კრიმინალური ისტორიები

როგორ გაშიფრეს და დააკავეს „ცეერუს“ ჯაშუში ჰოლანდიაში

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.12, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გამოძიება

1981 წლის 4 მაისს 50 წლის ედიშერ ხუცურაულმა დაბა წყნეთის მილიცია გამოიძახა და მის ნაკვეთზე აღმოჩენილ გვამზე მიუთითა. ხუცურაული თამბაქოს ფაბრიკის ტექნოლოგი იყო და თბილისში ცხოვრობდა. წყნეთში კი ძველი აგარაკი ჰქონდა შეძენილი 5 წლის წინ და ახალს აშენებდა. სწორედ, საძირკვლის გათხრის დროს აღმოჩნდა ეს თითქმის დაჩონჩხებული ცხედარი. ის სქელ პლედში იყო გახვეული და ჩაცმულობის მიხედვით (მას კაბა ეცვა), გვამი ქალს ეკუთვნოდა. ხუცურაულს ეს აგარაკი 1976 წელს ანტონ ვოლსკისგან ჰქონდა შეძენილი. ვოლსკი თბილისში ცხოვრობდა და პროფესიით ეკონომისტი იყო. ის 1940 წელს იყო დაბადებული. 1970 წლიდან, უკვე 11 წლის განმავლობაში, ის სხვადასხვა ქვეყანაში, საბჭოთა საელჩოებში მსახურობდა. აგარაკი კი მას მამისგან დარჩა, რომელიც ძველი „ჩეკისტი“ იყო და 1972 წელს გარდაიცვალა. გამოძიებამ ანტონ ვოლსკი მოიძია და აღმოჩნდა, რომ ის იმ მომენტში ჰოლანდიაში, საბჭოთა საელჩოში მუშაობდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული

ეს საქმე პროკურატურამ წაიღო და სხვადასხვა ვერსიის გადამოწმებას შეუდგა. ანტონ ვოლსკის საქმე რომ გამოითხოვეს, მასში ძალიან საინტერესო რამ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ 1975 წლის 8 აგვისტოს ვოლსკიმ მილიციაში განცხადება შეიტანა მეუღლის, 30 წლის ირინე გოგლიძის დაკარგვის შესახებ. ვოლსკის განცხადებით, მისი მეუღლე ქალაქ სოჭში იმყოფებოდა დასასვენებლად და თბილისში 6 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. ვოლსკი წერდა, რომ 6 და 7 აგვისტოს ის რუსთავში თავის დასთან იმყოფებოდა და სახლში 7-ში გვიან ღამით დაბრუნდა. მეუღლე რომ არ დახვდა, მთელი ღამე მის ძებნაში გაატარა და 8-ში კი მილიციაში შეიტანა განცხადება. არსებული წესის თანახმად, საქმე სოჭის მილიციას გადაეცა და ქალის ძებნა იქ დაიწყეს. თუმცა გაირკვა, რომ ის 5-ში დილით გამოსახლდა სასტუმრო „მაგნოლიიდან“ და შემდგომ მისი კვალი იკარგებოდა. საქმე კვლავ თბილისში დაბრუნდა, თუმცა ირინე გოგლიძის კვალს ვერსად მიაგნეს და ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. 10 სექტემბერს კი ვოლსკი 6 თვით უნგრეთში, საბჭოთა საელჩოში გაემგზავრა სამუშაოდ. 1976 წლის მაისში ვოლსკიმ წყნეთის აგარაკი ხუცურაულს მიჰყიდა.

ექსპერტიზა

პათანატომიურმა და სხვა ექსპერტიზებმა დაადგინეს, რომ წყნეთის აგარაკზე აღმოჩენილი ქალის ცხედარი იქ, სავარაუდოდ, 1975 წელს იქნა დამარხული. დიდი ალბათობით, ქალი გაგუდული იყო. აგრეთვე, მას თავის ქალაზე ნაჭდევები ჰქონდა. ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ ირინე გოგლიძის დამ, თამილა გოგლიძემ, ამოიცნო პლედი, რომელშიც გვამი იყო გახვეული და კაბა, რომელიც მას ემოსა. თამილა გოგლიძის თქმით, პელდი მისი დის იყო, ისევე, როგორც კაბა... ამ საქმეს ტიტე ბარდაველიძე უძღვებოდა და თამამად განუცხადა თბილისის პროკურორს – ირინე გოგლიძე მისი ქმრის ანტონ ვოლსკის მოკლულია ვოლსკი, როგორიც უცხოეთში ხშირად გამსვლელი პიროვნება, „კაგებეს“ ჰყავდა სპეცაღრიცხვაზე. ამიტომ პროკურატურამ ეს საქმე „კაგებეს“ გადააბარა იმ მარტივი მიზეზით, რომ შესაძლოა, საქმე ჰქონოდათ სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევასთან.

აღიარებითი ჩვენება

„კაგებემ“ ჰოლანდიაში, სადაც იმ მომენტში ანტონ ვოლსკი იმყოფებოდა, სპეციალური აგენტების ჯგუფი გაგზავნა. მათ თვალყური უნდა ედევნებინათ ვოლკისთვის და ფარული გამოძიება ეწარმოებინათ. ერთკვირიანი თვალთვალის შემდეგ გაირკვა, რომ საბჭოა საელჩოს ეკონომიკური განყოფილების თანამშრომელი, ანტონ ვოლსკი შეხვდა ვინმე ენდრიუ კვანსს. ის კი – „ცეერუს“ თანამშრომელი იყო. შემდგომი ძიებით დადგინდა, რომ ვოლსკი კვანსს საიდუმლო ეკონომიკური ხასიათის მასალებს აწვდიდა. ვოლსკი დააკავეს. მოსკოვში ჩაიყვანეს და დაჰკითხეს. ვოლსკიმ აღიარა, რომ 1972 წლიდან „ცეერუს“ მიერ იყო გადაბირებული და 10 წლის განმავლობაში მათ ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდა. სანაცვლოდ კი თანხას იღებდა, რომელიც მას შვეიცარიის ბანკში ერიცხებოდა. მისივე თქმით, ცოლი მას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით სარდაფში დამარხა. ვოლსკიმ განაცხადა, რომ მას მეუღლე 5 აგვისტოს მოულოდნელად დაადგა წყნეთის აგარაკზე, იმ დროს, როდესაც მიკროფირებს კონტეინერში აწყობდა. ცოლი მიმხვდარა, რაში იყო საქმე და მეუღლისთვის ურჩევია, ორგანოებს ჩაჰბარებოდა. ამის მერე მათ შელაპარაკება მოუვიდათ და ვოლსკიმ ჯერ ყელში წაუჭირა ხელი ქალს და გაგუდა, შემდგომ კი მას თავში ორჯერ ჩაარტყა შანდალი. სასამართლომ ანტონ ვოლსკის შპიონაჟისა და მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ანტონ ვოლსკი 1983 წელს დახვრიტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული