კრიმინალური ისტორიები

როგორ გაყიდა ქართველმა თაღლითმა თბილისის სატელევიზიო ანძა

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 11.01

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

2000 წელს მოსკოვში, 89 წლის ასაკში, მურთაზ ბართაია გარდაიცვალა. ეს ის ადამიანია, რომელმაც თბილისის სატელევიზიო ანძა გაყიდა და ამასთან, არაერთი არაორდინარული დანაშაული ჩაიდინა.

პატარა ბოროტმოქმედი

მურთაზ ბართაია სულ რაღაც 10 წლის იყო, როდესაც პირველი დანაშაული ჩაიდინა. 1921 წლის თებერვალში თბილისის „განმათავისუფლებელი“ სერგო ორჯონიკიძე ქაშუეთის ეკლესიის წინ პროპაგანდისტულ მიტინგს ატარებდა. სრული დამაჯერებლობისთვის, რომ კომუნისტები ხალხისთვის იღვწოდნენ, სერგოს ბრძანებით, სახელდახელოდ აღმართულ ტრიბუნაზე უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები დააყენეს. მათ შორის იყო მურთაზ ბართაიაც. ბავშვი, მგზნებარე მოლაპარაკე ორჯონიკიძის გვერდით აღმოჩნდა. ქამარზე მას ლენინის ნაჩუქარი საათი ჰქონდა ჩამოკიდებული. როგორც ეტყობა, მურთაზს ძალიან მოეწონა „ძია სერგოს“ ნივთი და ოსტატურად მოხსნა ის ძეწკვიდან. თუმცა ეს მოძრაობა ორჯონიკიძის პირად მცველს არ გამოჰპარვია და ბავშვს საათი აართვა. მურთაზი კი ბავშვთა სახლში წაიყვანეს და დასაჯეს. მას მთელი დღის განმავლობაში მოუწია კუთხეში, მუხლებზე დგომა და როდესაც სასჯელის ვადა გაუთავდა და წამოდგომა შეძლო, მშიერი იქვე ჩაიკეცა.

ორდენოსანი რეციდივისტი

მრავალმხრივი ნიჭის მიუხედავად მურთაზ ბართაია მრუდე გზით წავიდა და 30 წლისთვის უკვე სამი ნასამართლობა ჰქონდა. 1941 წლის ივნისში, მურთაზი მეოთხედ დააპატიმრეს კიევში, ბრალად თაღლითობა ედებოდა და სასამართლოს მოლოდინში ის უკრაინის დედაქალაქის „კაპეზეში“ იჯდა. ფაშისტები რომ უკრაინის დედაქალაქში შეიჭრნენ, პატიმრების ევაკუაცია მიმდინარეობდა. მურთაზმა მომენტით ისარგებლა და გაიქცა. თუმცა, ის ფაშისტების მხარეზე არ გადასულა, ადგილობრივი კრიმინალებისგან საბრძოლო ჯგუფი შეადგინა და ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანულად იბრძოდა. როდესაც უკრაინის დედაქალაქში საბჭოთა ხელისუფლება აღდგა, მურთაზ ბართაია ორდენზე წარადგინეს და მას წითელი ვარსკვლავის ორდენი გადაეცა, თუმცა 1945 წელს ბართაიას რეციდივისტობა გაუხსენეს. საბრძოლო დამსახურებები არ გაითვალისწინეს და ისევ „სროკზე“ გაუშვეს. ორდენოსანმა რეციდივისტმა 7 წელი „ხეხა“ ციმბირის „ლაგერები“ და საბოლოოდ ჩაიქნია ხელი პატიოსან ცხოვრებაზე. მან საბოლოო პროფესიად თაღლითობა აირჩია და მრავალმხრივი ნიჭიერებიდან გამომდინარე, წარმატებით ართმევდა თავს ამ საქმეს.

ინსპექტორ-რევიზორი

ყველა „სიკეთესთან“ ერთად მურთაზ ბართაიას ხატვა ეხერხებოდა. ის ერთი პერიოდი ცნობილი სურათების ასლებს ხატავდა და ყიდდა. შემდგომ კი საბუთების გაყალბებას მიჰყო ხელი. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში კი მურთაზმა ფინანსთა სამინისტროს უფროსი ინსპექტორ-რევიზორის საბუთი დაამზადა, შიგნით საკუთარი ფოტო ჩააკრა, შესაბამისად გამოეწყო და საბჭოთა კავშირის პერიფერიულ რაიონებს ჩამოუარა. მურთაზი სავაჭრო ობიექტების ხშირი სტუმარი იყო და მათ „გულმოდგინედ ამოწმებდა“. შეშინებული თანამდებობის პირები კი მას სოლიდურ თანხებს უხდიდნენ, რომ მათი ფინანსური დარღვევების შესახებ მოსკოვში არ ჩაეტანა ამბები. 1965 წელს „ინსპექტორ-რევიზორი“ ზუგდიდს ესტუმრა და იქ მოინდომა „ფრთების გაშლა“. თუმცა, ადგილობრივ ქორვაჭრებს ყველა მოსყიდული ჰყავდათ და მოსკოვიდან შემოწმებას არ ელოდნენ. ამიტომ ახლადმოვლინებული ინსპექტორ-რევიზორი მილიციაში გადაამოწმებინეს და ხელში რეციდივისტი თაღლითი შერჩათ. ბართაია გაშიფრეს და ზუგდიდიდან თბილისის ციხეში ამოაყოფინეს თავი. იქ მურთაზმა 6 წელი დაჰყო და 1971 წელს გათავისუფლდა. იქვე დაოჯახდა და ვაჟიც შეეძინა.

ანძა

1972 წელს მთაწმინდის მთაზე ახალი ანძა დაამონტაჟეს და ძველი კი გორში უნდა გადაეტანათ. მურთაზის ცოლისძმა ინჟინერი იყო და თაღლითმა მისგან შეიტყო ეს ინფორმაცია. ამიტომ, ამ საქმეზე ხელის მოთბობა მოინდომა. მურთაზი ქალაქ ნოვოკუზნეცკში გადაფრინდა, ადგილობრივი მეტალურგიული ქარხნის დირექტორს ყალბი საბუთები დაუდო წინ და თბილისის ანძის შეძენა მიზერულ ფასად შესთავაზა. დაახლოებით, ასტონიანი ანძა მურთაზმა ასი ათას მანეთად გაყიდა: 1 მანეთი – 1 კილოგრამზე. ქარხნის დირექტორი თბილისში ჩამოიყვანა და როდესაც დემონტირებული ანტენა ვერტმფრენით გორში გადაჰქონდათ, დირექტორს ეგონა, რომ მის ეშელონზე ტვირთავდნენ და გადასადნობად ნოვოკუზნეცკში წაიღებდნენ. მურთაზმა „ქეშად“ 50 ათასი მანეთი აიღო, დანარჩენი ქარხანას „ლიპა“ ანგარიშზე უნდა გადაერიცხა. ამის მერე მოხერხებული თაღლითი „მოტყდა“ და მისი დაკავება მხოლოდ 1976 წელს, 3 სექტემბერს მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე, თასის ფინალური მატჩის დროს მოხერხდა. 65 წლის თაღლითს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული