კრიმინალური ისტორიები

როგორ გეგმავდა საბჭოთა უშიშროება 39 მილიონი მარკის ღირებულების ნივთების ფარულად გამოტანას გერმანიიდან

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 19.08, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

უცნაური თხოვნა

1971 წლის მაისის დასაწყისში საბჭოთა კავშირის საელჩომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადგილობრივ მთავრობას ოფიციალური თხოვნით მიმართა. მასში ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა საელჩოს კულტურული განყოფილებისთვის გადაეცათ ორსართულიანი შენობა ქალაქ დრეზდენში, რომელიც ცნობილი გალერეას მახლობლად მდებარეობდა. ეს შენობა გალერეას ეკუთვნოდა და მას ძირითადად სასაწყობე, დამხმარე ნაგებობად იყენებდნენ. ეს თხოვნა იმით იყო დასაბუთებული, რომ ამ შენობაში უნდოდათ განეთავსებინათ საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლობა და მოეწყოთ საგამოფენო დარბაზი საბჭოური ხელოვნების სადემონსტრაციოდ. გერმანელებს ეს მოთხოვნა საკმაოდ უცნაურად ეჩვენათ. ერთი მხრივ, საბჭოთა წარმომადგენლობები ბერლინში უკვე იყო განთავსებული და ამისთვის დრეზდენი კონტექსტიდან საკმაოდ ამოვარდნილი ჩანდა. თანაც, საბჭოურ გამოფენებს ყოველთვის დრეზდენის გალერეა მასპინძლობდა... მიუხედავად ამ ყველაფრისა, გერმანელებმა თანხმობა განაცხადეს და საბჭოეთს მალევე გადასცეს მოთხოვნილი შენობა. თუმცა, იქაურობას ადგილობრივი უშიშროება ფარულად უთვალთვალებდა.

გაფაციცებული „შტაზი“

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და საბჭოთა კავშირი უახლოესი სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორები იყვნენ, ადგილობრივი უშიშროება ფარულად ჩაება საქმეში. დემოკრატიული გერმანიის უშიშროების, „შტაზის“ ხელმძღვანელი მარკუს ვოლფი საბჭოეთში იყო აღზრდილი და ამ პოსტზე საბჭოთა მთავრობის რეკომენდაციით დაინიშნა. თუმცა, ვოლფი მაინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობდა და ვიწრო უწყებრივ თათბირზე თავის მოადგილეს კიოგეს უთხრა:

– დიდი ალბათობით, საბჭოელებს ეს შენობა სულ სხვა რამისთვის უნდათ. ამიტომ ძალიან ფხიზლად იყავით. თვალთვალი უწყვეტ რეჟიმში აწარმოვეთ და საეჭვო სიტუაციებში დაკავებასაც არ მოერიდოთ.

ვოლფის ბრძანებას „შტაზის“ ოპერები გერმანული გულმოდგინებით ასრულებდნენ. ანალიტიკური სამსახური კი იმის გამოკვლევას ცდილობდა, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ საბჭოელებს ამ შენობაში. როდესაც ყველაფერი გამორიცხეს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შენობაში რაღაც უნდა ყოფილიყო დამალული. საბჭოელები კი მის გატანას შეეცდებოდნენ. ამიტომ „შტაზი“ მაქსიმალურად გაფაციცებული იყო და ჭიანჭველების გადაადგილებაც კი არ ეპარებოდათ.

გაძარცული მუზეუმი

„შტაზის“ ანალიტიკური სამსახურის სკრუპულოზური გამოთვლების შედეგად მიღებული იქნა სავარაუდო ვერსია, რომლის მიხედვითაც საბჭოელებს მათთვის გადაცემული შენობიდან იმ ძვირფასი ნივთების ამოღება და გატანა სურდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს თავად გადამალეს. საქმე ის იყო, რომ 1945 წლის მაისში საბჭოთა მარშლებისა და გენერლების მიერ დრეზდენის მუზეუმის საცავები პირწმინდად გაიძარცვა და მათი შიგთავსის უდიდესი ნაწილი, ალაფის სახით, საბჭოთა კავშირში გადმოიზიდა. თუმცა, სტალინის ძალისხმევით, ჟუკოვმა და კომპანიამ ნამარადიორევი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი უკანვე დააბრუნეს. მიუხედავად ამისა, დრეზდენის მუზეუმს მაინც საკმაო სიმდიდრე აკლდა და გერმანელებს ამ დანაკლისის სრული სია ჰქონდათ. „შტაზის“ ხელმძღვანელობამ თავის თანამშრომლებს საორიენტაციოდ, სწორედ, ეს სიები დაურიგა და თუკი ერთ ნივთს მაინც აღმოაჩენდნენ, მაშინ მის კვალს უნდა გაჰყოლოდნენ. ერთი სიტყვით, „შტაზის“ ოპერები გაძარცული დრეზდენის მუზეუმის აღმოუჩენელ ექსპონატებს ეძებდნენ და დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათ, სწორედ, იქ აღმოაჩენდნენ, სადაც ყველაზე მეტად ელოდნენ. ამიტომ ფარულ თვალთვალში დღე და ღამეს ასწორებდნენ.

მოროდიორი კაპიტანი

გერმანელი ძალოვნების ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 1971 წლის 19 ნოემბერს „შტაზის“ სპეცჯგუფმა საბჭოთა სამხედრო მანქანების კოლონა გააჩერა, რომელიც 4 ავტომობილისგან შედგებოდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, „შტაზელებმა“ მაინც შეაღწიეს დახურულ მანქანებში და იქ დრეზდენის მუზეუმის დაკარგული, უძვირფასესი ექსპონატები აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა საბჭოთა ჯარის მოტომსროლელთა ორი ქვედანაყოფი. მათ ალყა შემოარტეს „შტაზელებს“. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო, უკონტროლო გახდებოდა, თუმცა გერმანიის ლიდერმა ხონეკერმა, ბრეჟნევს დაურეკა მოსკოვში. ბრეჟნევმა კი ბრძანება გასცა, რომ დრეზდენის საგანძური უკან დაებრუნებინათ და სიტუაცია ამით განიმუხტა. 39 მილიონი მარკის ღირებულების ექსპონატები, რომლებიც 26 წლის განმავლობაში ბეტონით ამოქოლილ ბუნკერში იყო ჩაკეტილი, გალერეას დაუბრუნდა.

გაირკვა, რომ 1945 წელს საბჭოთა საინჟინრო ჯარების კაპიტანმა კორნეი ბუტუსოვმა და მისმა ქვედანაყოფმა გაძარცვეს მუზეუმი და რადგან ნაძარცვის გამოტანა ვერ მოახერხეს, ისინი დროებით შენობის სარდაფში ჩააბეტონეს. ამ „ოპერაციის“ ყველა მონაწილე დროთა განმავლობაში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია კი „კაგებეს“ ბუტუსოვის ვაჟმა შეატყობინა და შემდგომი მოვლენებიც ამის საფუძველზე განვითარდა. თუმცა ამჯერად „კაგებეს“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი