კრიმინალური ისტორიები

როგორ გავიდა „კაგებე“ ყალბი ფულის მჭრელზე

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 05.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ოსტატი გლაზუნოვი

1969 წელს „კაგებემ“ მოსკოვის მექანიკური ქარხნის ზეინკალი, 56 წლის პავლე გლაზუნოვი დააპატიმრა, უმაღლესი კატეგორიის ოსტატს საბჭოთა უშიშროებამ უკანონო წარმოებისა და ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო დამზადების ბრალდება წაუყენა. „კაგებე“ ერთ-ერთ შეიარაღებულ, ორგანიზებულ ჯგუფს აჯდა კუდზე და გლაზუნოვზე მათი მეშვეობით გავიდა. ბოროტმოქმედებს ოსტატისთვის 4 ცალი პისტოლეტის დამზადება ჰქონდათ შეკვეთილი და სწორედ მათ გაიყვანეს გამოძიება ოსტატ-უნივერსალზე. როგორც ცნობილია, „კაგებე“ ნებისმიერ საქმეს საფუძვლიანად იძიებდა. გლაზუნოვს დაწვრილებით გამოჰკითხეს ყველა იმ უკანონო შეკვეთის შესახებ, რომელიც მას ჰქონდა შესრულებული. თითოეული უკანონო შეკვეთა კი ძირფესვიანად გადამოწმდა. ამის შედეგად კიდევ დააპატიმრეს იარაღის უკანონო მფლობელი რამდენიმე პირი და ყველანი სამართალში მისცეს. ერთ-ერთ შეკვეთად გლაზუნოვმა სხვადასხვა დეტალების დამზადება დაასახელა. ოსტატის თქმით, ეს დეტალები, სავარაუდოდ, პოლიგრაფიული დანიშნულების იყო, მაგრამ კონკრეტულად რისთვის იყო განკუთვნილი, გლაზუნოვი ამას ვერ აკონკრეტებდა. ოსტატმა ვერც შემკვეთის ვინაობა დააკონკრეტა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ შემკვეთი კავკასიური გარეგნობის იყო და ცალი თვალი შავი სახვევით ჰქონდა აკრული. ანუ, ის, სავარაუდოდ, ცალთვალა იყო. გლაზუნოვის თქმით, კავკასიელს მარცხენა თვალი ჰქონდა ახვეული. „კაგებეს“ თანამშრომლებმა ოსტატს შეკვეთილი დეტალების ნახაზები გააკეთებინეს. შემდგომ ეს ნახაზები პოლიგრაფიის სპეციალისტებს უჩვენეს და გაოცდნენ. სპეციალისტების თქმით, ეს დეტალები ზუსტი ბეჭდვისთვის იყო განკუთვნილი. ყველაზე გამოცდილმა ექსპერტმა კი დანამდვილებით თქვა – დეტალები ფულის საბეჭდი დაზგის ნაწილებიაო, თუმცა, იქვე დაამატა, რომ დაზგის კორპუსის გარეშე დეტალებს არანაირი ფასი არ აქვთო. გამოითქვა ვარაუდი, რომ ცალთვალა კავკასიელმა დაზგის კორპუსი სხვაგან შეუკვეთა ან, სულაც, თავად ჰქონდა. ამიტომ, ოპერატიულმა თანამშრომლებმა იმ ოსტატების ძებნა დაიწყეს, ვისაც ფულის საბეჭდი მანქანის კორპუსის დამზადება შეეძლო, პარალელურად კი, მოსკოვისა და ლენინგრადის „გოსზნაკის“ დახურულ უწყებებში ცალთვალა კავკასიელის ძებნას შეუდგნენ. სწორედ ამ ორ ქალაქში ბეჭდავდნენ საბჭოთა ფულის კუპიურებს.

„ცალთვალა კავკასიელი“

ეგრეთ წოდებული, „ცალთვალა კავკასიელი“ „გოსზნაკის“ არცერთ უწყებაში არ აღმოჩნდა. ორივე ფულის საბეჭდ უწყებაში სულ ექვსი კავკასიელი მუშაობდა: ორი – მოსკოვში, ოთხი კი – ლენინგრადში. მათ შორის ერთი აზერბაიჯანელი იყო, ორი სომეხი და სამი ქართველი. „კაგებემ“ გლაზუნოვს ექვსივეს ფოტო უჩვენა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ჰგავდა იმ ცალთვალა კაცს, ვინც ოსტატს დეტალების შეკვეთა მისცა. „კაგებეში“ ვარაუდობდნენ, რომ შემკვეთს სახვევი შეგნებულად ჰქონდა თვალზე აფარებული, კვალის დასაფარად და დასაბნევად. თუმცა, მთავარმა მოწმემ წარმოდგენილ ფოტოებზე „ცალთვალა“ ვერავის მიამსგავსა. ამის გამო გამოძიება ჩიხში შევიდა.ერთ-ერთი დაკითხვის დროს გამომძიებელმა გლაზუნოვს უთხრა:

– იქნებ, სხვა რაიმე დეტალი გაიხსენოთ, მაგალითად, იარა სახეზე ან სხვა, თუნდაც უმნიშვნელო რამ სხეულზე, მაგალითად, ტატუ.

– არა. ტატუ არ შემიმჩნევია, – თქვა გლაზუნოვმა, მაგრამ უცებ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და დაამატა. დამზადებულ დეტალებს რომ ჩანთაში ალაგებდა დაიხარა. მე მის უკან ვიდექი და დავინახე, რომ კეფაზე მრგვალი ამობურცული ხალი ჰქონდა. იქნებ ეს დეტალი გამოგადგეთ?

„კაგებემ“ თავიდანვე გადაამოწმა ექვსივე კავკასიელი და კეფაზე ხალი ერთ-ერთ მათგანს, ეროვნებით, ქართველს, ვაჟა გოგისვანიძეს აღმოაჩნდა. გოგისვანიძის ფოტოს ქუდი მოარგეს, თვალზე სახვევი გაუკეთეს. შემდგომ კი გლაზუნოვს უჩვენეს და სუპერზეინკალმა გოგისვანიძეში „ცალთვალა კავკასიელი“ ამოიცნო. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ლენინგრადის „გოსზნაკში“ მომუშავე მუშა, ვაჟა გოგისვანიძე ქუთაისელი იყო. მას კუდზე ასხდნენ და გაირკვა, რომ თავის მშობლიურ ქალაქში, ბალახვანის უბანში ცხოვრობდა და სახლის სარდაფში ფულის საბეჭდი დაზგა ჰქონდა დამონტაჟებული. როგორც შემდგომ თავად აღიარა, დაზგის კორპუსი მან ხარკოვში, ქარხანა „მეტალისტში“ დაამზადებინა. 41 წლის გოგისვანიძეს 65 ათასი მანეთი ჰქონდა დაბეჭდილი. აქედან მხოლოდ 10 ათასი რეალიზებული. ყალბი ფულის მბეჭდავი კუპიურებს „გოსზნაკის“ სპეციალურ, ოღონდ, ქაღალდზე ბეჭდავდა. ასეთ ქაღალდებს უწყების ეზოში წვავდნენ. ფერფლი კი უწყების ტერიტორიის გარეთ საერთო ნაგავთან ერთად გაჰქონდათ.. ქაღალდის განადგურების პროცესს გოგისვანიძეც ესწრებოდა. ის ახერხებდა რამდენიმე წუნდებული ქაღალდის გადარჩენას და ფერფლთან და საერთო ნაგავთან ერთად სანაგვე მანქანაში ათავსებდა. ხოლო, როდესაც მანქანა ნაგავსაყრელზე იცლებოდა, გოგისვანიძის მეწყვილე-თანამონაწილე ვიქტორ შახოვი ამ ქაღალდს იღებდა და გოგისვანიძესთან მიჰქონდა.

სასამართლომ შახოვს 8 წელი მიუსაჯა, გოგისვანიძე კი 15 წლით ჩასვეს ციხეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი