როგორ გაიხსნა თბილისის ლომბარდის გაძარცვის საქმე
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.10

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გაქცევა
1962 წლის თებერვალში ჩრდილო ურალსკის განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან რეციდივისტები, 30 წლის ნოდარ კაშია და 34 წლის ივანე ვოლკოვი გაიქცნენ. ზონა ¹23 შუაგულ ტაიგაში მდებარეობდა და 300-პატიმრიან კოლონიაში მხოლოდ და მხოლოდ 15-წლიანები იხდიდნენ სასჯელს, ანუ ის ადამიანები, ვისაც საბჭოთა კანონმდებლობით პატიმრობის მაქსიმალური წლები ჰქონდათ მისჯილი – 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ სიკვდილით დასჯა იყო. ზონაში იყვნენ ისეთებიც, ვისაც თავდაპირველად სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და შემდგომ ეს სასჯელი პატიმრობით შეუცვალეს. კაშიაც და ვოლკოვიც დამნაშავეთა ასეთ კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ვოლკოვს დახვრეტა იმის გამო მიუსაჯეს, რომ მან ერთ-ერთი „რაზბორკის“ დროს ერთი ყოფილი „პაძელნიკი“ დანით მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა, თუმცა ის გადარჩა. „პაძელნიკები“ მას გატაცებული ნადავლის მითვისებაში სდებდნენ ბრალს, რაც სიცრუე და ცილისწამება იყო. სინამდვილეში კი ნადავლი ერთ-ერთი მათგანის მიერ იყო გადამალული, იმის, რომელიც მძიმედ დაიჭრა. სწორედ იმ გადარჩენილმა „პაძელნიკმა“ უშველა ვოლკოვს და როდესაც გონზე მოვიდა ორთვიანი კომის შემდეგ, გამომძიებელს მისცა ჩვენება, რომ ვოლკოვს ისინი პირველები დაესხნენ თავს და მან თავდაცვის მიზნით მოკლა ერთი და მძიმედ დაჭრა მეორე. არადა, ვოლკოვს უკვე დახვრეტა ჰქონდა მისჯილი და ყოველდღე ელოდებოდა განაჩენის აღსრულებას. კაშიას კი თავდაპირველად იმის გამო მიუსაჯეს დახვრეტა, რომ ქალაქ როსტოვში ინკასაციის ფურგონის გაძარცვისას მან და ორმა „პაძელნიკმა“ სროლის დროს მძღოლი მოკლეს, ინკასატორი კი მძიმედ დაჭრეს. მოკლეს კაშიას ორივე პაძელნიკი, ნოდარმა კი გაქცევა და 150 ათასი მანეთის გატაცება მოახერხა. თუმცა, თავადაც დაჭრილი იყო. კაშია საავადმყოფოში დააპატიმრეს და ფულიც ჩამოართვეს. ნოდარიც დახვრეტის მოლოდინში იყო. მაგრამ დამატებითი ძიება გაიმართა. გაირკვა, რომ მძღოლი მოკლულმა „პაძელნიკმა“ იმსხვერპლა და მასაც 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორივე გაქცეულს თითქმის ერთნაირი ისტორია ჰქონდა. ორივე თავზე ხელაღებული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაბედავდნენ გაქცევას, რადგან დათოვლილი ტაიგა გაუვალი იყო და ტყე რომც დაეძლიათ, მშიერი მგლები მოუღებდნენ ბოლოს.
ლომბარდის საქმე
მიუხედავად იმისა, რომ ტაიგა გაუვალი იყო და ზონიდან ყველა გაქცევა პატიმართა საშინელი სიკვდილით მთავრდებოდა და მდევარი მხოლოდ მათ სამოსსა და დახრულ ძვლებს პოულობდნენ, ამჯერად ვერაფერი აღმოაჩინეს და ორივეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. გაქცეულებს კი გაუმართლათ. მათ ტაიგაში გეოლოგების ყველგანმავალი შეხვდათ და სწორედ ამ ტრანსპორტით მიაღწიეს რკინიგზამდე. იქიდან კი სატვირთო მატარებლით სამშვიდობოზე გავიდნენ. ორი კვირის შემდეგ კი ორივე თავზე ხელაღებული რეციდივისტი უკვე მოსკოვში იყო და ვოლკოვის საყვარელთან, გალინა ლიაშჩუკთან ცხოვრობდნენ. გალინა 29 წლის ქვრივი ქალი იყო. შვილი არ ჰყავდა და ერთ-ერთ საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. სწორედ გალინას მეშვეობით გავიდნენ რეციდივისტები ვოლკოვის ყოფილ პაძელნიკზე, რომელიც პოდმოსკოვიეში იმალებოდა. მას გადამალული ნადავლი წაართვეს, ნაწილი შეინახეს, დანარჩენით კი, ასევე გალინას მეშვეობით, მოსკოვში კონსპირაციული ბინა შეიძინეს და იქ გადაბარგდნენ. რეციდივისტებს იმდენი ფული და ქონება ჰქონდათ, რომ რამდენიმე წელიწადს თავისუფლად იცხოვრებდნენ უზრუნველად, მაგრამ მათ ასე უქმად გაჩერება არ შეეძლოთ. ამიტომ დიდი საქმის მომზადება დაიწყეს. კაშიას კარგა ხნის განმავლობაში თვალი ჰქონდა დადგმული თბილისის ლომბარდზე. მან იცოდა, რომ ძვირფასეულობასა და ანტიკვარული ნივთების სახით, იქ საკმაოდ დიდი სიმდიდრე იყო თავმოყრილი, რომლებიც ცეცხლგამძლე, ორ უზარმაზარ სეიფში ინახებოდა. თავად ლომბარდში შეღწევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა და ამის გაკეთება ნებისმიერ საშუალო დონის ბოროტმოქმედს შეეძლო. დაბრკოლებად ლომბარდის სეიფების გახსნა რჩებოდა, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ისინი სამი გასაღებით იკეტებოდა და თითოეული მათგანი სამ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდა – დირექტორს, დაცვის უფროსსა და სამეურნეო ნაწილის გამგეს. თუ სამივე ერთად არ შეიკრიბებოდა, სეიფს ვერ გახსნიდნან, აუტოგენით ან სხვა საშუალებებით კი სეიფების გახსნა ხმაურთან იყო დაკავშირებული და მილიცია მივიდოდა. ამიტომ, ორივე რეციდივისტმა ისევ გალინა გამოიყენეს. მათ ეს ლამაზი ქალი ლომბარდში მოაწყვეს მოლარედ. ორი თვის მერე კი გალინამ ნაქირავებ ბინაში, „დაბადების დღე“ გადაიხადა და დაპატიჟა ის ადამიანები, ვისაც გასაღებები ჰქონდათ. შუა ქეიფის დროს ვოლკოვი და კაშია გამოჩნდნენ და შემთვრალ მამაკაცებს გასაღებები წაართვეს და დააბეს. შემდეგ კი ლომბარდის გასაძარცვად წავიდნენ: მთელი ღამე იმუშავეს და ორივე სეიფი პირწმინდად გაასუფთავეს. ნადავლი კი მიკროავტობუსით ორჯონიკიძეში წაიღეს და ჩრდილოკავკასიის გავლით, მატარებლით მოსკოვში ჩავიდნენ და კონსპირაციულ ბინაში „ფსკერზე დაწვნენ“. სხვადასხვა მონაცემით თბილისის ლომბარდიდან გატაცებული ძვირფასეულობა ათეული კილოგრამი და ათეულობით კარატი ძვირფასი თვლები იყო. ღირებულებაც მილიონობით მანეთს შეადგენდა. მძარცველებს უკვე უშიშროების კომიტეტიც ეძებდა და 6 თვის შემდეგ ისინი გალინაზე გავიდნენ და კუდზე დაასხდნენ. შემდგომ კი კონსპირაციულ ბინაში სამივე ბოროტმოქმედი დააპატიმრეს და ნაძარცვი ნივთებიც ამოიღეს. ორივე რეციდივისტი ისევ 15-15 წლით გაამწესეს ციხეში.
ვოლკოვი და კაშია 1979 წელს გათავისუფლდნენ პატიმრობებიდან. გალინა რომ მოიკითხეს, გაირკვა, რომ ის გათხოვილი იყო, შვილი ჰყავდა და დიასახლისობდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან