კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა ცნობილი ადამიანების ბინების გაქურდვის საქმე მოსკოვში

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.11, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

გასაგები მიზეზების გამო პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

მინისტრის ზარი

1973 წლის 8 მარტს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე ცნობილი საბჭოთა მსახიობების ლუბოვ ორლოვასა და პავლე კადოჩნიკოვის, ცირკის მსახიობ-მომთვინიერებლის, მარგარიტა ნაზაროვასა და მომღერალ იოსებ კობზონის ბინებში თანამიმდევრულად ტელეფონმა დარეკა და ქალის ხმამ უთხრა:

– ეკატერინე ფურცევა ვარ. შუადღეს კრემლში საზეიმო ბანკეტია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. თქვენ მიწვეული ხართ ოჯახებთან ერთად და გთხოვთ, მობრძანდეთ სრული შემადგენლობით, არავინ გამოაკლდეთო.

ეკატერინე ფურცევა საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი იყო. დაპატიჟებულებმა ეს მიწვევა სიამაყით მიიღეს და ოჯახის წევრებთან ერთად „კრემლის ბანკეტზე“ წასასვლელად მზადებას შეუდგნენ: ყველა მიწვეული, ეგრეთ წოდებულ, სტალინურ „ვისოტკაში“ (მრავალსართულიანი შენობა) ცხოვრობდა. ზუსტად დილის 11 საათზე ყველა მათგანი, ოჯახებიანად კრემლში მივიდა, მაგრამ მალევე უკან წამოვიდნენ, რადგან იქ მსგავსი ღონისძიება არ იმართებოდა. სახლში დაბრუნებულებს კი ბინები გაქურდული დახვდათ.

გამოძიება

ოთხივე დაზარალებულმა მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) მიმართა განცხადებით და საქმეში საუკეთესო მაძებრები ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნიკოლაი შჩოლოკოვმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და ხელქვეითებს მკაცრი ტონით უბრძანა ეს დანაშაული მყისიერად გაეხსნათ. სტალინურ „ვისოტკებში“ მორიგეებად ქალები მუშაობდნენ. პირველ სართულზე ჯიხურები იყო განლაგებული, სადაც ისინი ისხდნენ. მიმსვლელ-მომსვლელებს თვალყურს ადევნებდნენ და ყველა სტუმრის ვინაობას თავიანთ ჟურნალებში აღნუსხავდნენ, წასვლა-მოსვლის დროს კი თითქმის წამების სიზუსტით უთითებდნენ. თანაც, სტუმარს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი უნდა წარმოედგინა. ფაქტობრივად, ეს საპასპორტო რეჟიმი იყო და შენობაში შეუმჩნევლად ვერც ვერავინ შევიდოდა და ვერც იქიდან გამოვიდოდა ვინმე. იმ დილით „ვისოტკაში“ 37 წლის გალინა ლიპატოვა მორიგეობდა და გამომძიებლებმა, პირველ რიგში, სწორედ ის დაჰკითხეს. ქალი იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ ოციოდე წუთის განმავლობაში გვერდით მდებარე საკუჭნაოში იმყოფებოდა და ინტიმური კავშირით იყო დაკავებული ვინმე კოტიკთან, რომელიც ერთი კვირის წინ გაიცნო ქუჩაში და შეუყვარდა. ქალმა კოტიკი აუწერა „მურელებს“, რის მიხედვითაც ფოტორობოტი შედგა, თუმცა ლიპატოვას რომ უჩვენეს, ქალმა ის კოტიკს ვერ მიამსგავსა. მისი თქმით, ულვაშიანი კოტიკი სიმპათიური მამაკაცი იყო, ფოტორობოტზე კი მახინჯი არსებაა აღბეჭდილიო. თან იცრემლებოდა: ეს ამბავი ჩემს ქმარს არ უთხრათო. „მურის“ ვერსიით, მოქმედებდა კვალიფიციური ქურდების ბანდა 4-6 ადამიანის შემადგენლობით, რომელშიც ირიცხებოდა ქალი, პაროდისტის უნარებით და ბოროტმოქმედების გახსნის ერთ-ერთი ხაზი სწორედ ასეთი კრიმინალი ქალის მოძებნა იყო.

„ხოხმა ვარენკა“

„მურმა“ მთელი თავისი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა, მაგრამ ვერც კოტიკს ან მის მსგავსს მიაგნეს და ვერც ბინის სავარაუდო ქურდების ბანდის კვალს. არც გადამყიდველებისთვის მიუმართავს ვინმეს გაქურდული ნივთების სარეალიზაციოდ. ნივთების ღირებულება, სახელმწიფო ფასებით, 200 ათასი მანეთი იყო. შავ ბაზარზე კი – მინიმუმ, ორჯერ მეტი. სამაგიეროდ, ლენინგრადის „კრესტების“ (ცნობილი ციხე) „კოშკინ დომის“ (ციხეში ქალთა საპყრობილე) დიასახლისმა „დედა ანიტამ“ (ანიტა ლოვჩევამ) „მურის“ ოპერმუშაკებს უთხრა, რომ მსგავსი პაროდირება „ხოხმა ვარენკას“ შეუძლია, პატიმარ ქალებს გვართობდაო. „ხოხმა ვარენკა“, იგივე ვარვარა ლოგინოვა, ეგრეთ წოდებული, „ნავოდჩიცა“ (საქმის მიმცემი) იყო და ამ საქმიანობისთვის 32 წლის ქალი ორჯერ იჯდა ციხეში. როგორც გაირკვა, ლოგინოვა მოსკოვში, მალაკისლენის ჩიხში ცხოვრობდა. „მურმა“ მას თვალთვალი დაუწესა და ის სამი დღის შემდეგ თავისსავე ბინაში აიყვანეს. „მურში“ ის იმ დღესვე დაჰკითხეს, მაგრამ ქალი ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, მას სახლში ნაქურდალი ნივთების ნაწილი აღმოუჩინეს, „ხოხმა ვარენკამ“ აღიარა, რომ ბინის ქურდების ბანდის წევრი იყო. ბანდაში, მის გარდა, კიდევ ოთხი ადამიანი ირიცხებოდა, სულ ხუთი იყვნენ და რომ ბანდას ვინმე როსტომ ზედგენიძე მეთაურობდა. ხოლო დანარჩენი წევრებიც ქართველები იყვნენ. ზედგენიძე კრიმინალურ სამყაროში არ იყო ცნობილი. ის ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა და ბანდის სხვა წევრებიც მუშები იყვნენ. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო და მილიციელებმა ისინი მცირე არბატზე, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ჩხრეკის შედეგად კი უკლებლივ ყველა ნაქურდალი ნივთი ამოიღეს და პატრონებს დაუბრუნეს. ბანდის წევრები ჯგუფური ქმედების გამო გაასამართლეს და 12-12-წლიანი პატიმრობები მიუსაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი