კრიმინალური ისტორიები

როგორ გახსნა „კაგებემ“ ეკლესიის ძარცვის საქმე

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.01

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ანგელოზის თმა“

1978 წლის მაისში თბილისის ერთ-ერთი ძველი ტაძარი გაიძარცვა. ეკლესიიდან წაიღეს ოცი ძვირფასი ნივთი, რომელთაგანაც თორმეტი არ იყო მხოლოდ ძვირად ღირებულ ნაკეთობა, ისინი ისტორიულ-კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდნენ. გატაცებული არტეფაქტების უმეტესი ნაწილი მსხვილკარატიანი ძვირფასი ქვებით იყო შემკული – ალმასებით, ბრილიანტებით, ლალებითა და ზურმუხტებით. თითოეული ძვირფასი ქვა 4 კარატზე მეტი იყო. ნივთები კი – ხატები და საეკლესიო-რიტუალური რეკვიზიტები ბაჯაღლო ოქროსგან იყო ჩამოსხმული და ექსპერტთა შეფასებით, გატაცებული ნივთების საერთო ღირებულება 2 მილიონ საბჭოთა მანეთს შეადგენდა, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო. საქართველოს მუზეუმის მესვეურებმა არაერთხელ დასვეს საკითხი ამ ნივთების მუზეუმში გადატანის თაობაზე და მათ უსაფრთხო შენახვაზე, მაგრამ ეს არ მოხერხდა და ნივთები კვლავ ტაძარში დარჩა. მთელი ძალოვანი სისტემა ფეხზე დადგა. ააწრიალეს კრიმინალური სამყარო და განსაკუთრებით იმ კატეგორიის ხალხზე ნადირობდნენ, ვისაც „შავ სამყაროში“ „ანგელოზის თმას“ უწოდებენ. ეს სახელი ეკლესიის ქურდებს ჰქვიათ. და, მართლაც, სულ რაღაც, 8 დღეში დააკავეს 46 წლის ოლეგ ურუმოვი. ის სვერდლოვსკის მკვიდრი იყო, 5-წლიანი პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული და თბილისში „გასტროლებზე“ იმყოფებოდა. ურუმოვი „ანგელოზის თმის“ ბოროტმოქმედთა კატეგორიაში გადიოდა და სასტუმრო „კოლმეურნეში“ ცხოვრობდა, რომელიც თბილისის ვაგზლის მოედანზე მდებარეობდა. მილიციის ოპერებმა ურუმოვი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის თბილისი-მოსკოვის მატარებელში ჯდებოდა და საქართველოს დედაქალაქიდან უნდა გამგზავრებულიყო. ჩემოდანში მას ტაძრიდან მოპარული არტეფაქტები აღმოუჩინეს. ურუმოვმა დანაშაულიც აღიარა და სამართალდამცველები ზეიმობდნენ, თუმცა ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა.

მოულოდნელი აღმოჩენა

საქმე გახსნილად გამოცხადდა და ცეკას პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს ეს ფაქტი დაუყოვნებლივ ახარეს. თუმცა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის ყოფილ კოლეგებს უთხრა, რომ ჯერ ბოლომდე დაესრულებინათ საგამოძიებო მოქმედებები და მხოლოდ ამის მერე ეზეიმათ. მილიციის სამმართველოში აღმოჩენილი არტეფაქტების ამოსაცნობად საპატრიარქოს ერთ-ერთი იერარქი და გაძარცული ტაძრის მოძღვარი ვარლამ ფერშანგიშვილი მიიწვიეს. მან ყველა ნივთი ამოიცნო. მილიციელებს მადლობა გადაუხადა და ნივთების წაღება დააპირა, მაგრამ უთხრეს, რომ არტეფაქტებს 2-3 დღეში დაუბრუნებდნენ და რელიგიის მსახური გაისტუმრეს. ორიოდე საათის შემდეგ კი ამ ნივთების შესამოწმებლად მილიციის სამმართველოში ორი ექსპერტი მიიყვანეს. პირველივე არტეფაქტის დათვალიერებისას 67 წლის მერაბ თოიძეს მღელვარებისგან წნევამ აუწია, ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. საქმე ის იყო, რომ ყველა ძვირფასი თვალი, რომლებიც არტეფაქტში იყო ჩასმული, ყალბი აღმოჩნდა. ანუ შეცვლილი იყო. გაყალბებული იყო დანარჩენი არტეფაქტების თვლებიც. მილიციამ ექსპერტები გააფრთხილა, რომ ამის შესახებ არავისთან დაეძრათ სიტყვა. შემდგომ კი ეს საქმე „კაგებეს“ გადაულოცეს და გამოძიება უშიშროების ხელში გადავიდა.

ეშმაკის მოციქული

ძვირფასი თვლების შეცვლის თაობაზე, ეჭვი ტაძრის მოძღვარზე, 29 წლის ვარლამ ფერშანგიშვილზე მიიტანეს. ეკლესიაში „კაგებეს“ აგენტებმა თავის კურატორს აცნობეს, რომ ფერშანგიშვილი, დიდი ალბათობით, მამათმავალი იყო და მისი ერთ-ერთი სავარაუდო პარტნიორიც დაასახელეს. უშიშროების გეგმის მიხედვით, არტეფაქტები ტაძარში ორი დღის შემდეგ დააბრუნეს, რათა მთავარი დამნაშავე არ დაეფრთხოთ და მისი ყურადღება მოედუნებინათ. ფერშანგიშვილის სავარაუდო პარტნიორი კი ფარულად მიიყვანეს უშიშროებაში და ფსიქოლოგიურად დაამუშავეს. ის გამოტყდა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა მამათმავლურ კავშირში არა მარტო ფერშანგიშვილთან, არამედ პედრო ტანკაშვილთან და მის, ეგრეთ წოდებულ, მამაშვილურ ჯგუფთან, როგორც მათ ტანკაშვილი უწოდებდა. პედრო ტანკაშვილი გაძარცული ტაძრის ყოფილი მოძღვარი იყო. იმჟამად კი, მაღალი საეკლესიო იერარქია ეკავა. „დამუშავებულ“ მამათმავალს აღიარებითი ჩვენება დააწერინეს. შემდგომ კი დაავალეს, რომ ფერშანგიშვილთან მამათმავლური კავშირი კინოფირზე გადაეღო და მას სპეციალური მიკროკინოკამერა გადასცეს. 5 დღეში „კაგებეს“ უკვე ხელთ ჰქონდა მამათმავლური ორგიის ამაზრზენი კადრები. მასზე აღბეჭდილი იყო 5 ადამიანი და მათ შორის პედრო ტანკაშვილიც. შემდგომი ქმედებები კი უკვე ტექნიკის საქმე იყო: ფერშანგიშვილი „კაგებეში“ მიიყვანეს, ფარული კადრები უჩვენეს და შესთავაზეს, რომ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ სასჯელს შეუმსუბუქებნენ. ფერშანგიშვილმა აღიარა, რომ ძვირფასი არტეფაქტების უმრავლესობა ძველი მოძღვრის, პედრო ტანკაშვილის მიერ იყო გაძარცული. დანარჩენი ნივთები კი, პედროს დავალებით, თავად მან გაძარცვა. ტანკაშვილი დააპატიმრეს. მისი ბინის ჩხრეკისას 100 ათასი მანეთი, 25 ათასი დოლარი და 6 ცალი ძვირფასი ქვა აღმოაჩინეს. დანარჩენი ქვები კი ტანკაშვილს უკვე გაეყიდა და მხოლოდ 4 ძვირფასი ქვის დაბრუნება მოხერხდა. ტანკაშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს. ფერშანგიშვილი 5 წლით ჩასვეს ციხეში. არტეფაქტები კი სახელმწიფო მუზეუმს გადასცეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული