კრიმინალური ისტორიები

როგორ იძია შური მშობლების გამო ცნობილი ექიმების ქალიშვილმა

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 29.07, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

თითქმის პანაცეა

გივი და ნათელა მელაძეები ექიმები იყვნენ. ცოლ-ქმარს ერთადერთი, ნანატრი ქალიშვილი ოცდახუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეეძინათ. გოგონას მარიამი დაარქვეს და დედოფალივით ზრდიდნენ. მელაძეებს არაფერი აკლდათ. ისინი საუცხოო ექიმები იყვნენ და როგორც კლინიკაში, ასევე სახლშიც მათთან პაციენტების ცოცხალი რიგი იდგა, რაც მათი კოლეგების უზომო შურს იწვევდა. ასიდან ასივე პაციენტი მათთან მოხვედრას ცდილობდა და სხვებს არ ეკარებოდნენ. მართალია, საბჭოთა კავშირში კერძო კლინიკები და ფასიანი მკურნალობა აკრძალული იყო, მაგრამ განკურნებული, მადლიერი პაციენტები მათთვის ფულს არ იშურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მელაძეებს არასოდეს არავისგან არაფერი მოუთხოვიათ. ცოლ-ქმარს ფარმაციაც საუცხოოდ ჰქონდათ შესწავლილი და ბალახეულებისგან ისეთ მალამოს ამზადებდნენ, რომელიც მრავალ სხვადასხვა დაავადებას შველოდა. ამიტომ მას პანაცეა უწოდეს და ის მართლაც თითქმის პანაცეა იყო. ცოლ-ქმარი მალამოს მიზერულ ფასში – 6 მანეთად ყიდდა. თუმცა, თუკი პაციენტს თანხა არ გააჩნდა, მას მალამოს ჩუქნიდნენ. ყველაფერთან ერთად, მელაძეები ქველმოქმედებიც იყვნენ. მაქსიმალურად ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს და ხალხში ძალიან დაფასებულები და პოპულარულები გახდნენ. თუმცა, თავიანთი კოლეგები მათ ვერ იტანდნენ. გივიმ და ნათელამ ეს კარგად იცოდნენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ და ექიმები ერთი წლის მარიამით ცოცხლობდნენ და ხარობდნენ.

საშინელი ტრაგედია

მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნა იყო. მელაძეების პოპულარობა და ქონება ზღაპრულად იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში „შავი სამყარო“ მდიდრებს არ სწყალობდა და სასტიკად „წეწავდა“, მელაძეებს არავინ გაჰკარებია. ცოლ-ქმარმა არაერთი კრიმინალური ავტორიტეტი გადაარჩინა სიკვდილს. მათი მალამოს წყალობით, ჭლექით დაავადებული ქურდები განიკურნენ და აქედან გამომდინარე, ისინი ქურდებმაც ხელშეუხებელ, მათ მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებად გამოაცხადეს და მათ შემწუხებლებს პირად მტრად აღიქვამდნენ. ასეთივე პატივში იყო ცოლ-ქმარი მილიციისგანაც, რადგან მაღალჩინოსანი მილიციელებიც და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი სნეულიც მათი პაციენტები იყვნენ. თუმცა, 1971 წლის მაისში გივი მელაძე კლინიკაში, მისსავე კაბინეტში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს რომ მის მეუღლეს აცნობეს, ნათელა მელაძე ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. თუმცა ორი დღის შემდეგ ისიც ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. შევარდნაძის ბრძანებით, მილიციამ გამოძიება დაიწყო და 36 წლის ექიმი კარლო ისაკაძე დააკავეს, რომელიც გივი მელაძის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. მან დაკითხვაზე თქვა, რომ მკვლელობა ომარ კაციამ, ანეტა სოკოლოვამ, ივანე გერაძემ და პეტრე კორღალიძემ დაუკვეთეს. ოთხივე საკმაოდ ცნობილი ექიმი იყო. კორღალიძის და კი საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის, შჩოლოკოვის უახლოეს ნათესავზე იყო გათხოვილი. ამიტომ ძიება დაიხურა. კარლო ისაკაძე კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წლინახევრის მარიამი აღსაზრდელად მამიდამ, ანა მელაძემ წაიყვანა მოსკოვში. იქ ის პროფესორ ანტონ ლიტვინოვზე იყო გათხოვილი, რომელიც ცნობილი ქირურგი იყო.

შურისძიება

2002 წლის აპრილის დასაწყისში მოსკოვის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, რომელიც 70 წლის ომარ კაციას ეკუთვნოდა, საშინელება დატრიალდა. დღის 3 საათზე ჯერ ანეტა სოკოლოვა გადახტა მე–11 სართულიდან და ბეტონის ფილებზე დაასრულა სიცოცხლე, შემდეგ ივანე გერაძემ გამოჭრა ყელი კოლეგას – პეტრე კორღალიძეს. მერე კი გაშიშვლდა და იქვე ჩამოიხრჩო თავი. სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ომარ კაციას რომ ეს აცნობეს, ჭკუიდან შეიშალა და საგიჟეში აღმოჩნდა, სადაც იმავე ღამეს ჩამოიხრჩო თავი. ამ საშინელების შესახებ მთელი მოსკოვი ალაპარაკდა და საგამოძიებო ორგანოებმა 33 წლის მარიამ ქორიძე დააპატიმრეს და ოთხი ადამიანის მკვლელობამდე მიყვანასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი. ქორიძე იმავე კლინიკაში მუშაობდა. გოგონა სინამდვილეში გივი და ნათელა მელაძეების ქალიშვილი იყო. მას გვარი ჰქონდა შეცვლილი, პროფესიით თერაპევტი იყო, მაგრამ ფარმაციასაც საუცხოოდ ფლობდა. მიუხედავად უარყოფისა, რუსმა გამომძიებლებმა გოგონას კოლეგების მიზანმიმართულ, ნელ მოწამვლაში დასდეს ბრალი, რამაც ორი ადამიანის კიბო გამოიწვია, თანდართული შიზოფრენიით, ორს კი მხოლოდ შიზოფრენია დაემართა. ამის საფუძველზე მარიამს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მას დანაშაული არ უღიარებია. მოსკოვში კი სასტიკ შურისძიებაზე საუბრობდნენ. 2007 წელს ცნობილმა ადვოკატმა ანტონ როტენბერგმა საქმის გადასინჯვა მოახერხა. გოგონა უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. ის დღემდე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი