კრიმინალური ისტორიები

როგორ მოხვდნენ „კაგებეს“ ქართველი აგენტები „ამერიკის ხმაში“ და ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო ლაბორატორიაში

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სიმპოზიუმი

1968 წლის აგვისტოში ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში ფიზიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. მასში 27 წლის საბჭოთა ფიზიკოსი, თენგიზ ბობოხიძეც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბობოხიძე თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი, ის მოსკოვში ცხოვრობდა და ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. თენგიზს მოსკოვშივე ჰქონდა დამთავრებული ბაუმანის სახელობის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი. რადგან ბულგარეთი საბჭოთა ბლოკის სახელმწიფო იყო, ახალგაზრდა ფიზიკოსი საკმაოდ იოლად გაუშვეს სიმპოზიუმზე. რა თქმა უნდა, საბჭოთა დელეგაციას „კაგებედან“ მიჩენილი ორიოდე მეთვალყურე ტრადიციულად თან ახლდა. თუმცა, თენგიზ ბობოხიძემ მოახერხა და ბულგარეთში რუსულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი, 100-გვერდიანი რომანი ჩაიტანა, სახელწოდებით, „წითელი ჯოჯოხეთი“. მასში აღწერილი იყო საბჭოთა ყოფის უარყოფითი მხარეები. მისი ავტორი იყო გურამ დვალი, თუმცა წიგნს მისი ფსევდონიმი ეწერა – „კავკასიელი“. ბობოხიძემ ეს ნაბეჭდები თავის ამერიკელ კოლეგას, პროფესორ ოლივერ ბრაშს გადასცა და სთხოვა, რომ შეერთებულ შტატებში ჩაეტანა და ავტორსმის გამოცემაში დახმარებოდა. თან, სთხოვა, რომ წიგნზე მხოლოდ ფსევდონიმი მიეთითებინათ.

სკანდალი

ბრაშმა ბობოხიძის თხოვნა შეასრულა და უკვე 1969 წლის ოქტომბრის დასაწყისში შეერთებულ შტატებში რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა „კავკასიელის“ რომანი „წითელი ჯოჯოხეთი“. ამან საბჭოთა კავშირში დიდი სკანდალი გამოიწვია, დაიწყეს „კავკასიელის“ ძებნა და აღმოაჩინეს კიდეც. გურამ დვალი დააპატიმრეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მუხლით – საბჭოთა წეს-წყობილებაზე ცილისწამება. მაგრამ ციხიდან 6 თვეში გამოუშვეს და საბჭოთა კავშირიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გააძევეს. „კაგებე“ ინტენსიურად ეძებდა ხელნაწერების გამტანს. თუმცა ბობოხიძეზე ვერ გადიოდნენ. ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსი კი უკვე „ცეერუსთან“ იმყოფებოდა კონტაქტზე. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვისთვის დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა ბობოხიძის გადაბირება, რადგან აკრძალული ლიტერატურის გატანა-გავრცელება საბჭოთა კანონებით სერიოზული დანაშაული იყო. თენგიზმა ამერიკულ დაზვერვას რამდენიმე ინფორმაცია მიაწოდა თავისი სამსახურის შესახებ, მაგრამ, ამან ამერიკელებში ინტერესი არ გამოიწვია, რადგან ეს მათთვის დიდი საიდუმლო არ იყო. თუმცა, ბობოხიძესთან კავშირს ინარჩუნებდნენ იმ იმედით, რომ ბობოხიძეს საიდუმლო ლაბორატორიაში დააწინაურებდნენ. დროდადრო ბობოხიძე ხვდებოდა ხოლმე „ცეერუს“ კურატორს. მისგან ფულსა და დავალებას იღებდა. მას კი სხვადასხვა ინფორმაციებს ატანდა. 1970 წლის თებერვალში ბობოხიძე კვლავ შეხვდა „ცეერუს“ კურატორს და აღშფოთებულმა უთხრა: დიდი ალბათობით, სულ მალე გამშიფრავს კონტრდაზვერვა და დამაპატიმრებენ. ციხეში ამომალპობენ და ვერანაირ ხეირს ვერ მოგიტანთ. ამიტომ მოვითხოვ, გამიყვანეთ საბჭოთა კავშირიდან და უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. კურატორი დაინტერესდა, რატომ ფიქრობდა ბობოხიძე, რომ გაიშიფრებოდა, რაზეც ფიზიკოსმა მოუგო – სამსახურში ერთი კაცი შემომიჩნდა, უამრავ კითხვას მისვამს ვარნაში გამგზავრების შესახებ. ის კაცი „კაგებეს“ ფარული თანამშრომელია და დიდი ალბათობით, კონტრდაზვერვის დავალებით მოქმედებს. კურატორმა ბობოხიძეს უთხრა, რომ ამ ამბავს უფროსობას აცნობებდა და ამის შემდეგ მას დაუკავშირდებოდა. და, მართლაც, მარტის დასაწყისში თენგიზ ბობოხიძე მოსკოვიდან გერმანიაში გააპარეს. იქიდან – შეერთებულ შტატებში.

ხანგრძლივი ოპერაცია

„კავკასიელი“, იგივე გურამ დვალი, ამერიკელებმა სპეციალურად გადაამზადეს და „ამერიკის ხმაში“ საბჭოეთის ექსპერტად გაამწესეს. ის ერთსაათიან ანალიტიკურ გადაცემას უძღვებოდა, რომელიც თითქმის ყოველდღე გადიოდა ეთერში. თენგიზ ბობოხიძეს კი „ცეერუმ“ სკრუპულოზური შემოწმება ჩაუტარა მას „პოლიგრაფიც“ (სიცრუის დეტექტორი) გაატარეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაამწესეს ერთ-ერთ ლაბორატორიაში სამუშაოდ. თუმცა, იქაც პერმანენტული დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ლაბორატორია იმავე პროფილის იყო, რა პროფილისაც ის ლაბორატორია, რომელშიც ფიზიკოსი მოსკოვში მუშაობდა, ანუ დიდ საიდუმლოებებს ის არ მოიცავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ბობოხიძემ კოლეგებისა და „ცეერუს“ ნდობა მოიპოვა და 1973 წელს ის საიდუმლო ლაბორატორიაში გადაიყვანეს. იმ ლაბორატორიაში მან 1989 წლამდე იმუშავა. ისევე, როგორც დვალმა – „ამერიკის ხმაში“. ორივე „კაგებეს“ აგენტი იყო, ისინი საბჭოთა დაზვერვას უძვირფასეს ინფორმაციას აწვდიდნენ. ვარნაში წაღებული ხელნაწერები კი მხოლოდ ჩანერგვის ოპერაცია იყო, რომელიც წარმატებით გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ორივე აგენტი ერთდროულად ჩაიყვანეს საბჭოთა კავშირში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი