კრიმინალური ისტორიები

როგორ გახსნა ახალგაზრდა გამომძიებელმა ჩახლართული საქმე

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.01

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ხანძარი

– გამეცალე, კობა, კაპიკს ვეღარ მიიღებ ჩემგან. ჯერ ის დამიბრუნე, რაც გამომართვი, – უთხრა ორმოცდაათიოდე წლის კაცმა ოცდახუთი წლის ახალგაზრდა კაცს და დააყოლა, – დროზე აახვიე, ბიჭო!

– ჟმოტი და უზრდელი ხარ, პეტროვიჩ, – ზიზღით თქვა ახალგაზრდამ და კარისკენ წავიდა.

– წადი, შენი დედაც... – შეაგინა მასპინძელმა სტუმარს.

ახალგაზრდა მასპინძელს შეუტრიალდა და გინებით უპასუხა, თან სილა გააწნა მას. თუმცა, პეტროვიჩმა კობას ბუხრის საჩხრეკი რკინა მოუქნია, მაგრამ ახალგაზრდამ მასპინძელს რკინა წაართვა, თავში ჩასცხო და იატაკზე დასცა. პეტროვიჩი უგონოდ ეგდო, საფეთქელთან კი სისხლის ლაქები ჰქონდა.

– შემომაკვდა, – თქვა კობამ. რკინა იატაკზე დააგდო, სახლიდან შურდულივით გავარდა და ღამის ბინდში გაუჩინარდა.

ათიოდე წუთის შემდეგ პეტროვიჩი გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. შემდეგ სარდაფში ჩავიდა და იქიდან მოკლული მამაკაცის ცხედარი ამოათრია, რომელსაც ორი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი და ბუხრის წინ დააგდო, სადაც ცოტა ხნის წინ თავად ეგდო. ისევ სარდაფში დაბრუნდა და იქიდან საშუალო ზომის შავი ტყავის ჩანთა აიღო. მოკლულს ბენზინი გადაასხა ბოთლიდან, რომელიც ბუხართან იდო. შემდგომ ელექტროსადენები ერთმანეთს მიადო, მოკლე ჩართვა მოახდინა და როდესაც ხის ორსართულიან სახლს ცეცხლი მოეკიდა, იქაურობას გაეცალა...

პეტროვიჩი სოლომონ ზარიძე იყო, ახალგაზრდა კაცი კი – მისი ქალიშვილის მეუღლე, კობა რუხაძე.

აღიარება

სოლომონ ზარიძის ორსართულიანი სახლი, რომელიც მცხეთის განაპირას მდებარეობდა, პირწმინდად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა და მილიციამ დამწვარ, ჩამოქცეულ სახლში დანახშირებული ცხედარი აღმოაჩინეს. სხვა აზრი არ გასჩენიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ის სოლომონ ზარიძე იყო. თავდაპირველად იფიქრეს, უბედური შემთხვევააო და ეგონათ, მასპინძელი ცუდად გახდა და წაიქცა, მოკლე ჩართვამ კი ხანძარი გააჩინა, რამაც ზარიძე შეიწირაო. საქმის დახურვაც კი უნდოდათ, მაგრამ ახალგაზრდა გამომძიებელმა, თაზო ქვარცხავამ დაჟინებით მოითხოვა დანახშირებული ცხედრის ექსპერტიზა და შედეგმაც არ დააყოვნა – მას გულის არეში ორი ცეცხლსასროლი სასიკვდილო ჭრილობა აღმოაჩნდა. ამოიღეს დამდნარი ტყვიის გულებიც. ქვარცხავამ კოლეგები გააფრთხილა, რომ ეს ინფორმაცია არავისთვის გაემხილათ. თავად კი ეჭვმიტანილთა სია შეადგინა და დაკითხვებს შეუდგა. სიაში იყო კობა რუხაძეც, რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ სიძე-სიმამრი ერთმანეთს ვერ იტანდა და რომ სიძეს სიმამრის ვალი ჰქონდა – 800 მანეთი. ქვარცხავამ კობა რუხაძე პირისპირ დაისვა და რამდენიმე დამაბნეველი შეკითხვა დაუსვა, თან მის ქცევებს აკვირდებოდა. ბოლოს ჰკითხა:

– სიმართლე თქვი, სიმამრი ფულის გამო მოკალი?

კობა რუხაძეს სახე გაუფითრდა. ცივმა ოფლმა დაასხა, აკანკალდა და მიუგო:

– მოკვლა არ მინდოდა. ფული ვთხოვე სესხად და სახლიდან გამაგდო. რომ გავდიოდი, დედის გინება მომაყოლა. მივუბრუნდი, მან კი ბუხრის საჩხრეკი რკინა მომიქნია. რკინა წავართვი, თავში ჩავარტყი და შემომაკვდა. ხანძარი კი მე არ გამიჩენია. ალბათ, მოკლე ჩართვა იყო.

– ესე იგი, აღიარებ, რომ მკვლელობა შენ ჩაიდინე ბუხრის საჩხრეკით? – თქვა ქვარცხავამ.

– დიახ. სწორედ მასე იყო.

– კარგად გაიხსენე. ხომ არაფერი გეშლება?

– არა. სწორედ მასე იყო.

– კობა, მომისმინე, მე შენ ახლა გაგიშვებ, მაგრამ კრინტიც არავისთან დაძრავ, საიდუმლოდ შეინახავ, რაც აქ თქვი და საერთოდ, არავისთან წამოგცდეს, რომ იმ ღამეს სიმამრთან იყავი. ხომ არავისთვის გითქვამს?

– არა. თავი გააქნია გაოცებულმა რუხაძემ და დაამატა – ცოლისთვის ვაპირებდი თქმას. ის იმ ღამეს ბავშვთან ერთად თავის დასთან იყო თბილისში.

– მოკლედ, კრინტი არავისთან დაძრა.

– რატომ, მე ხომ მკვლელი ვარ და მიშვებ?

– მკვლელობა იარაღით მოხდა. მოკლულს გულში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და შეიძლება, სულაც არაა შენი სიმამრი. ჩემი აზრით, აქ სხვა რამეშია საქმე. მოკლედ, წადი და კრინტი არავისთან დაძრა.

კობამ პირობა დაუდო ქვარცხავას და წავიდა. თაზომ კი კობას აღიარების შესახებ კოლეგებსაც არ შეატყობინა და გამოძიება განაგრძო.

ძველი საქმე

თაზო ქვარცხავა დარწმუნებული იყო, რომ მომხდარი შემთხვევის უკან წარსულში რაღაც იდუმალი ისტორია იმალებოდა. ამიტომ, მან გულდასმით დაიწყო სოლომონ ზარიძის ბიოგრაფიის შესწავლა. არქივიდან მისი დოსიე გამოითხოვა და აღმოჩნდა, რომ 12 წლის წინ ზარიძე თბილისის ლომბარდის დაცვის თანამშრომელი იყო და ცვლის უფროსად მუშაობდა. სწორედ ზარიძის მუშაობის პერიოდში გაიძარცვა ლომბარდი, რომლის ერთ-ერთი სეიფიდან წაიღეს ძვირფასი სამკაულები, ანტიკვარული ნაკეთობები, რომელთა ღირებულებამ 890 თასი მანეთი შეადგინა. ძარცვის დროს ზარიძე იქ უკვე აღარ მუშაობდა. მილიციამ ეჭვი ვინმე როსტომ კორინთელზე მიიტანა, თუმცა, მათ ხელთ არსებული ცნობით „მედვეჟატნიკი“ ციხეში იჯდა და მისი მონაწილეობა გამოირიცხა. ერთი სიტყვით, ის საქმე ჩიხში იყო შესული და გაუხსნელი რჩებოდა. თუმცა, ქვარცხავამ კორინთელის საქმე გამოითხოვა და დაადგინა, რომ ის ერთი წლის წინ გათავისუფლდა ციხიდან და თბილისში ცხოვრობდა. თაზომ ის მოიკითხა და აღმოჩნდა, რომ კორინთელი სწორედ იმ დღეს გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით, როდესაც ზარიძის სახლში მკვლელობა და ხანძარი მოხდა. ქვარცხავა დარწმუნებული იყო, რომ მოკლული სწორედ კორინთელი იყო, რომელმაც ზარიძეს ლომბარდიდან წამოღებული ნივთებისთვის მიაკითხა. ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ზარიძე ლომბარდიდან წამოსვლის შემდეგ რუსეთში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად და მცხეთაში მხოლოდ ორი წლის წინ დასახლდა. ამიტომ თაზო ქვარცხავამ სოლომონ ზარიძეზე გამოაცხადა ძებნა და შედეგმაც არ დააყოვნა. ზარიძე სამი კვირის შემდეგ სოჭის პორტში დააკავეს, როდესაც ის ოდესის მიმართულებით აპირებდა გამგზავრებას. მას პატარა ჩანთაც აღმოუჩინეს, რომელშიც 14 წლის წინ გაძარცული ლომბარდის ძვირფასეულობა აღმოჩნდა. მან აღიარა ლომბარდის „ნაკოლშჩიკობა“ და კორინთელის მკვლელობა. სასამართლომ კი სოლომონ პეტრეს ძე ზარიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა