როგორ შეუტია ედუარდ შევარდნაძემ მატყლის მაფიის შეფებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.03

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ძარცვა
34 წლის ეგორ ვასილიევი, ეგრეთ წოდებული, „ღამის მძარცველი“ იყო. ის ოთხჯერ იყო ნასამართლევი და საპყრობილეებში 17 წელი ჰქონდა გატარებული. მოსკოვის მილიცია მას კარგად იცნობიდა და თუკი სადმე ანალოგიური ღამის დანაშაული მოხდებოდა, პირველი ეჭვი სწორედ ეგორ ვასილიევზე მიჰქონდათ. „ღამის მძარცველი“ კრიმინალურ სამყაროში პატივისცემით სარგებლობდა და პროფესიიდან გამომდინარე, მას „ნოჩნიკი“ შეარქვეს. 1969 წლის 29 დეკემბერი იყო. „ნოჩნიკი“, სულ რაღაც, სამი კვირის გამოსული იყო მეოთხე „სროკიდან“. ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა. ქუჩაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო და თერმომეტრი მინუს 27 გრადუსს აჩვენებდა. ვასილიევი „სამუშაოდ“ იყო გასული, მაგრამ უკაცირიელ ქუჩებში ტყუილად დახეტიალობდა და უკვე სახლში დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს კრემლის საათმა დარეკა. „ნოჩნიკმა“ კი მალოკისელნი პერეულოკში შეუხვია, რომელიც წითელი მოედნიდან ასიოდე მეტრში მდებარეობდა. ამ დროს ჩაბნელებულ ეზოში ტაქსი გაჩერდა. იქიდან მამაკაცი გადმოვიდა და ერთ-ერთი სადარბაზოსკენ გაემართა. მას ხელში შავი ფერის ტყავის ჩანთა ეკავა. „ნოჩნიკმა“ თვალი მიმავალ ტაქსის გააყოლა, შემდგომ ტყავისჩანთიან მამაკაცს აედევნა. ნახევრად ჩაბნელებულ სადარბაზოში შეჰყვა, უზარმაზარი დანა მიადო ყელზე და უთხრა – ჩანთა მომეცი და უკანმოუხედავად წადი.
მამაკაცმა ცრუ მოძრაობა შეასრულა – ვითომ ჩანთას ძირს დებდა, მაგრამ მკვეთრად შეტრიალდა, „ნოჩნიკს“ ხელი მოუქნია და დანა გააგდებინა. ვასილიევი გამოცდილი „ზეკი“ იყო. მამაკაცის მოქნეული აიცდინა. შემდგომ ფეხი გამოსდო და ძირს დასცა. ფილაქანზე სისხლმა იფეთქა. „ნოჩნიკმა“ გაიფიქრა – მოვკალიო. დანას დასწვდა, შემდეგ ჩანთას დასტაცა ხელი და უკანმოუხედავად გაიქცა. „ნოჩნიკმა“ ორი შესახვევი სულმოუთქმელად გაირბინა. მესამე შესახვევში რომ შევიდა, უცებ „მურის“ პატრულმა შუქფარები მიანათა. ოთხმა მორიგე ოპერმა „ნოჩნიკი“ იარაღის მუქარით ადგილზე გააჩერა. მათ ხელბორკილები დაადეს და მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს. ჯერ „ნოჩნიკი“ გაჩხრიკეს და მხოლოდ ამის მერე გახსნეს ჩანთა. ოპერებს თვალები გადმოსცვივდათ, რადგან ჩანთა ასმანეთიანების დასტებით იყო სავსე. „ნოჩნიკი“ მილიციელებს ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს დაამატა: შემთხვევით შემომაკვდაო. პატრულმა ვასილიევი მითითებულ ადგილზე მიიყვანეს, რომ მამაკაცის ცხედარი ენახათ, მაგრამ ის იქ არ აღმოჩნდა, თუმცა ფილაქანზე შედედებული სისხლის კვალი იყო. „ნოჩნიკი“ „მურის“ საკანში მოათავსეს. ჩანთაში ორასი ათასი საბჭოთა მანეთი აღმოჩნდა და როგორც მაშინდელ კანონში ეწერა, რადგან საქმე დიდი რაოდენობის თანხას ეხებოდა, „კაგებეს“ გადასცეს.
გაქცეული კურიერი
მამაკაცი, რომელსაც „ნოჩნიკი“ დაესხა თავს, 32 წლის ვახტანგ გორგასლიძე იყო. ვახტანგი, ეგრეთ წოდებული, „მატყლის მაფიის“ კურიერი იყო, რომელსაც თბილისიდან ქრთამი მოსკოვში, მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში ჩაჰქონდა. გორგასლიძე სწორედ იმ ღამეს ჩაფრინდა თბილისიდან, როდესაც მას თავს „ნოჩნიკი“ დაესხა. გორგასლიძე თავის საყვარელთან, ელეონორა პოტიომკინასთან მიდიოდა, სადაც მოსკოვში ყოფნისას ჩერდებოდა ხოლმე. თავდასხმის მეორე დღეს გორგასლიძეს ქრთამი დანიშნულების ადგილზე უნდა მიეტანა. ახალ წელს თავის საყვარელთან შეხვედროდა და შემდგომ თბილისში დაბრუნებულიყო. თავდასხმის მერე გათიშული გორგასლიძე გონს მოვიდა და თავის საყვარელთან მისვლა მოახერხა. მას შემდეგ, რაც მოსულიერდა, ჭრილობა მოიბანა და ძალები დაუბრუნდა, საყვარელს უთხრა: ლენა, ახლავე უნდა წავიდე აქედან. დიდი ალბათობით, მილიცია მოგაკითხავს და ჩემზე კითხვებს დაგისვამენ, მაგრამ უთხარი, რომ მსგავსს არავის იცნობ და არაფერი წამოგაცდენინონო.
ვახტანგი აეროპორტში გაემგზავრა. შემდგომ კი თბილისის თვითმფრინავის ბილეთი აიღო და საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდა. ვახტანგ გორგასლიძე ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს მთავარი ტექნოლოგი იყო და მთელი შავი ფულის გამომუშავება მისი სქემით ხორციელდებოდა. საწარმოს დირექტორი სერგო ხოსრუაშვილი მას მთლიანად ენდობოდა და ფულის კურიერობაც სწორედ ამიტომ ჩააბარა. ხოსრუაშვილი იატაკქვეშა მილიონერი და არა მარტო საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. თბილისში დაბრუნებული კურიერი უთენია დაადგა თავზე ხოსრუაშვილს, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და უთხრა:
– ბატონო სერგო, დიდი ალბათობით, მილიცია ჩემს კვალზე გამოვა და უნდა გავიქრე. იმ ფულს კი აგინაზღაურებთ. ერთიანად ორასი ათასი არ მაქვს, მაგრამ რაღაც ნაწილს ფულით დავაბრუნებ, რაღაცას – ძვირფასეულობით, ხოლო ცოტა ხნის მერე აგარაკსა და ბინას გავყიდი.
– ესე იგი, ჯაჭვი შენზე უნდა გაწყდეს, – თქვა ჩაფიქრებულმა ხოსროშვილმა. გორგასლიძე გაფითრდა და თქვა:
– ესე იგი, უნდა მოვკვდე და ჯაჭვიც გაწყდება?
– სულელო, – ჩაეცინა ხოსროშვილს და დაამატა, – ეს რომ მინდოდეს, არც ვიტყოდი, არ გრცხვენია? ორასი ათასი მოსკოველი ჩინოსნებისთვისაა ფული, ჩემთვის კი ერთი გადაფურთხებაა. შენი არაფერი მინდა და ყველაფერს მე მოვაგვარებ. ასი ათასსაც ქეშად მოგცემ. შენ კი რუსეთში უნდა დაიმალო და როცა ყველაფერი მოგვარდება, უკან დაგაბრუნებ.
გორგასლიძეს ეგონა, მატყუებს და მახეს მიგებს, რომ მომკლასო, მაგრამ ცდებოდა. ხოსრუაშვილმა კურიერი შორეულ აღმოსავლეთში, სანდო კაცთან გაგზავნა და შეპირებული ასი ათასიც გაატანა. თან, უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო. ხოსრუაშვილი იმავე დღეს გაემგზავრა მოსკოვში, ყველგან ჩააწყო საქმე და თავისი საქმიანობა განაგრძო. კიდევ უფრო მეტ ფულს შოულობდა, თუმცა გორგასლიძის უკან დაბრუნებას არ ჩქარობდა. სწორედ ამან გადაარჩინა კურიერი. როდესაც საქართველოს ცეკას პირველ მდივნად ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა, მან პირველად მატყლის მაფიას შეუტია და სერგო ხოსრუაშვილი დააპატიმრა. ეს რომ გოგასლიძემ გაიგო, შორეული აღმოსავლეთიდან იაპონიაში მოახერხა გაქცევა, რისთვისაც გემის კაპიტანს 5 ათასი მანეთი გადაუხადა. დანარჩენი ფულით კი ძვირფასეულობა ჰქონდა შესყიდული და სწორედ მისი გაყიდვით მიღებული თანხით მოახერხა უცხო ქვეყანაში დამკვიდრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან