კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიტაცა მილიონობით ფული კრიმინალმა ქალმა

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მძღოლის ჩვენება

2010 წლის მარტის თვის ცივი საღამო იდგა. საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი ბანკის საინკასაციო მანქანის სიგნალი რადარებიდან გაქრა. დაცვის ოპერატიული ჯგუფი მანქანის მარშრუტზე გავიდა, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი პატრულმა მანქანა ავლაბრის ერთ-ერთ პატარა ჩიხში იპოვა. შიგნით ტვინშერყეული და გადასკოჩილი, პირში ჩვარჩაჩრილი მძღოლი აღმოჩნდა. 32 წლის სიმონ გომართელი არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს და პალატაში მოათავსეს. ოდნავ რომ გონზე მოვიდა, გამომძიებელს მოუთხრო, რომ ინკასატორებმა, უშანგი ბარაბაძემ და ლადო რაზმაძემ, მას მანქანა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ერთ-ერთ შესახვევთან გააჩერებინეს. შემდეგ მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. კრიმინალურმა პოლიციამ და ბანკის დაცვის სამსახურმა ინკასატორების – ბარაბაძისა და რაზმაძის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ისინი არც სახლში გამოჩენილან და არც მობილური ტელეფონები ჩაურთავთ. საინკასაციო მანქანიდან კი 2 მილიონი ლარი, 200 ათასი ევრო და მილიონი ამერიკული დოლარი გაქრა.

საეჭვო გარემოებები

საინკასაციო მანქანიდან საკმაოდ მსხვილი თანხები გაიტაცეს, ამიტომ ბანკის ხელმძღვანელობამ ფული არ დაინანა ამ საქმის გამოსაძიებლად და საუკეთესო ექსპერტ-კრიმინალისტები დაიქირავა. მანქანა გულდასმით შეამოწმეს. ოდოროლოგიურმა (სუნები) ექსპერტიზამ უჩვენა, რომ საინკასაციო მანქანაში, ეგრეთ წოდებული, გამთიშველი აეროზოლი იყო გამოყენებული. მისი შესხურება მომენტალურ გათიშვას იწვევს და თუკი შემსხმელს სპეციალური დამცავი პირბადე არ უკეთია, მასზეც იმავე ეფექტით მოქმედებს. ამ აეროზოლის კვალი კი ორგანიზმში ორი კვირა რჩება, რასაც იოლად უჩვენებს სისხლის ანალიზი. ჩვენების მიცემის დროს მძღოლს, სიმონ გომართელს, აეროზოლი არ უხსენებია, მხოლოდ ის თქვა, რომ ის თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშეს, რაც ტვინის შერყევითაც დასტურდებოდა. თანაც, მის სხეულში (სისხლში) აეროზოლის კვალი არ აღმოჩნდა. დაქირავებულმა დეტექტივმა გომართელს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარა, მაგრამ შედეგი იგივე იყო. დეტექტივებს ეს გარემოება ძალიან საეჭვოდ მოეჩვენათ. თუ ინკასატორებს აეროზოლი არ გამოუყენებიათ, მაშინ გამოდიოდა, რომ ის თავად მძღოლმა გამოიყენა. ეს მოსაზრება კი ყველაფერს თავდაყირა აყენებდა.

დოსიე

კერძო დეტექტივების ეჭვების საფუძველზე, ბანკის ხელმძღვანელობამ პოლიციას ფული გადაუხადა და ჯერ გომართელის დოსიეს გაეცნენ, შემდგომ კი მისი მეუღლის, 39 წლის ოლგა ქებურიას დოსიეც მოიპოვეს. როგორც გაირკვა, ოლგა ქებურია ადრე მსჯავრდებული იყო, სასჯელს შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობისთვის იხდიდა. მოხდილი ჰქონდა 6 წელიწადი და 22 წლის ასაკიდან 28 წლამდე ციხეში იჯდა. შემდგომ სიმონ გომართელზე დაქორწინდა. წყვილს შვილი არ ჰყავდა. დოსიეს გაცნობის დროს მძღოლი სიმონ გომართელი ორი დღის გამოუცხადებელი იყო სამსახურში და მას დეტექტივები სახლში მიადგნენ, თუმცა იქ არც სიმონი და არც მისი მეუღლე არ აღმოჩნდნენ. დეტექტივებმა ივარაუდეს, რომ ცოლ-ქმარმა შესაძლოა, ქვეყანა დატოვაო და გადაამოწმეს. თუმცა არცერთ მათგანს საზღვარი გადაკვეთილი არ ჰქონდა. გამოცხადდა ძებნა. ცოლ-ქმარს ბრალი ედებოდა ინკასაციის მანქანის ძარცვაში, ინკასატორების დახოცვასა და მათი გვამების გადამალვაში. ფეხზე დადგა მთელი ძალოვანი სტრუქტურები, მაგრამ ცოლ-ქმრის კვალი ვერსად აღმოაჩინეს.

მოულოდნელი ზარი

ბანკის მანქანის გაძარცვიდან ორი კვირისა და ცოლ-ქმრის გაუჩინარებიდან სამი დღის თავზე ბანკის ცხელ ხაზზე ზარი შევიდა. მორიგეს ქალის ხმამ უთხრა: „დიდი მოკითხვა – დიდი რუსეთიდან, რომელთანაც თქვენ მთავრობას მტრული დამოკიდებულება აქვს. ინკასატორები ბარაბაძე და რაზმაძე, ასევე, გომართელი ვარკეთილში ამა და ამ მისამართზე არიან გამომწყვდეულები და იჩქარეთ, თორემ სული გასძვრებათ. მე კი არც მეძებოთ. მაინც ვერ მომწვდებით.“

ზარის ავტორი ოლგა ქებურია იყო, რომელმაც საინკასაციო მანქანიდან გატაცებული ფული რუსეთში გაიტანა. ძარცვაც მისი მოფიქრებული იყო და აეროზოლით გათიშული ინკასატორები, გაკოჭილები, სიმონის დახმარებით, ვარკეთილში გამოამწყვდია და საკვებსა და წყალს აწვდიდა. შემდგომ, ასეთივე ბედი გაიზიარა თავად სიმონმაც და მას მერე, რაც ოლგა რუსეთში ფულიანად გაიქცა, კეთილშობილება გამოიჩინა – თბილისში დარეკა და გამომწყვდეულები სიკვდილს გადაარჩინა.

სიმონს, თანამონაწილეობისთვის, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოლგაზე კი დღემდე ძებნაა გამოცხადებული, მაგრამ მისი კვალი ვერსად აღმოაჩინეს. ბანკი კი დაზღვეული იყო და მას ძარცვისგან მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანიამ სრულად აუნაზღაურა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი