კრიმინალური ისტორიები

როგორ გახდა „შავი როზეტას“ ვაჟი პარლამენტის წევრი

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.11

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„შავი როზეტა“

გასული საუკუნის 70-იან წლებში, თბილისში „მოღვაწეობდა“, ეგრეთ წოდებული, მილიციის „ნასედკა“, ვინმე „შავი როზეტა“ (ვარდო ქემოკლიძე). ეს ახალგაზრდა ქალი მილიციის აგენტი იყო და ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდა. მისი კურატორი იყო მილიციის ოპერრწმუნებული, კაპიტანი ჯუმბერ ჭაშნიკაშვილი. ქემოკლიძე თბილისში საქართველოს ერთ-ერთი პროვინციიდან იყო გადმოხვეწილი. ვარდო სულ რაღაც 20 წლის იყო, როდესაც ის სოფელმა გამოაგდო. მასზე უარი თქვა მისმა ოჯახმაც. საქმე კი ის იყო, რომ ვარდო ქემოკლიძე თანასოფლელ, ფულიან მამაკაცებთან მეძავობდა, ამასთან, წვრილმანი ქურდობითაც იყო დაკავებული. მეზობლებს შინაურ ფრინველებს, ქათმებს, ინდაურებს, იხვებს, ბატებს ჰპარავდა. რაიონის ბაზარში მიჰქონდა და იაფად ყიდდა. ასე გრძელდებოდა ორი წელიწადი. ბოლოს ვარდომ კოლმეურნეობიდან ძროხების მოპარვა და სასაკლაოზე ჩაბარება დაიწყო. მეოთხე ძროხის ჩაბარებისას ის გამოიჭირეს და ეს იყო ბოლო წვეთი თანასოფლელთა მოთმინების ფიალაში. გოგონა გარიყეს და სოფლიდან გააძევეს. ის თბილისში ჩამოვიდა და თავის შორეულ ნათესავს შეეკედლა. თუმცა იქაც ვერ შეიკავა თავი, ბინიდან ძვირფასეულობა მოიპარა და ნათესავმა სახლიდან გამოაგდო. ერთხანს ვარდო ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მეძაობდა და სწორედ იქ შეარქვეს „შავი როზეტა“. იქვე აღმოაჩინა მეძავი გოგონა ოპერრწმუნებულმა ჭაშნიკაშვილმა. ვარდო თან სექსუალურ მომსახურებას უწევდა მას, თან მის ბინძურ დავალებებს ასრულებდა.

ბინძური მეწილეები

ვარდო ქემოკლიძეს ჯუმბერ ჭაშნიკაშვილი სხვადასხვა ფალსიფიცირებული საქმის შეკერვისას ხშირად ცრუ მოწმედაც იყენებდა. ძირითადი საქმიანობა კი, ეგრეთ წოდებული, „ჩადება“ იყო. „შავი როზეტა“ თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე კერძო მანქანებს აჩერებდა და მათ გარკვეულ მისამართზე მიყვანას სთხოვდა. რომ ჩამოვიდოდა და კერძო მანქანის მძღოლი გზას გააგრძელებდა, მას ასიოდე მეტრში სისხლის სამართლის სამძებროს ოპერრწმუნებული ჯუმბერ ჭაშნიკაშვილი აჩერებდა. მანქანას უჩხრეკდა და წინა სავარძლის ქვეშ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს პოულობდა, რომელიც ვარდო ქემოკლიძის მიერ იყო ჩადებული. დაპატიმრების მუქარით, ჭაშნიკაშვილი მძღოლს ფულს სძალავდა და უშვებდა. შემდგომ კი ნაშოვნი ფულის 30 პროცენტს „შავ როზეტას“ აძლევდა. ამ გზით ბინძური მეწილეები მსუყე თანხებს შოულობდნენ. ქემოკლიძემ ვარკეთილში ოროთახიანი ბინაც კი შეიძინა და კეთილმოაწყო. ერთი სიტყვით, ბინძური წყვილის ბინძური ბიზნესი ყვაოდა. ერთ დღეს ჭაშნიკაშვილი მილიციის უფროსმა დაიბარა და ოთხჯერ ნასამართლევი რეციდივისტის, ომარ გაგნიძის „გასროკვა“ დაავალა. გაგნიძე ახალი გამოსული იყო ციხიდან. სახლიდან არ გამოდიოდა და არაფერს აშავებდა. საქმე ის იყო, რომ გაგნიძის ცოლი მილიციის უფროსის საყვარელი იყო და მას ომარის „სვაბოდაზე“ ყოფნა არ აწყობდა. ჭაშნიკაშვილმა რეციდივისტი მილიციაში დაიბარა. გზაში კი ის ოპერჯგუფმა დააკავა. მილიციაში მიიყვნეს და ვარდო ქემოკლიძის სასტიკ ცემაში დასდეს ბრალი. „შავი როზეტა“ წინასწარ იყო დამუშავებული და ომარ გაგნიძეს პირდაპირ დაადო ხელი. სასამართლომ კი მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმით. სასამართლოზე ომარ გაგნიძე ყველას დაემუქრა: ვინც ტყუილად ციხეში გაშვებაში ხართ დამნაშავეები, სიცოცხლეს გამოგასალმებთო... ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ვარდო ქემოკლიძე თბილისიდან გაუჩინარდა. ბინა კი დაკეტა. ჯუმბერ ჭაშნიკაშვილმა ის დიდხანს ეძება, მაგრამ ვერსად მიაგნო.

შურისძიება

ომარ გაგნიძის „გასროკიდან“ 3 წელი იყო გასული. ქემოკლიძე კვლავ არსად ჩანდა ჭაშნიკაშვილს კი სხვა მეწყვილე ჰყავდა მოძებნილი და მასთან ერთად აგრძელებდა ბინძურ საქმიანობას. მაისის ერთ დღეს კი საქართველოს დედაქალაქი საზარელმა ამბავმა შეძრა. სულ რაღაც 90 წუთის ინტერვალში მოკლეს მოსამართლე, ვინც ომარ გაგნიძეს 8 წელი მიუსაჯა, ჯუმბერ ჭაშნიკაშვილი, გაგნიძის გამომძიებელი და ბრალმდებელი პროკურორი, ასევე, მილიციის უფროსი და მისი საყვარელი (გაგნიძის ცოლი). ექვსივე მოკლული „ნაგანის“ სისტემის რევოლვერით იყო მოკლული. მკვლელი შურისმაძიებელი კი ომარ გაგნიძე იყო. ის სასჯელს ციმბირში იხდიდა და მკვლელობამდე 2 თვით ადრე გაქცევა მოახერხა. შურისმაძიებელს მთელი საქართველოს მილიცია ეძებდა და ომარ გაგნიძე ვერაზე, ერთ-ერთ კერძო სახლში ალყაში მოაქციეს და დანებება შესთავაზეს. მან კი მილიციას რევოლვერიდან და ორლულიანი თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ მილიციელებს მას სროლითვე უპასუხეს და კერძო სახლში ჩაცხრილეს. გაკვეთის შედეგად პათანატომმა დაწერა, რომ ომარ გაგნიძეს სხეულში 87 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ამ შემთხვევიდან 4 თვეში თბილისში მოულოდნელად ვარდო ქემოკლიძე გამოჩნდა ორი წლის ვაჟთან ერთად. აშკარა იყო, რომ „შავმა როზეტამ“ შეიტყო 6 ადამიანის დახოცვისა და გაგნიძის ლიკვიდაციის შესახებ. შურისძიების აღარ ეშინოდა და ამიტომაც დაბრუნდა. თუმცა, ის მაინც ვერ გადაურჩა შურისძიებას და ერთ დღეს ვარდო ქემოკლიძე მისსავე სადარბაზოში ყელგამოჭრილი აღმოაჩინეს. მკვლელი პოლიციამ ვერ იპოვა.

P.S. „შავი როზას“ ვაჟი შემდგომში საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი