კრიმინალური ისტორიები

როგორ გახდა თბილისელი „ცეხავიკი“ ოფიციალური მილიონერი

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.05, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

რეზონანსული საქმე

ედუარდ შევარდნაძის საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივნად დანიშვნამ „ძელეცები“ (საქმოსნები) უკიდურესად შეაშფოთა, რადგან იცოდნენ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მათ საქმიანობას აღკვეთავდა. და მართლაც, შევარდნაძემ ყველა მათგანის წინააღმდეგ შეგროვებული კომპრომატები „გააცოცხლა“ და დაპატიმრებების გრძელი სერიაც დაიწყო. მხოლოდ რამდენიმე „ცეხავიკმა“ მოახერხა ამ ამბიდან თავის დაღწევა იმით, რომ მოასწრეს და თავიანთი არალეგალური ბიზნესი რუსეთის ფედერაციაში გადაიტანეს. იქ კი ადგილობრივ ჩინოვნიკებს „მსუყე“ თანხებს უხდიდნენ და მათ არავინ აწუხებდა.

მიხეილ ჯაჯანაშვილი კი, ალბათ, ის ერთადერთი საქმოსანი იყო, ვინც, უბრალოდ, არ ისურვა რუსეთში გაქცევა. საქართველოში დარჩა და განაგრძო საქმიანობა. მას თამბაქოს მწარმოებელი საამქრო და პატარა პოლიგრაფიული დანადგარი ჰქონდა. ცეხში სიგარეტებს ამზადებდნენ, პოლიგრაფიულ დანადგარებზე კი სიგარეტების კოლოფებს ბეჭდავდნენ. ჯაჯანაშვილს გამზადებული პროდუქციის 80 პროცენტი რესპუბლიკის გარეთ გაჰქონდა და „ლევად“ ნახევარ ფასში აბარებდა საწყობებსა და მაღაზიებში. ჯაჯანაშვილს ეს სისტემა საათივით ჰქონდა აწყობილი. თანაც ისე გასაიდუმლოებული, რომ არც მილიციამ იცოდა და არც „კაგებემ“. სწორედ ამის იმედით არ გადაიტანა მან თავისი ბიზნესი რუსეთში. თუმცა, წინასწარ იცოდა, რას დაატრიალებდა შევარდნაძე.

ჯაჯანაშვილს ამ ბიზნესში სულ რაღაც 25 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. ყველა მისი ნათესავი იყო და ღალატი და დასმენა გამორიცხული იყო. თუმცა, მისი ბიზნესი მაინც „დაიწვა“ და ეს სტავროპოლში მოხდა. მაშინ იმ მხარეს მიხეილ გორბაჩოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც კორუმპირებული იყო და თითქმის ყველა არალეგალური საქმიანობიდან წილს იღებდა. ერთ-ერთი საწყობის გამგემ მას წილი არ მისცა, რადგან ახალი დანიშნული იყო და არც კი იცოდა, რა ხდებოდა. მეტიც, მან „ობეხეს“ უფროსს მოსკოვში უჩივლა: ფული მომთხოვაო. აქედან დაიწყო მთელი უბედურება. პატიოსან საწყობის გამგეს „ობეხე“ მიუსიეს და იმ საწყობში 60 ათასი მანეთის „ლევი ტავარი“ აღმოჩნდა, მათ შორის, 15 ათასის სიგარეტები. ყველაფერი იმ პატიოსან კაცს „შეეტენა“ და 15 წლით ციხეში ჩასვეს.

გამოძიებას კი მოსკოვიდან ჩამოსული საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებდა და სწორედ მათ აღმოაჩინეს ჯაჯანაშვილის კვალი. მიჰყვნენ ბოლომდე და როცა საქმეში ქართული მხარე ჩაერთო და შევარდნაძეს აუწყეს, მან ყველაფრის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა. ერთი სიტყვით, ჯაჯანაშვილს კუდზე დაასხდნენ და ყველაფრის კონფისკაცია გაუკეთეს. ყველაზე დიდი პრობლემა კი პოლიგრაფიული დანადგარი აღმოჩნდა და საქმეში „კაგებე“ ჩაერთო. იმ წლებში ასეთი მოწყობილობების შენახვა, მინიმუმ, 15 წლით ისჯებოდა, რადგან კერძო ბეჭდვითი საქმიანობა ანტისაბჭოთა ქმედების რანგში, პოლიტიკურში გადიოდა. გარდა ამისა, ჯაჯანაშვილს კილოგრამობით ოქრო და ძვირფასი ქვები ამოუღეს, რომლებიც არალეგალური შემოსავლებით ჰქონდა შეძენილი. მას დახვრეტის მუხლი მიუყენეს და „კაგებეში“ ჰყავდათ გამომწყვდეული. თუმცა, შემდგომ 15 წელი მიუსაჯეს და ციხიდან 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1985 წელს გაათავისუფლეს. თუმცა ის, ფაქტობრივად, ღატაკი იყო.

ოფიციალური მილიონერი

მართალია, უკვე „პერესტროიკა“ მიმდინარეობდა, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოური კანონები მოქმედებდა. კერძო ბიზნესი აკრძალული იყო და „ცეხავიკები“ კვლავ იატაკქვეშეთში მოქმედებდნენ. ამიტომ, მიხეილ ჯაჯანაშვილმაც იმავე საქმიანობას მოჰკიდა ხელი. თუმცა, ამჯერად მან ცელოფნის პარკების გამოშვება დაიწყო და გარკვეული თანხაც დააგროვა. ორჯერ გააფართოვა ცეხი, მაგრამ 1987 წელს „ცეხში“ გაკეთებული ცელოფნის პარკი უკვე აღარავის სჭირდებოდა, რადგან უცხოეთიდან ორიგინალები შემოდიოდა. ერთი სიტყვით, ჯაჯანაშვილს ბიზნესი გაუკოტრდა. მაგრამ ორი დანადგარის გაყიდვა სარფიანად მოახერხა. შემდგომ 20 ათასი დოლარი ისხესხა და რუსეთში გაემგზარა. ზოგიერთმა ისიც კი იფიქრა: მიშამ ფული ხომ არ „შეგვაწერა და მოტყდაო“. მაგრამ ჯაჯანაშვილმა ვალებიც დააბრუნა და ზემოდან სოლიდური თანხაც დაამატა. საქმე კი ის იყო, რომ მან მთელი საქართველოსა და რუსეთის მასშტაბით კუბური სიგარები შეიძინა. 1970-1990-იან წლებში კუბისგან საბჭოთა კავშირი სიგარებს ყიდულობდა და მათი შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში ძალიან იაფად შეიძლებოდა. თუმცა, მაშინ სიგარებს არავინ ეწეოდა. ეს საქონელი ჩაწვა და საწყობებში დააბრუნეს. მიხეილმა კი საერთაშორისო ბაზარი შეისწავლა. გაიგო, რომ ამ საქონელზე ევროპაში დიდი მოთხოვნა იყო და ძალიან სარფიანი „ხაზი გაჭრა“. მან მეხუთედ ფასში შესყიდული „ტავარი“ (საშუალოდ, თითო სიგარა (18-20 კაპიკად შეიძინა), ევროპაში 3-5 დოლარად გაიტანა და კოლოსალური მოგებაც მიიღო. 1990 წელს მიხეილ ჯაჯანაშვილმა ისრაელში მოახერხა წასვლა და იქაური მოქალაქეობა მიიღო. ერთ-ერთ ქალაქში კი თამბაქოს ფაბრიკა გახსნა და ოფიციალური მილიონერიც გახდა.

1999 წელს ჯაჯანაშვილი საქართველოს სტუმრობდა. მშობლების საფლავი მოინახულა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც კი შეხვდა, რომელსაც 1972 წელს მისი დახვრეტა უნდოდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი