კრიმინალური ისტორიები

როგორ გამოზიდეს ქართველმა რადიოფიზიკოსებმა „არზამას 16-დან“ ოქრო

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.01

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ოქროს ცოცხი“

1998 წლის მიწურულს თბილისელმა ინჟინერ-ფიზიკოსმა ომარ ტაბლიაშვილმა კოოპერატივი „ოქროს ცოცხი“ დაარეგისტრირა და თავისი საქმიანობის განხორციელება „არზამას 16-ში“ დაიწყო. „არზამას 16“ წლების განმავლობაში დახურული ქალაქი იყო. იქ შესვლა და იქიდან ამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იყო შესაძლებელი. ამ დახურულ ქალაქში ატომურ ბომბებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საჭირო ტექნოლოგიებს ამზადებდნენ. „პერესტროიკის“ მიწურულს სამხედრო მრეწველობა შემცირდა. „არზამას 16-ს“ საიდუმლოების კოდი მოეხსნა, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში კი უზარმაზარი საწყობები დარჩა, სადაც ძველი ელექტრომოწყობილობების ნაწილები ინახებოდა. ტაბლიაშვილი უმაღლესი დონის რადიოფიზიკოსი იყო და ადრე ერთ-ერთ საიდუმლო ქარხანაში მუშაობდა. მის მიერ შექმნილი კოოპერატივის დანიშნულება ძველი ელექტრომოწყობილობების დახარისხება და უტილიზაცია იყო. ტაბლიაშვილმა და მისმა კომპანიონებმა საწყობების ტერიტორიაზე სპეციალური ცეხი გახსნეს, სადაც გადარჩეული, უვარგისი მოწყობილობების დაშლა-დაქუცმაცება ხდებოდა. შემდგომ კი ეს ნაგავი სატვირთო მანქანებით გაჰქონდათ ნაგავსაყრელზე და უზარმაზარ ორმოში ყრიდნენ. ცეხის ერთ პატარა ოთახში დამონტაჟებული იყო სადნობი ღუმელი, რომელიც თავად ტაბლიაშვილმა და მისმა სამმა კომპანიონმა ააწყვეს. კომპანიონებიც ქართველები იყვნენ, ასევე მაღალი დონის რადიოფიზიკოსები და ისინიც ადრე ტაბლიაშვილთან ერთად საიდუმლო-სამხედრო ქარხანაში მუშაობდნენ.

ოქროს ოთახი

ცეხში განთავსებულ ოთახს, სადაც სადნობი ღუმელი იდგა, ტაბლიაშვილი და მისი კომპანიონები ოქროს ოთახს უწოდებდნენ. საქმე ის იყო, რომ ღუმელში რადიომოწყობილობის დეტალებიდან ოქროს იღებდნენ და ადნობდნენ. ჩამოწერილ მოწყობილობებში სხვადასხვა რაოდენობის ოქროს შემცველი დეტალები იყო. ძირითადად, მავთულგაყვანილობებში. ეს კი ქართველმა რადიოფიზიკოსებმა შესანიშნავად იცოდნენ და კოოპერატივი „ოქროს ცოცხიც“ სწორედ ამ მიზნით შექმნეს. კომპანიონების გამოთვლით, საწყობებში არსებულ მოწყობილობებში 5 ტონამდე ოქრო იყო და ძალიან სარფიანი საქმე გამოდიოდა. კომპანიონები გამოდნობილი ოქროსგან ორკილოგრამიან, 999 სინჯის ზოდებს ასხამდნენ და ნაგავთან ერთად ნელ-ნელა გაჰქონდათ საწყობის ტერიტორიიდან. მერე კი თბილისში ჩაჰქონდათ და ვერაზე ტაბლიაშვილის კერძო სახლის სარდაფში ინახავდნენ. კომპანიონების ვარაუდით, მთელი ოქრო 5 წლის განმავლობაში უნდა გამოედნოთ. „ოქროს ცოცხმა“ სამი წელიწადი იფუნქციონირა და კომპანიონებმა 1 ტონა და 400 კილოგრამი ოქროს გამოდნობა და თბილისში ტრანსპორტირება განახორციელეს. 1992 წლის მიწურულს კი საწყობების ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შევიდა. რუსეთის სამხედრო უწყება „არზამას 16-ის“ ამუშავებას გეგმავდა და სრულ აღრიცხვასაც ამიტომ აპირებდა. ეს კი განგაშის სიგნალი იყო. მონიტორინგი აუცილებლად დაადგენდა ყველაფერს. ამიტომ კომპანიონებმა გუდა-ნაბადი აიკრეს და 1992 წლის 29 დეკემბერს „არზამას 16“ ფარულად დატოვეს. მანამდე კი ოქროს სადნობი ღუმელი გაანადგურეს და თავიანთი ნამდვილი საქმიანობის ყველა კვალი წაშალეს.

გამქრალი ოქრო

რუსეთის სამხედრო უწყების მონიტორინგის ჯგუფმა იოლად დაადგინა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში „არზამას 16-ში“ და მიმალულ რადიოფიზიკოსებზე ძებნა გამოცხადდა. საქმეში „გრუ“ ჩაერთო დაძებნილების აღმოსაჩენად სამოქალაქო ომისგან დანგრეულ თბილისში სპეციალური ჯგუფი გააგზავნეს. თებერვლის ერთ დღეს ზემო ვერაზე „გრუს“ შეიარაღებულ მაძებრებსა და „მხედრიონის“ ერთ-ერთი ჯგუფის წევრებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. „მხედრიონელებს“ „გრუელების“ მანქანა მოეწონათ და წართმევა მოუნდომეს, თუმცა არც კი იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. ამ შეტაკებას ორი „გრუელისა“ და ერთი „მხედრიონელის“ სიცოცხლე შეეწირა. ორი „გრუელი“ კი დააკავეს და „მხედრიონის“ შტაბ-ბინაში წაიყვანეს, ჯერ დასაკითხად, შემდგომ კი ისინი უნდა დაეხვრიტათ. თუმცა, საქმეში მოსკოვი ჩაერია. „გრუელები“ გაუშვეს. „მხედრიონის“ მესვეურებს კი საქმის არსი გააცნეს და „არზამას 16-იდან“ გამოქცეულებს უკვე „მხედრიონიც“ ეძებდა. სწორედ „მხედრიონმა“ დაადგინა, რომ რუსეთიდან ჩამოტანილი ოქროს ზოდები ტაბლიაშვილის სახლის სარდაფში ინახებოდა. მათ ყველაფერი გადაჩხრიკეს, მაგრამ სახლში ვერაფერი აღმოაჩინეს. კოოპერატორთა ძებნა მთელი რუსეთისა და საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ოქრო და მათი პატრონები ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ უწყოდა. ომარ ტაბლიაშვილისა და მისი კოლეგების კვალი მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა ავსტრალიაში. იქ მათ უახლესი რობოტოტექნოლოგიების ბიზნესი ჰქონდათ და მათი საქმე ყვაოდა. სავარაუდოდ, მათ ეს ბიზნესი „არზამას 16-დან“ წამოღებული ოქროთი ააწყვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული