კრიმინალური ისტორიები

როგორ გახდა ერთ-ერთი ქართული საძმოს ბუღალტერი გავლენიანი ფრანგი მაფიოზი

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.06, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

გამქრალი „ობშჩიაკი“

ომარ ტოროშელიძის ხელმძღვანელობით მოქმედი საძმო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო სახელგანთქმული და ძალიან საშიში. მათ საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდი შეიარაღება ჰქონდათ. მის შემადგენლობაში ასზე მეტი ადამიანი იყო, ამასთან, თითოეული მათგანი – საკმაოდ რისკიანი და თავზეხელაღებული. საძმოში მკაცრი დისციპლინა მეფობდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ საძმოს არცერთი წევრი არ მოიხმარდა ნარკოტიკს, რაც იმ პერიოდისთვის ანომალია იყო. საძმოს წევრები ფიზიკური ვარჯიშებით იყვნენ გატაცებულები. თავად ტოროშელიძე ყოფილი მოკრივე იყო და რკინისებური ნებისყოფა ჰქონდა. საძმოს „მოზგი“ ავთო კალანდაძე იყო. მას სორბონის კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული და ხელოვნებათმცოდნის პროფესიას ფლობდა. სწორედ, ის გეგმავდა საძმოს სხვადასხვა ოპერაციას – ანუ, ძირითადად, რეკეტს. მოპოვებული ფულის 30 პროცენტი, ხელფასის სახით, თანაბრად ნაწილდებოდა საძმოს წევრებში. 50 პროცენტს კომერციულ საქმიანობას ახმარდნენ – საძმოს ათეულობით მცირე ზომის სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, 20 პროცენტს კი „ობშჩიაკში“, ეგრეთ წოდებულ, „ენზეში“ (ხელშეუხებელი მარაგი) დებდნენ და ეს ფული საძმოს ბუღალტერთან, კოტე გუნიასთან ინახებოდა. გუნიას მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, პროფესიით ეკონომისტი იყო. 1995 წლის აგვისტოში გუნიამ სეიფიდან „ობშჩიაკის“ 350 ათასი დოლარი აიღო და ამ თანხიანად თბილისიდან გაუჩინარდა. საძმოს წევრებმა ბუღალტრის ძებნას მიჰყვეს ხელი, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ამასობაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ძალოვანი სტრუქტურები მოაძლიერა და წესრიგის დამყარებას შეუდგა.

ბუღალტრის კვალი

ტოროშელიძის საძმო, ისევე, როგორც სხვა ქართული საძმოები, ბანდები და რა თქმა უნდა, „მხედრიონი“ და „გვარდია“ შევარდნაძის ეგზეკუციაში მოყვა. მათი ნაწილი „ურთიერთრაზბორკების“ დროს დაიღუპა. ნაწილმა საქართველოდან გაასწრო. უმეტესი ნაწილი კი დააპატიმრეს და დიდი „სროკები“ ჩამოურიგეს. ომარ ტოროშელიძემ და ავთო კალანდაძემ მთავრობასთან გარიგება მოახერხეს და რა შეიარაღებაც „დაზაგაჟნიკებული“ ჰქონდათ, ყველაფერი ჩააბარეს. გარდა ამისა, მათი ყველა კომერციული ობიექტი დათმეს და სულ რაღაც 20 ათასი დოლარი დარჩათ. ამ ფულით ტანდემი ევროპაში გაემგზავრა და იქ მცხოვრები ცნობილი ქართველების (ძირითადად, სპორტსმენების) რეკეტს მოჰკიდეს ხელი. ამ გზით ოდნავ სული რომ მოითქვეს, კოტე გუნიას ძებნას შეუდგნენ. ამასობაში, წყვილს უთანხმოება მოუვიდა ესპანეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდთან – ესტატე გოდერძიშვილთან, მეტსახელად „ოსტაპთან“. ქურდმა ტანდემს ერთ-ერთი დარეკეტებული ქართველისთვის 25 ათასი დოლარის დაბრუნება მოსთხოვა. ტოროშელიძემ და კალანდაძემ უარი განაცხადეს და „ოსტაპს“ ხელითაც კი შეეხნენ. რის მერეც, იძულებულები გახდნენ, ესპანეთიდან გაქცეულიყვნენ, რადგან უკვე თავად იყვნენ ძებნილები – მათ ქურდებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და მოსაკლავად დასდევდნენ. ამასობაში, ტოროშელიძე და კალანდაძე ალჟირში დაიმალნენ და წელიწად-ნახევარი იქ იმყოფებოდნენ. იქვე შეიტყვეს, რომ საძმოს გაქცეული ბუღალტერი საფრანგეთში, ქალაქ მარსელში ცხოვრობდა და საკმაოდ „მსხვილკალიბრიანი“ მაფიოზი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ტოროშელიძე და კალანდაძე ალჟირიდან საფრანგეთში გაემგზავრნენ, რომ „ობშჩიაკის“ გამტაცებელი „გამოეჭირათ“.

სისხლიანი შეტაკება

ომარ ტოროშელიძე და ავთო კალანდაძე მარსელში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და კოტე გუნიას მოსახელთებელ გზებს ეძებდნენ. ტანდემმა დაადგინა, რომ საძმოს ბუღალტერი ერთ-ერთ ზღვისპირა რესტორანში სადილობდა. თუმცა, მას ოთხკაციანი შეიარაღებული დაცვა ახლდა თან და მასთან მიახლოება გამორიცხული იყო. ამიტომ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ყოფილი ძმაკაცი მოეკლათ. თუმცა, არც ეს იყო ადვილი. რომ არ „ჩავარდნილიყვნენ“, სროლა შორიდან უნდა განეხორციელებინათ. საამისოდ სნაიპერული შაშხანა იყო საჭირო. ასეთი იარაღის შოვნა კი უცხო ქალაქში დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა, ტოროშელიძემ და კალანდაძემ შაშხანა ერთ-ერთი მაროკოელისგან შეიძინეს, რომელიც მათ მეზობლად, ასევე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემდგომ კი პოზიციის შერჩევას შეუდგნენ, საიდანაც სროლა უნდა განხორციელებულიყო. ასეთი ადგილიც მოიძებნა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივანზე, რომელიც კაფედან 200 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. 2005 წლის 28 თებერვალს, როდესაც ავთო კალანდაძეს კოტე გუნია მიზანში ჰყავდა ამოღებული და სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა ხელი, ტოროშელიძე კი გვერდით ედგა, წყვილი საფრანგეთის პოლიციამ იქვე დააპატიმრა. პარალელურად კი, პოლიციამ კაფეში მჯდომ გუნიას დაპატიმრებაც სცადა, რასაც შეტაკება მოჰყვა და თავად გუნია მხარში დაიჭრა. დაიღუპა მისი დაცვის სამი წევრი, ერთი კი დაიჭრა. ერთმა პოლიციელმა კი მსუბუქი ჭრილობა მიიღო.

სასამართლოზე გუნიას ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს და ის დღესაც ციხეშია. ტოროშელიძე და კალანდაძე 6-6 წლით გაამწესეს ციხეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი