კრიმინალური ისტორიები

როგორ გაყიდა რემბრანდტის ოთხი ასლი ქართველმა ფალსიფიკატორმა

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.12, 2020 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. 

გაქცეული რესტავრატორი

1988 წელს საბჭოთა კავშირიდან 40 წლის ონისე კახიანი გაიქცა. ის ლენინგრადის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, სადაც ფერწერა შეისწავლა და ლენინგრადის „ერმიტაჟში“ რესტავრატორად მუშაობდა. კახიანი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენის გალერეაში ორი კვირით იყო მივლინებული და ქართველი რესტავრატორი, სწორედ, იქიდან გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ კახიანის ძებნას ადგილობრივი უშიშროება – „შტაზი“ და საბჭოთა „კაგებე“ ერთად ახორციელებდნენ, მის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო. საინტერესო კი ის იყო, რომ ონისე კახიანის გაუჩინარებასთან ერთად ერმიტაჟის სარესტავრაციოდან გაქრა ორი ნაკლებად ცნობილი ნიდერლანდელი მხატვრის ოთხი ტილო, რომლებიც იქ სარესტავრაციოდ იყო მიტანილი და მათი განახლების შემდეგ რუსეთის პროვინციული მუზეუმებისთვის უნდა გადაეცათ. დაიწყო გამოძიება, რომელიც საკმაოდ უღიმღამოდ მიმდინარეობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა იყო არეული და საბჭოთა ძალოვანები ძირითადად პოლიტიკური პროცესებით იყვნენ დაკავებული. თანაც, ოთხი გაცრეცილი, გაუჩინარებული ტილო დიდ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მათი მოძებნისთვის დიდადაც არ გამოიდეს თავი. მაინცდამაინც არც ონისე კახიანს ეძებდნენ, რადგან მთელი მსოფლიო საბჭოთა კავშირის რღვევასა და გერმანიის გაერთიანებას ადევნებდა თვალ-ყურს.

20 წლის შემდეგ

2008 წელს ევროპის ერთ-ერთი ცნობილი აუქციონის მუშაობა დიდი სკანდალით შეჩერდა. საქმე ის იყო, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს დიდი ნიდერლანდელი მხატვრის, რემბრანდტის ოთხი ტილო. ეს ტილოები ოფიციალურად დაკარგულად იყო ცნობილი და ყველას ეგონა, რომ ისინი მაშინ დაიწვა, როდესაც ფაშისტებმა ჰოლანდიის ოკუპაცია მოახდინეს. თუმცა, ოთხივე ნახატი შემთხვევით ქალაქ როტერდამში, ერთ-ერთი გარდაცვლილი მოქალაქის სარდაფში აღმოაჩინეს. მისმა შთამომავლებმა კი სურათების გაყიდვა გადაწყვიტეს. ჩატარდა მაღალი დონის ექსპერტიზა და ტილოები ნამდვილად რემბრანტის ნამუშევრად აღიარეს. თითოეულის საწყისი ფასი 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო და მაშინ, როდესაც ვაჭრობა უნდა დაწყებულიყო, დარბაზში დიდი ხმაური ატყდა. საქმე ის იყო, რომ აუქციონს ესწრებოდა გერმანელი მილიონერი, რემბრანდტის მოყვარული კოლექციონერი და სკანდალი სწორედ მან ატეხა. მილიონერმა განაცხადა, რომ აუქციონზე წარმოდგენილი ნახატები ასლები იყო, ორიგინალებს კი თავად ფლობდა. ის აცხადებდა, რომ 20 წლის წინ, ანუ 1988 წელს; მან ეს ნახატები თითოეული მილიონ მარკად, ჰოლანდიელი მოქალაქისგან იყიდა, რომელსაც ტილოები მემკვიდრეობით ერგო. გერმანელი ირწმუნებოდა, რომ ყიდვამდე მან ნახატებს კვალიფიციური ექსპერტიზა ჩაუტარა და მხოლოდ მას მერე შეიძინა, რაც მათ ნამდვილობაში დარწმუნდა. აუქციონის მუშაობა დროებით შეფერხდა. კოლექციონერმა კი თავისი ტილოები ექსპერტიზას წარუდგინა. ახალ დასკვნაში კი, რომელიც ულტრათანამედროვე ექსპერტიზამ შეადგინა, ეწერა: ნახატები ყალბია და რემბრანდტის ფუნჯს არ ეკუთვნის, თუმცა უმაღლეს დონეზეა შესრულებული. ტილოები კი, რომლებზეც ისინია დახატული, რემბრანდტის ეპოქის დროინდელია და ძველი ექსპერტიზა სწორედ ამან მოატყუაო... კოლექციონერმა რომ ექსპერტიზის დასკვნა წაიკითხა, ოთხივე ტილო დანით დაჩეხა.

„ინტერპოლის“ ძებნილი

კოლექციონერის საქციელის მიუხედავად, სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული და ბრიტანეთის პოლიციამ, „სკოტლანდ იარდმა“ გამოძიება დაიწყო. გამოცდილმა მაძებრებმა მალევე დაადგინეს, რომ რემბრანდტის ოთხი ტილოს გამყალბებელი, 1988 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცეული რესტავრატორი ონისე კახიანი იყო. კახიანმა, რომელიც საუცხოოდ ხატავდა ასლებს, შეგნებულად გაიტაცა მეთვრამეტე საუკუნის ჰოლანდიური ტილოები „ერმიტაჟიდან“. სწორედ, ამ გარემოებამ ითამაშა მთავარი როლი და გერმანელი კოლექციონერის მიერ მოყვანილმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ტილოები ნამდვილად მეთვრამეტე საუეკუნეში იყო შექმნილი. მხატვრის ვინაობაში კი იმიტომ შეცდა, რომ კახიანს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი როგორც რემბრანდტის ხატვის მანერა, ასევე მეთვრამეტე საუკუნის საღებავების დამზადების ტექნოლოგიები. ქართველმა იმიტატორმა „ძველი“ საღებავების დასამზადებლად გატაცებული ოთხი ტილოდან ჩამოფხეკილი საღებავები გამოიყენა (ქიმიურად დაამუშავა). ერთი სიტყვით, 60 წლის ქართველ ფალსიფიკატორზე „ინტერპოლის“ მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა და მისი ფოტორობოტიც შედგა. საქმეში კვლავ რუსეთის უშიშროება ჩაერთო, ისინი კახიანს საკუთარი არხებით ეძებდნენ. 2009 წლის დეკემბერში თბილისის ცენტრში რუსეთის ორი სპეცაგენტი დააკავეს, რომლებმაც აღიარეს, რომ კახიანს ეძებდნენ, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და ისინი მოსკოვში დაბრუნდნენ. კახიანის ძებნა კი მსოფლიო მასშტაბით გრძელდებოდა. 2009 წელს ის ბუენოს-აირესში დაფიქსირდა. თუმცა მისი მოხელთება ვერ მოხერხდა. 61 წლის ქართველი ფალსიფიკატორი არგენტინის პოლიციას ხელიდან გაუსხლტა. კახიანი, სავარაუდოდ, დღემდე ძებნაშია, თუმცა ახალი ცნობები მის შესახებ არ არსებობს და არავინ იცის, მკვდარია თუ ცოცხალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი