კრიმინალური ისტორიები

როგორ ფუნქციონირებდნენ ნარკოკლანები საქართველოში

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 03.07

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ათასწლეულის მიწურულს

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ათასწლეულის მიწურულს საქართველოში, ერთი შეხედვით, სიტუაცია ლაგდებოდა და ცხოვრება უკეთესობისკენ მიდიოდა, სინამდვილეში დიდი უბედურება ხდებოდა. საქმე ის იყო, რომ სწორედ იმ პერიოდში დაიწყო საქართველოში სხვადასხვა ნარკოტიკის დიდი რაოდენობით შემოდინება. ამან კი მოსახლეობის ახალგაზრდა ფენის მასობრივი განარკომანება გამოიწვია. მთელი ეს საშინელება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელდასხმით ხორციელდებოდა. ანუ, სტრუქტურები, რომლებსაც პირდაპირ ევალებოდათ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ნარკოდილერებსა და ნარკომოვაჭრეებს მფარველობდნენ. სანაცვლოდ კი მათგან დიდძალ თანხებს იღებდნენ და მდიდრდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში ნარკობარონებთან შეხვედრებზე თავად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ან მათი ნდობით აღჭურვილი ხელქვეითები მიდიოდნენ. ამ შემთხვევაში მარტივი სქემა მოქმედებდა: ძალოვნებს მიჰქონდათ ფული და ნარკოტიკების პარტია მოჰქონდათ. შემდეგ ამ ნარკოტიკებს ნარკომოვაჭრეებს აძლევდნენ და მათი რეალიზაცია ხდებოდა. საქართველოში სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა მსხვილ ნარკომოვაჭრეთა კლანები. მათ ხელს არავინ ჰკიდებდა და აპატიმრებდნენ იმ წვრილფეხა „ბარიგებს“, ვისაც საკუთარი ძალით, ძალოვნებთან შეუთანხმებლად, შემოჰქონდათ და ყიდდნენ ამ შხამს. ასეთი დაპატიმრებები ფართოდ შუქდებოდა მედიაში და იქმნებოდა ილუზია, თითქოს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც მტკნარი სიცრუე იყო.

ქაზიმ ბეი

ერთ-ერთი ნარკობარონი, ვისაც საქართველოში ნარკოტიკები შემოჰქონდა, ვინმე ქაზიმ ბეი იყო. ის თურქული წარმოშობისა და დედით ქისტი იყო. პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. დამთავრებული ჰქონდა თბილისის უცხო ენების ინსტიტუტი და ოთხ ენაზე ლაპარაკობდა. 90-იან წლებში ქაზიმ ბეი დაქირავებული მეომარი იყო. იბრძოდა სხვადასხვა ცხელ წერტილში. ბოლოს ავღანეთში იმყოფებოდა და იქიდან რომ დაბრუნდა, ნარკოტიკებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. მას კარგად ორგანიზებული ნარკოქსელი ჰქონდა. დაკავშირებული იყო საერთაშორისო ნარკოსინდიკატთან. რაც მთავარია, მას არალეგალური პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა მაღალჩინოსან, ძალოვან ქართველ გენერალთან, ვაჟა გელეიშვილთან. სწორედ გელეიშვილი „კრიშავდა“ ქაზიმ ბეის. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ქართველი გენერალი ხვდებოდა ტვირთს და ქაზიმ ბეისთან მიჰქონდა. ის კი გელეიშვილს ფულს ტვირთის ჩაბარებისთანავე უხდიდა. ზოგჯერ ეს თანხა მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.

კურიერი

გენერალ გელეიშვილს თავის შავ-ბნელ საქმიანობაში ოთარ მორჩილაძე ეხმარებოდა. ის გენერლის თანაშემწედ მუშაობდა. მაიორის ჩინი ჰქონდა და გელეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მორჩილაძე, ძირითადად, კურიერულ ფუნქციებს ასრულებდა. თუმცა, გელეიშვილის მოუცლელობის შემთხვევაში, სწორედ ის ცვლიდა გენერალს და ქაზიმ ბეის ხვდებოდა. ნარკოტიკებს აცილებდა და ფული მოჰქონდა მისგან. ერთი სიტყვით, მაიორი ოთარ მორჩილაძე ყველაფრის საქმის კურსში იყო და გენერლის ბოროტმოქმედების თანამონაწილეც. ერთ ზაფხულს თბილისში უცხოელების წარმომადგენლობითი უწყებრივი დელეგაცია ჩამოვიდა და მათი კურატორობა მინისტრმა სწორედ გელეიშვილს დაავალა. გენერალი მათ ყველგან კუდში დასდევდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს აცნობდა. იმ დღეებში კი ქაზიმ ბეი ნარკოტიკების დიდ პარტიას ელოდებოდა და ამის შესახებ გელეიშვილს აცნობა. გენერალმა კი მოუცლელობის გამო ეს ფუნქცია მორჩილაძეს გადააბარა, თან გააფრთხილა, რომ ფული პირდაპირ მასთან კაბინეტში მიეტანა გვიან საღამოს, ანუ მაშინ, როდესაც გენერალი მორიგი ვოიაჟიდან დაბრუნდებოდა. და მართლაც, ნარკოტიკების დიდმა პარტიამ მშვიდობიანად გადალახა საზღვარი. საქართველოში შემოვიდა და მას მორჩილაძე დახვდა. მაიორმა ქაზიმ ბეის ჩაუტანა საქონელი, მისგან კი მილიონი ამერიკული დოლარი წამოიღო და გენერლის მძღოლთან ერთად, თბილისისკენ გამოემართა. ლილოს რომ მიუახლოვდნენ, მორჩილაძემ მძღოლს 100 ლარი მისცა და სთხოვა, რომ ერთ-ერთი საბითუმო მაღაზიიდან ერთი შეკვრა სიგარეტი წამოეღო. მძღოლი მანქანიდან გადავიდა და როგორც კი თვალს მიეფარა, მაიორმა მორჩილაძემ ავტომობილი ადგილს მოსწყვიტა და გზა განაგრძო, მილიონი დოლარიც თან წაიღო. მოგვიანებით გატაცებული მანქანა აეროპორტის პარკინგზე აღმოაჩინეს. მაიორმა კი გატაცებული ფულით გერმანიას მიაშურა და მიუწვდომელი გახდა. მით უმეტეს, რომ მაიორს ეს ოპერაცია საგულდაგულოდ ჰქონდა დაგეგმილი და ვირტუოზულადაც განახორციელა. სულ რაღაც 3 თვის მერე გენერალი სამსახურიდან გაუშვეს და მისი ფუნქცია უკვე სხვამ გადაიბარა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა