როგორ მომზადდა და განხორციელდა საიუველირო მაღაზიის ძარცვა თბილისში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 03.08

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საიუველიროს ძარცვა
1975 წელს პლეხანოვის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია გაიძარცვა და გატაცებული ძვირფასეულობის ღირებულებამ 200 ათასი მანეთი შეადგინა. მაძებრებმა შემთხვევის ადგილზე ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინეს. თუმცა, ძარცვის ხელწერა მიუთითებდა, რობ ეს დანაშაული ოთარ მამრაძის, მეტსახელად „კარლიკას“, მიერ იყო ჩადენილი. 42 წლის „კარლიკა“ ცნობილი მძარცველი იყო და 3-ჯერ ნასამართლევს ციხეში 17 წელი ჰქონდა გატარებული. მამრაძე საიუველირო მაღაზიების სიგნალიზაციას სპეციალური დამბლოკველი მინი მოწყობილობით თიშავდა, რომელსაც თავად ამზადებდა. შემდეგ „დანკრატის“ მეშვეობით, ანგრევდა იატაკს, კედელს ან ჭერს. შენობაში აღწევდა და ძარცვას ამგვარად ახორციელებდა. სეიფებს კი სპეციალური, ასევე, თავისივე დამზადებული „ატმიჩკებით“ ხსნიდა. ძარცვის საქმეს მაიორი პეტრე გოგოლაძე იძიებდა. ის კარგად იცნობდა მამრაძეს და ერთხელ დაპატიმრებულიც კი ჰყავდა. როდესაც საიუველირო მაღაზიის ძარცვაზე მოკვლევა ჩატარდა, გოგოლაძემ ირონიით თქვა:
– „კარლიკას“ ხელწერაა. შემიძლია, თავი დავდო, მაგრამ საქმე ისაა, რომ მამრაძე უკვე სამი თვეა, რაც „სროკზეა“, რესტორანში ჩხუბისთვის სასჯელს ურალში იხდის და სამი წელი აქვს მისჯილი. ეს კი ჩვენს საქმეს ძალიან გაართულებს.
არათუ ხელწერა, არამედ ეს საქმე სწორედ „კარლიკას“ მიერ იყო მომზადებული. ყველაფერი წინასწარ გააკეთა. შემდეგ, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში, რომ ალიბი ჰქონოდა და „პაძელნიკებს“ უთხრა, რომ სამი თვის მერე ემოქმედათ. მამრაძის თანამზრახველები იყვნენ – ილია კვირიკაძე, ბონდო სახვაძე და ტიტე ფეიქრიშვილი. ამ უკანასკნელს „ოქროს ხელები“ ჰქონდა და უნაკლო შემსრულებელი იყო. თუმცა, „კრისას“ (ვირთხა) რეპუტაცია ჰქონდა. „კარლიკა“ მას არ ენდობოდა. ამიტომ, ოთარმა თავის საყვარელს, ლარისა ბაქანიძეს უთხრა, რომ ნაძარცვი მას შეენახა და „ფსკერზე დაწოლილიყო“, სანამ თავად 3 წლის შემდეგ ციხიდან არ გამოვიდოდა. „კრისა“ კი მკაცრად გააფრთხილა, რომ არაფერი „ეხიმანდრა“, თორემ სულს ამოაძრობდა;.
მოკლული „პაძელნიკები“
ძარცვის შემდეგ, ბოროტმოქმედთა სამეულს ძვირფასეულობით სავსე ტყავის ჩანთა ლარისა ბაქანიძესთან უნდა მიეტანათ. ქალი დიღმის მასივში ცხოვრობდა. ამიტომ „კრისამ“ „პაძელნიკებს“ უთხრა:
– ძმებო, ღამეა და არაა გამორიცხული, რომ მილიციის მორიგე ჯგუფმა ფაქტებით დაგვაკავოს, ამიტომ დიღმის მასივში წასვლა სარისკოა. ხვალ ლარისას წავაღებინოთ „ტავარი“, ქალია და ეჭვს მასზე არავინ მიიტანს. დღეს კი ჩანთა ილოსთან შევინახოთ, სვანეთის უბანში.
ილია კვირიკაძე სვანეთის უბანში ცხოვრობდა. თანაც მილიცია მას არ იცნობდა, ამიტომ „კრისას“ დათანხმდნენ და ძვირფასეულობით სავსე ჩანთა კვირიკაძესთან შეინახეს. შემდეგ კი დაიშალნენ. თუმცა, ცოტა ხანში „კრისა“ კვირიკაძესთან მიბრუნდა. თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა. ჩანთა კი თან წაიღო. მეორე დღეს კი მილიციამ ილია კვირიკაძე მოკლული აღმოაჩინა. ლარისამ ორივე ცოცხლად გადარჩენილი მძარცველი დაიბარა და დაემუქრა.
– ერთ-ერთი თქვენგანის „ნაჩალიჩევია“, თუ ორივემ არ ჩაიდინეთ ეს და თუკი 24 საათში ჩანთას არ დააბრუნებთ, „კარლიკა“ მოგხედავთო.
სახვაძე და ფეიქრიშვილი („კრისა“) უარყოფდნენ მკვლელობის ფაქტს და ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდნენ. იმავე ღამეს „კრისა“ სახლში ეწვია სახვაძეს და მოკლა. შემდეგ მისი გვამი ხუდადოვის ტყეში დამალა და დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს კი ლარისასთან მივიდა და როცა სახვაძე არ გამოჩნდა, ქალს უთხრა:
– ხომ ვამბობდი, მან „იკრისა“-მეთქი. ჩანთა წაიღო და გაიქცა. ახლა კი ეძიე ნემსი თივის ზვინში.
იმავე საღამოს ლარისამ „კარლიკას“ „ქსივა“ გაუგზავნა ზონაში და მთელი ეს ამბები დაწვრილებით აღუწერა. 2 კვირის შემდეგ „კარლიკა“ ურალის ზონიდან გაიქცა და თბილისში ჩამოვიდა.
მკვლელი
თბილისში დაბრუნებულმა „კარლიკამ“ „კრისა“ „დააკაჩავა“. სახლი გადაუბრუნა, მაგრამ ჩანთა ვერსად აღმოუჩინა. ფეიქრიშვილი კი ამბობდა:
– „კარლიკ“, ხომ გეუბნები, ჩანთა ბონდომ „იკრისა“, იმ ნაბოზარმა და გაიქცა. მე რას მერჩი. მოდი, ერთად მოვძებნოთო.
„კარლიკა“ რომ დაადგა, „კრისა“ მარტო იყო სახლში. მისი მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილი და სიძე ბათუმში, ზღვაზე ისვენებდნენ. როგორც კი „კარლიკა“ წავიდა, „კრისამ“ გადამალული ჩანთა მეზობლის სხვენის სამალავიდან ამოიღო და უფრო საიმედოდ გადასამალად სხვაგან წაიღო.
მეორე დღეს „კრისა“ მტკვრის პირას, ზემო ავჭალაში მოკლული აღმოაჩინეს. ორი დღის მერე კი „კარლიკა“ მილიციამ დააპატიმრა, მას „კრისას“ მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. „კარლიკამ“ კი მაიორ გოგოლაძეს განუცხადა:
– „კრისას“, მართალია, სახლში მივადექი, ვეძებე კიდეც, მაგრამ ჩანთა მას არ ჰქონდა და მე ნამდვილად არ მომიკლავსო.
ბათუმიდან სასწრაფოდ ჩამოვიდა „კრისას“ ოჯახი. მაიორმა თითოეული მათგანი (ბავშვის გარდა) დაჰკითხა და ქალიშვილმა უთხრა: ერთად ვისვენებდით. ჩემი მეუღლე ნახევარი დღით სოხუმში გადაფრინდა. შემდგომ კი კვლავ ბათუმში დაბრუნდა. მამას მკვლელობის ამბავი კი მაშინ გავიგეთ, თქვენ რომ დაგვირეკეთო. მაიორმა ყველას ჩვენება გადაამოწმა და გაარკვია, რომ „კრისას“ სიძე, ომარ ბარაბაძე სოხუმში არ გადაფრენილა, რადგან ის მგზავრთა სიებში არ აღმოჩნდა. სიძემ კი გამომძიებლის კონფიდენციალურად უთხრა: ცოლი მოვატყუე და ბათუმში, ერთ რუს ქალთან გავატარე დრო. გთხოვთ, ცოლს ეს არ უთხრათო.
გამოცდილი პეტრე გოგოლაძე დააეჭვა სიძის ჩვენებამ. ამიტომ ბათუმის აეროპორტის თანამშრომლებს მისი სურათები უჩვენა და ერთ-ერთმა კონტროლიორმა ამოიცნო. ომარ ბარაბაძე და მაიორს უთხრა: აი, ეს კაცი თბილისის თვითმფრინავში ჩაჯდა სტიუარდესას თანხლებით.
როგორც გაირკვა, თბილისის თვითმფრინავის სტიუარდესა ოლესია ფოკინა ბარაბაძის საყვარელი იყო და ისინი თბილისში უბილეთოდ გადაფრინდნენ. შემდეგ სიძის ბინაში გაატარეს დრო და საღამოს ისევ ერთად დაბრუნდნენ. შუალედში კი, როდესაც ბარაბაძემ ფოკინა გააცილა და თავის ბინაში დაბრუნდა. იქ სიმამრი დახვდა, რომელიც ნაძარცვით სავსე ჩანთას საკუჭნაოში მალავდა. სიძე მოერია და სიმამრი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით მოკლა. შემდეგ მისი ცხედარი ავჭალაში, მტკვრის პირას დააგდო და ბათუმში დაბრუნდა.
ბარაბაძეს 15 წელი მიუსაჯეს. „კარლიკას“ კი, ძარცვისა და გაქცევის გამო – საერთო ჯამში, 15-წლიანი პატიმრობა და გააციმბირეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...