კრიმინალური ისტორიები

როგორ გახსნა „კაგებეს“ ქართველმა მაიორმა 50 წლის წინანდელი იდუმალი საქმე

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

უცნაური ჩანაწერი

  1970 წლის 2 მაისს ლენინგრადში, ყავისფერ შესახვევში ძველი სახლი დაანგრიეს. მუშებმა ერთ-ერთ კედელში ტყავის ჩანთა იპოვეს. ჩანთა მილიციაში მიიტანეს და მას შემდეგ, რაც ის გახსნეს და შიგთავსი დაათვალიერეს, მიზანშეწონილად სცნეს, რომ ნაპოვნი „კაგებეში“ გადაეგზავნათ. მილიციის მაიორმა კარპოვმა ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება – მე გულდასმით გავეცანი ჩანთის შიგთავსს და მასში ნაპოვნმა ასმანეთიანმა კუპიურამ და  ჩანაწერმა დამარწმუნა, რომ ეს საქმე უშიშროებამ უნდა გამოიძიოს.

  ტყავის ჩანთაში ნაპოვნ დიღურებში ვინმე ალექსანდრე უვაროვი წერდა: „იმპერატორის მიერ ნაბოძებ ჩანთას კედელში ჩავადუღებ და „კატინკას“ მომავალი ბედის განკარგვას უფალს მივანდობ. იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კუთვნილება ადრესატამდე, ადრე თუ გვიან, მაინც მიაღწევს. არც თეთრ და არც წითელ ბანდებს მას ხელში არ ჩავუგდებ“.

  ალექსანდრე უვაროვი პროფესიით უბადლო იუველირი იყო და იმპერატორის განძთსაცავის მთავარი შემფასებელი. ლენინგრადელმა „ჩეკისტებმა“ უვაროვის 50 წლის წინანდელი საქმე მოიძიეს. საარქივო მასალების მიხედვით, უვაროვი 1920 წელს საკუთარ სახლში მოკლეს და საქმე დახურული იყო.

ძველი „ჩეკისტის“ ნაამბობი

უვაროვის „ჩანთის საქმის“ მოვკვლევა „კაგებეს“ კაპიტან თემურ შარიას დაავალეს. საარქივო მასალებში მან აღმოაჩინა, რომ 1920 წელს უვაროვის მკვლელობის საქმეს რუდოლფ ბერზინის საგამოძიებო ჯგუფი იძიებდა. ჯგუფში ხუთი „ჩეკისტი“ იყო. ბერზინი 1937 წელს დახვრიტეს. სამი წევრი სხვადასხვა დროს დაიღუპა. ცოცხალი იყო მხოლოდ 73 წლის თადარიგის პოლკოვნიკი ივან კოზირევი. შარია მას სახლში ეწვია და უთხრა:

– ივან საველიჩ, იქნებ უვაროვის მკვლელობის საქმე გაიხსენოთ და დაგვეხმაროთ. ჩვენს უწყებაში ფიქრობენ, რომ ეს იდუმალი ამბავი უნდა იყოს.

– ცხონებულ მიშა ეგოროვსაც ასე ეგონა და სწორედ, ამ საქმეს შეეწირა, – უთხრა კოზირევმა შარიას, – ის საწყალი ამბობდა: „უვაროვი იმიტომ მოკლეს, რომ მისგან რაღაც საიდუმლოს გაგება სურდათო“. ჩვენ კი გვეგონა, რომ უვაროვი ძარცვის მიზნით მოკლეს, რადგან ნაწამები იყო. მისი ბინა კი – გადატრიალებული. ეგოროვი ჩვენზე გამოცდილი იყო, თავის ვერსიით კვლევა განაგრძო. სიკვდილის წინ კი მითხრა: ვანია, ბოლომდე მიჰყევი „კატინკას“ კვალსო.

– „კატინკას“? – იკითხა შარიამ.

– უვაროვის მკვლელი, ყოფილი თეთრი ოფიცერი, კაპიტანი შკლოვსკი დავაპატიმრეთ. ის დუმდა. ერთ კვირაში კი ციხიდან გაიქცა და ეგოროვიც მან მოკლა. თუმცა მას ტონი მილერის ბინაში მივაგენით. მილერი ბრიტანეთის ქვეშევრდომი და თავისი ქვეყნის საზღვაო მისიის წარმომადგენელი იყო. ლენინგრადში ის ბინას ქირაობდა. ყველაფერი, სწორედ, ამ ნაქირავებ ბინაში მოხდა. შკლოვსკიმ რომ მიშა სასიკვდილოდ დაჭრა, სახურავზე გადახტა და გაიქცა. მაგრამ ის მე მოვკალი. შემდეგ მიშას მივუბრუნდი, რომ გადამერჩინა და იმ დროს მითხრა, „კატინკას“ კვალს მიჰყევიო. მაშინ „კატინკას“ ვერც მე მივაგენი და სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, ვინ და სად უნდა მეძებნა. მიშა თავის ვერსიას მისდევდა და „კატინკაც“ მისი მიგნება იყო. ჩვენ ტონი მილერი დავაპატიმრეთ, მაგრამ მალევე გავუშვით, როგორც უცხოელი დიპლომატი. მაშინ ეს საქმე ამით დასრულდა. თუმცა, ტონი მილერის სახელი 1950 წელსაც შემხვდა. მაშინ ის უკვე ბობოლა ბიზნესმენი იყო და ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ ჩვენს ქალაქში რაღაცას ეძებდა. სხვათა შორის, მილერი მაშინ ყავისფერ შესახვევში, ანუ მოკლული უვაროვის სახლის ირგვლივ, ტრიალებდა, თუმცა, მას 30 წლის მერეც ვერ „ჩავავლეთ“.

– „კატინკას“ კვალი დაიკარგა?

კოზირევს გაეცინა და შარიას უთხრა:

– „კატინკა“ ქალი არ გეგონოთ. ის მეფისდროინდელი ასმანეთიანის სახელწოდებაა. ამ კუპიურას იმპერატრიცა ეკატერინე მეორე ეხატა და „კატინკასაც“ ამიტომ უწოდებდნენ. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, ნადირობაც, სწორედ, ამ კუპიურაზე მიდიოდა, რომელიც უვაროვის დღიურებში იპოვეთ.

ოპერაცია „კატინკა“

სამსახურში დაბრუნებულმა შარიამ კოლეგებს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და თქვა:

– როგორც ეტყობა, ტონი მილერიც „კატინკას“ ეძებდა და ჩვენგან განსხვავებით, იცოდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ის. კოზირევის თქმით, მილერი 72-74 წლის უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალია.

„კაგებეში“ გაარკვიეს, რომ მილერი ცოცხალი იყო. მეტიც, აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და საზღვაო საკითხებში ბრიტანეთის დიპლომატიური უწყების კონსულტანტი იყო. „კაგებემ“ ვინმე ანასტასია კოვალჩუკსაც მიაგნო, რომელიც 1950 წელს მილერის გიდი იყო, თან საყვარელიც. უკვე 55 წლის ქალი 20 წლის შემდეგ მიიყვანეს „კაგებეში“ და დაჰკითხეს. კოვალჩუკმა დაადასტურა, რომ მილერი 1950 წელს უვაროვის ჩანაწერებს ეძებდა, შემდეგ კი აცრემლდა და თქვა:

– 1950 წელს, როდესაც უშიშროებამ დამკითხა, მე ეს ფაქტი დავმალე. ახალგაზრდა, შტერი ვიყავი და მეშინოდა, რომ მილერს დაიჭერდნენ, ის კი ჩვენი ინტიმური ურთიერთობების ამბავს გაამჟღავნებდა. მილერს ვიღაც უვაროვის ჩანაწერები აინტერესებდა და ასე ხშირად ამიტომ მივდიოდით ყავისფერ შესახვევში. ტონი ამბობდა: უვაროვი დედაჩემის „კუზენი“ იყო და ჩვენი გვარის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდაო. სანამ მილერი სამშობლოში დაბრუნდებოდა, მითხრა: „უნდა გავემგზავრო. ჩემი დიპლომატიური მისია ამოიწურა. შენ კი გთხოვ, ძებნა განაგრძო და თუკი რამეს მიაგნებ, ხმა მომაწვდინეო. მან მე თავისი პირადი ფოსტის ნომერი დამიტოვა და კოდური წერილის შინაარსიც, რომელიც საერთაშორისო, დაზღვეული ხაზით იგზავნება.“

კოვალჩუკის ჩვენება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უშიშროებაში საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ. ბოლოს, ქალს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს. შემდეგ ის საქმის კურსში ჩააყენეს და მილერს 20 წლით მივიწყებული კოდირებული შინაარსის წერილი მისწერეს. მასში მილერს ატყობინებდნენ, რომ უვაროვის ჩანაწერები იპოვეს. ამით ბრიტანელს საბჭოეთში იტყუებდნენ. მას უვაროვის დღიურსა და შეცვლილ „კატინკას“ მისცემდნენ, რომ გაეგოთ, როგორ მოიქცეოდა შემდგომში.

რაც შემდეგ მოხდა, ტონი მილერის ცხოვრებაში ყველაზე დიდ კოშმარად იქცა. ბრიტანელი ჯერ შოკში ჩააგდო, მერე კი დამბლა დაეცა და სამუდამოდ დამუნჯდა.

საბჭოეთში შეტყუებული მილერი სასტუმრო „ასტორიაში“ დასახლდა. იქვე შეხვდა ანასტიასია კოვალჩუკს და მისგან შეცვლილი „კატინკა“ და უვაროვის დღიურები მიიღო. შემდეგ მილერმა ჟენევის ავიარეისზე ბილეთი შეუკვეთა და მეორე დილას „კაგებეს“ თანამშრომლების „თანხლებით“ შვეიცარიაში გადაფრინდა. მილერი ჟენევის ერთ-ერთ ბანკში მივიდა, მმართველს შეხვდა, მას „კატინკა“ წარუდგინა და უთხრა:

– აი, ჰერ, ნახეთ, ამ კუპიურაზე აღნიშნული ნომერი თქვენს ბანკში შენახული საიდუმლო შენატანია. ის ჩემია და უნდა გავიტანო.

ბანკის მმართველმა მილერი სარდაფში ჩაიყვანა, უზარმაზარ სეიფზე ნომერი აკრიფა, თუმცა კარი არ გაიღო. მმართველმა მილერს უთხრა:

– ვწუხვარ, ჰერ, მაგრამ ეს კოდი სეიფს არ მოერგო.

ამ სიტყვების გაგონებაზე მილერი ჯერ გაფითრდა, ბოლოს კი შოკირებული წაიყვანეს კლინიკაში... ამ შემთხვევიდან მეორე დღეს, იმავე ბანკის მმართველთან უკვე საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელი მივიდა და უზარმაზარი სეიფიდან უამრავი სიმდიდრე წამოიღო. ეს ის ქონება იყო, რომელიც ნიკოლოზ მეორემ გადადგომამდე შვეიცარიაში გაატანა თავის ერთგულ უვაროვს. ამ აურაცხელ სიმდიდრეში აღმოჩნდა მრავალი ისეთი ნივთი, რომლებიც დაკარგულად მიიჩნეოდა და ყველა მათგანი დღეს კრემლის ალმასის ფონდში ინახება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი