4 საათზე ბადრიძე კინოთეატრ „ნაკადულის“ დარაჯის ჯიხურში იმყოფებოდა. თუმცა, რა გზით დაბრუნდა უკან, არ იცოდა. „კაგებეში“ ყოფილი „ჩეკისტის“ ღამის ვოიაჟები საეჭვოდ მიიჩნიეს და მისი თვალთვალისთვის უკვე ოპერატიული ჯგუფი გამოყვეს. უახლოესი მორიგეობის ღამეს ბადრიძემ თავისი ვოიაჟი გაიმეორა. ამჯერად „კაგებეშნიკებს“ ის მხედველობიდან არ დაუკარგავთ და დააფიქსირეს, რომ ბადრიძე კლდეების მიდამოებში არსებული ძველ გვირაბში შევიდა. ორიოდე საათის მერე კი უკან დაბრუნდა. „კაგებეში“ გაირკვა, რომ ეს იყო გაუქმებული გვირაბი, რომელიც 30-40-იან წლებში მტკვრის ქვეშ, პლეხანოვის გამზირის მიმართულებით გადიოდა. ასევე, მიემართებოდა მთაწმინდის მიმართულებითაც და „კაგებეს“ შენობას უერთდებოდა. 1954 წელს გვირაბი გააუქმეს და ჩახერგეს.

ძველი ისტორია

კონტრდაზვერვამ ძველი არქივები მოიძია. ძველი თანამშრომლები მოინახულეს და გაირკვა, რომ 1941 წლის ივლისში, ბერიას ბრძანებით, თბილისში შესანახად ჩამოიტანეს საბჭოთა ოქროს მარაგის ერთი ნაწილი, რათა მოსკოვის დაცემის შემთხვევაში ის ფაშისტებს არ ჩავარდნოდათ ხელში. ოქროს საერთო წონა 500 კილოგრამი იყო. 2-2 კილოგრამიანი ზოდები 100-100 კილოგრამად იყო დაფასოებული და თითოეულ ყუთში 50 ცალი ზოდი იდო. სულ 5 ყუთი იყო და ისინი „კაგებეს“ გვირაბში განთავსებულ ბუნკერში შეინახეს. საბუთების თანახმად, ოქროს ტრანსპორტირებაში აბესალომ ბადრიძეც მონაწილეობდა. საბუთებში ეს ფაქტი არ ფიგურირებდა, მაგრამ ერთ-ერთმა ძველმა თანამშრომელმა თქვა – მოგვიანებით ოქროს მარაგი დასავლეთ საქართველოში გადაიტანეს და აღმოჩნდა, რომ მას ერთი ყუთი აკლდა. თუმცა ეს ამბავი არ გაახმაურესო. კონტრდაზვერვაში ივარაუდეს, რომ ის 100 კილოგრამი ოქრო სწორედ ბადრიძემ მოიპარა და გადამალა. სწორედ ამისთვის დადიოდა გაუქმებულ გვირაბში მალულად, ამიტომ მასზე თვალთვალი გააძლიერეს და უნდოდათ, ბადრიძე ფაქტზე დაეჭირათ. მეექვსე მორიგეობის ღამეს ბადრიძემ ჩვეული ვოიაჟი განახორციელა. „კაგებეს“ თანამშრომლები მას გვირაბის შესასვლელთან ჩაუსაფრდნენ, თუმცა ბადრიძე არ ჩანდა. ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ „კაგებეშნიკები“ ძლიერი ფანრებით გვირაბში შევიდნენ. ოცდაათიოდე მეტრი რომ გაიარეს, წყლის ხმა მოესმათ და სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ. როგორც მალევე გაირკვა, გვირაბში სპეციალური შლუზები იყო, რომელიც ვიღაცას გაეხსნა და წყალი გამოეშვა. იმ ღამეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მილიონობით ლიტრი წყალი დაიღვარა და იძულებული გახდნენ, შლუზები ავარიულად ჩაეკეტათ. აბესალომ ბადრიძის კვალი კი სამუდამოდ დაიკარგა – არც ყოფილი „ჩეკისტი“ ჩანდა და არ მითიური ოქროს ყუთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი