კრიმინალური ისტორიები

როგორ გასკდა „სპორტლოტოს“ გათამაშების „ჩაწყობის“ ამბავი

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.12, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მოქმედი გმირების სახელები და გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

რეკორდული ლატარია

1970 წლის 20 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში პირველი საბჭოთა სპორტული ლატარიის – „სპორტლოტოს“ გათამაშება გაიმართა. 49 ხრახნიანი ბურთულა დანომრილი იყო თანმიმდევრულად – 1-დან 49-ის ჩათვლით. ეს ბურთულები გამჭვირვალე დოლურაში იყრებოდა და 6 ადამიანი სათითაოდ იღებდა თითო ბურთულას. ხრახნს ხსნიდნენ და აცხადებდნენ ამოსულ ნომერს. ვინც ექვსივე ნომერს ამოიცნობდა, მას 5 ათასი მანეთი შეხვდებოდა, რაც იმ პერიოდისთვის სოლიდური თანხა იყო. ბილეთები საგაზეთო კიოსკებში იყიდებოდა და 30 კაპიკი ღირდა. მასზე 49 რიცხვი იყო დაბეჭდილი. უნდა გადაგეხაზათ 6 რიცხვი. შემდგომ ბილეთი შუაზე გაგეხიათ და ერთი ვარიანტი სპეციალურ „სპორტლოტოს“ ყუთში ჩაგეგდოთ. მეორე კი – შეგენახათ. თავდაპირველად „სპორტლოტო“ მხოლოდ მოსკოვში თამაშდებოდა. უფრო სწორად, ბილეთები მოსკოვში იყიდებოდა. შემდგომ კი მთელ საბჭოთა კავშირს მოედო და მილიონობით ბილეთს ბეჭდავდნენ. შემოსავალი უზარმაზარი იყო და „სპორტლოტო“ სარეკორდო ლატარია გახდა.

კრეატიული თაღლითი

სულ რაღაც 6 წლის განმავლობაში „სპორტლოტოს“ გათამაშებას მილიარდიანი მოგება მოჰქონდა სახელმწიფოსთვის. „სპორტლოტოს“ 150 მილიონი ადამიანი თამაშობდა. ცოტა ხანში გათამაშების სიხშირე გაიზარდა და კვირაში ორჯერ ტარდებოდა. გაზარდეს ერთი ბილეთის ფასიც და ის 60 კაპიკი გახდა. სამაგიეროდ გაორმაგდა მაქსიმალური მოგება და ის 120 ათას მანეთამდე ავიდა. ას კაცს რომ მოეგო, ასივეს 10-10 ათასს გადაუხდიდნენ და მოგებულთა რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობდა, რადგან შემოსავალი კოლოსალური იყო. 1976 წელს „სპორტლოტოს“ გათამაშების კომისიის თავმჯდომარედ 36 წლის ვაჟა არაქელოვი დანიშნეს. პროფესიით ის ეკონომისტი იყო და მოსკოვის სტატისტიკის სამმართველოში მუშაობდა. თუმცა, წარმოშობით მამით სომეხი და დედით ქართველი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ვაჟას მოვალეობას შეადგენდა „სპორტლოტოს“ გათამაშების დაწყების წინ ყველა ბურთულის შემოწმება. შემდგომ კი დოლურაში ჩაყრა და დანარჩენი 6 წევრის მიერ ამოღებული ბურთულების დაფიქსირება. ვაჟას ფულის შოვნისადმი მიდრეკილება ჰქონდა. საამისოდ სხვადასხვა სქემასა და მაქინაციებს იგონებდა და „სპორტლოტოს“ გათამაშება მისთვის ნამდვილ „ქერის ორმოდ“ იქცა. გათამაშების წინ ვაჟა 6 ბურთულას მაცივარში ყინავდა და მხოლოდ გათამაშების დაწყების წინ აბრუნებდა თავის ადგილზე. გათამაშებისას კი თითოეული ამომღები დოლურიდან მხოლოდ გაყინულ ბურთულას იღებდა, რომლის გამოცნობა ტემპერატურათა განსხვავებით ძალიან ადვილი იყო. ვაჟას კი ყოველ გათამაშებაზე 2-4 მოგებული ბილეთი ჰქონდა შევსებული, რომელსაც სხვადასხვა სანდო ადამიანს ანაღდებინებდა და მათ (თითოეულ მათგანს) ნახევარ მოგებს უხდიდა. რა თქმა უნდა, მოსყიდულები იყვნენ კომისიის წევრებიც და გაყინული ბურთულის ამოღებისთვის თითოეულს 1 000 მანეთს უხდიდა. ამგვარად, ვაჟა არაქელოვის ყოველთვიური სუფთა მოგება 30 ათას მანეთს აღწევდა. ვაჟამ „სპორტლოტოს“ კომისიის თავმჯდომარედ 2 წელი იმუშავა. ალბათ, კრეატიული თბილისელი თაღლითი კიდევ დიდხანს იქნებოდა „ხოდზე“ რომ არა ადამიანური სიხარბე.

ხარბი ლოვიკა

1978 წლის „სპორტლოტოს“ ნოემბრის ტირაჟი თამაშდებოდა. ვაჟას სულ 3 მოგებული უნდა ჰყოლოდა, რათა ეჭვი არავის აღძვროდა. ერთ-ერთი მოგებული თბილისელი ლევონ ბაზღაძე იყო. ვაჟასნაირად ლევონიც სომეხ-ქართველი იყო: მამით – ქართველი და დედით – სომეხი. ბაზღაძე ვაჟას კლასელი იყო, მათ ერთად ჰქონდათ დამთავრებული თბილისის ერთ-ერთი ქართული სკოლა. ვაჟა მას სიხარბის გამო ხარბ ლევონას ეძახდა. ერთი სიტყვით, როდესაც გათამაშება დასრულდა, ვაჟამ ყველა მოგებულს ჩამოუარა და თავისი წილები – 5-5 ათასი მანეთი აიღო. მათ შორის ლევონისგანაც და მოსკოვში დაბრუნდა. თუმცა ბაზღაძე რის ხარბი ლევონა იქნებოდა, რომ თავისი სიხარბით მას საქმე არ გაეფუჭებინა. ლევონს კიდევ ერთი მოგებული ბილეთი ჰქონდა (სულ ორი შეავსო ვაჟასგან მალულად) და როდესაც ათი ათასი მანეთის გასანაღდებლად მივიდა, მასზე ეჭვი აიღეს და უცერემონიო დააპატიმრეს. წაარტყეს და სიმართლე ათქმევინეს. ვაჟა არაქელოვი კი მორიგი ტირაჟის წინ დააპატიმრეს და ქონების კონფისკაციასთან ერთად დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, შემდგომ 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და გააციმბირეს. ვაჟამ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და 1991 წელს, ციხიდან გათავისუფლდა, შემდეგ კი მოსკოვში დასახლდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი