კრიმინალური ისტორიები

როგორ გაქრა ატომური ჩემოდანი თბილისიდან

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 29.08

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გამქრალი ჩემოდანი

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა გასცა საიდუმლო განკარგულება, ეგრეთ წოდებული, „ევაკუაციის“ შესახებ, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავდა და თავდაპირველად ვრცელდებოდა ყველა რესპუბლიკაზე, გარდა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიისა. შემდგომ კი „ევაკუაცია“ უკრაინა-ბელორუსიასაც შეეხო. „ევაკუაცია“ ნიშნავდა რესპუბლიკებიდან საგანგებო დანიშნულების სამხედრო-სტრატეგიული მოწყობილობების გამოტანას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებას. მსგავსი მოწყობილობების სპექტრი მრავალმხრივი იყო. ერთ-ერთ მათგანს კი „ატომური ჩემოდნები“ წარმოადგენდა, ანუ ჩემოდანი მცირე ზომის ატომური ბომბებით. ისინი, ეგრეთ წოდებულ, „დიპლომატებში“ იყო ჩამონტაჟებული და ჰქონდათ როგორც საათის მექანიზმის, ასევე დისტანციური ასაფეთქებლები. მათი ამოქმედება, რა თქმა უნდა, კოლოსალურ კატასტროფას ვერ გამოიწვევდა. თუმცა, მნიშვნელოვანი ზარალის მოტანა შეეძლო. ხოლო რამდენიმე მათგანის ერთდროულად ამოქმედება ნებისმიერ მეგაპოლისში უდიდესი ზიანის მომტანი იქნებოდა. ამ ტიპის იარაღის შექმნას ჯერ კიდევ 1960 წელს აენთო მწვანე შუქი. ასეთი „ატომური ჩემოდნები“ ყველა საბჭოთა საელჩოს საიდუმლო საცავში იყო განთავსებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თუკი საბჭოეთი რომელიმე ქვეყანასთან ომში ჩაებმებოდა, ამ ჩემოდნებს ქაოსი უნდა შეეტანათ მტრულ ქვეყანაში. სხვათა შორის, კარიბის კრიზისის დროს ვაშინგტონში მდებარე საბჭოთა საელჩოს უბრძანეს, რომ შესაბამისი თანამშრომლები საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყვნენ და განკარგულების შემდეგ შეერთებული შტატების დედაქალაქში 5 „ატომური ჩემოდანი“ მსუბუქი ავტომობილების საბარგულებში უნდა განეთავსებინათ და სხვადასხვა ლოკაციაზე აემოქმედებინათ. თუმცა, კრიზისი განიმუხტა და მსგავსი ღონისძიების განხორციელება არ გახდა საჭირო. „ატომური ჩემოდნები“ მოკავშირე რესპუბლიკებშიც იყო განთავსებული. მათი დანიშნულება ის იყო, რომ საჭიროების შემთხვევში ეს იარაღი ასამოქმედებლად გაეტანათ ახლომდებარე საზღვარგარეთულ ქვეყანაში. მაგალითად, ბალტიისპირეთიდან – ევროპაში. ასეთი ჩემოდნები თბილისშიც ინახებოდა და განკუთვნილი იყო თურქეთისა და ირანისთვის. ჩემოდნები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სპეციალურ ბუნკერში იყო განთავსებული. 1989 წლის 25 აპრილს კი ზესაიდუმო ვითარებაში ეს ჩემოდნები სამხედრო მანქანებში დატვირთეს და საქართველოს სამხედრო გზით რუსეთისკენ წაიღეს. ამ ტვირთის პირველი შემოწმება ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) განხორციელდა. და აღმოჩნდა, რომ ტვირთს ერთი ჩემოდანი აკლდა. გამქრალი იყო ერთ-ერთი გამცილებელი, პოდპოლკოვნიკი როდინი. ამ აღმოჩენამ თავზარი დასცა პასუხისმგებელ პირებს და ჩემოდნისა და როდინის ძებნას შეუდგნენ. მართალია, როდინი 28 აპრილს საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს, მაგრამ ის მკვდარი იყო. როდესაც პოდპოლკოვნიკის ცხედარი გაკვეთეს, ექსპერტიზამ ალკოჰოლური მოწამვლა დაადასტურა. ინტენსიურად ეძებდნენ „ატომურ ჩემოდანსაც“. მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

რადიაციული სახლი

მიუხედავად იმისა, რომ ჩემოდანს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ, ამ საქმეს იძიებდნენ და არა ერთი ეჭვმიტანილი „დაამუშავეს“, დადებითი შედეგი არ ჩანდა. თუმცა, 1995 წელს თურქეთის სასაზღვრო სამსახურმა მათ ტერიტორიულ წყლებში დააკავეს კატერი, რომელიც ღამის წვყდიადში აპირებდა გაქცევას. კატერზე ორი ადამიანი აღმოჩნდა. თურქეთის მოქალაქე, ყოფილი მეზღვაური ილჰამ ოზგანი და იგორ მელნიკოვი. ეს უკანასკნელი საბჭოთა არმიის ყოფილი მაიორი იყო. სწორედ ამ კატერზე აღმოაჩინეს „ატომური ჩემოდანიც“, რომელსაც უკვე 6 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. მელნიკოვი თურქეთის უშიშროებამ დაჰკითხა და აღმოჩნდა, რომ „ატომური ჩემოდანი“ მელნიკოვმა გაიტაცა. ხოლო პოდპოლკოვნიკი როდინი კი თვალის ასახვევად ალკოჰოლური სასმლით დაათრო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მელნიკოვი საქართველოს მოქალაქე იყო და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალური უბნის საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. „ატომურ ჩემოდანს“ კი სწორედ ამ კორპუსის სარდაფში მალავდა, რომელიც მას ეკუთვნოდა. მელნიკოვს ეს ჩემოდანი თურქეთში იმიტომ მიჰქონდა, რომ ერთ-ერთი ანტითურქული ტერორისტული ორგანიზაციისთვის მიეყიდა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი მელნიკოვმა თბილისში გაიცნო და წინასწარი მოლაპარაკებაც საქართველოს დედაქალაქში შედგა. შეთანხმების მიხედვით, როდესაც „ტავარი“ თურქეთში ჩავიდოდა, მელნიკოვს ტერორისტები 3 მილიონ დოლარს ქეშად გადაუხდიდნენ. ამ ფულით კი ყოფილი საბჭოთა სამხედრო საფრანგეთში გამგზავრებასა და ფულის ბანკში შენახვას აპირებდა. საგულისხმოა, რომ ის კორპუსი, სადაც „ატომური ჩემოდანი“ უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე 6 წელი ინახებოდა, დღემდე რადიაციულია და საფრთხეს წარმოადგენს. მელნიკოვი კი უვადო პატიმრობას თურქეთის ციხეში იხდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა