როგორ გაიხსნა პირსისხლიანი ბანდის სქემა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სასტიკი მკვლელობები
ივანე კობიაშვილი სოფლის მამასახლისი იყო და მალანიებს სახლში 2 იანვარს იმიტომ მიადგა, რომ გაეფრთხილებინა, თუკი მიწის ნასყიდობის საბუთის ფულს არ გადაიხდიდნენ, მაშინ ერთი კვირის შემდეგ ათმაგი თანხის გადახდა მოუწევდათ. საბოლოოდ კი, გადაუხდელობის გამო, შესყიდულ მიწას ჩამოართმევდნენ. ბედობის დღე იყო. სოფლის შარაზე კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანდა. მალანიების სახლიდან კი დაძახებაზეც არავინ გამოვიდა. მაშინ ივანემ ჭიშკარი გააღო. ეზოში შევიდა და პირველი, რაც თვალში მოხვდა, ის იყო, რომ ჭასთან მალანიების ძაღლი ეგდო, ვიღაცას ის ტყვიით მოეკლა. კიდევ ათიოდე ნაბიჯი რომ გაიარა, მამასახლისი გაშრა. შემდეგ კანკალი აუტყდა და ბოლოს, „მიშველეთ, მიშველეთ“ ძახილით მთელი სოფელი მალანიების ეზოში შეყარა. საქმე კი ის იყო, რომ გამოღებულ კარში სახლის პირველ სართულზე 30 წლის ბელა და მისი 10 წლის ქალიშვილის, ნატა მალანიას უსულო სხეულები ეყარა. დედა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ დახოცილი და მათ 2-2 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი თავსა და გულში. გამოიძახეს პოლიცია და მალანიების კარ-მიდამოში მოკვლევა დაიწყო.
კრიმინალური რაიონი
სოფელი, სადაც დედა-შვილი მალანიები მოკლეს, იმ საშინელი კრიმინოგენური რაიონის შემადგენლობაში შედიოდა, სადაც უამრავი გაუხსნელი დანაშაული იყო ჩადენილი. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი გაუხსნელი მკვლელობა „ეკიდა“ რაიონის პოლიციას და ყველა მათგანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს – მოკლულები იყვნენ საზღვარგარეთიდან ახლად დაბრუნებული ადამიანები და ყაჩაღებს მათთან ფული ეგულებოდათ. აშკარა იყო, რომ რაიონში კარგად ორგანიზებული ბანდა მოქმედებდა. მათ ზუსტი ინფორმაციები ჰქონდათ და სამივე მკვლელობის შემდეგ, საერთო ჯამში, 64 ათასი ამერიკული დოლარი იყო გატაცებული. პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი პავლე ჯაიანი საგონებელში ჩავარდა. ის სამჯერ დაიბარეს თბილისში. მესამედ კი მინისტრმა უთხრა: ან მკვლელობებს გახსნი და რაიონში კრიმინოგენულ მდგომარეობას გამოასწორებ, ან საერთოდ წახვალ ორგანოებიდანო. ჯაიანმა თავისი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო კახელაშვილი დაიძაბა და უთხრა: ან ამ მკვლელობას გავხსნით და ბანდას გავანეიტრალებთ, ან კი ორივეს პანღურით გაგვყრიან პოლიციიდანო.
აღიარებითი ჩვენება
რაიონში დადიოდა ხმები, რომ ამ ძარცვა-მკვლელობების საქმეებში ყოფილი მხედრიონელი, სოფლის მკვიდრი ირაკლი ზარნავა იდგა. ზარნავა ციხიდან იყო გაქცეული, ძიებაში იმყოფებოდა და მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. 32 წლის ზარნავა პირველად მხედრიონთან და გვარდიასთან ერთად დააპატიმრეს და 6 წელი მოიხადა. მეორედ კი ყაჩაღობისთვის 12 წელი ჰქონდა მისჯილი და 2 წლის შემდეგ ციხიდან გაქცევა მოახერხა. ერთი სიტყვით, ზარნავაზე მხოლოდ ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები – არა.
პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის საუბრიდან 2 კვირის შემდეგ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ წისქვილთან სპეცოპერაცია ჩატარდა. ტრასაზე მომავალ შავ მერსედესს, წისქვილთან ჩასაფრებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი გაუხსნა და მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა, ერთი – საავადმყოფოში, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, თუმცა, სულ რაღაც, 8 საათის გასვლის შემდეგ სოფელში თბილისიდან სპეცრაზმი ჩამოვიდა და პოლიციის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო კახელაშვილი დააპატიმრეს და თბილისში წაიყვანეს.
საქმე კი ის იყო, რომ მიტოვებულ წისქვილთან მომხდარი ჩასაფრების შემდეგ ირაკლი ზარნავა თბილისში გაიქცა და გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა. კახელაშვილი სწორედ ამის მერე დააპატიმრეს.
ზარნავას თქმით, კახელაშვილი მას თავის აგარაკზე მალავდა და კრიმინალურ საქმიანობაში ჰყავდა ჩათრეული. როგორც გაირკვა დედა-შვილი მალანიები და მათი ძაღლი მაყუჩიანი პისტოლეტით კახელაშვილმა მოკლა. ეს კი მან შურისძიების მიზნით გააკეთა. მალანიების ოჯახის უფროსს, კობას და კახელაშვილს ერთად ნაყაჩაღარი 14 ათასი დოლარი ჰქონდათ, რომელიც კობა მალანიამ უცხოეთში გაიტაცა და ორმაგი მკვლელობის მიზეზიც ეს გახდა. ვიცე-პოლკოვნიკმა კახელიშვილმა კი რამდენიმე კურდღლის ერთად დაჭერა განიზრახა და ზარნავასა და ბანდის სხვა წევრებს ცრუ „ნაკოლი“ მისცა საყაჩაღოდ. „სპეცნაზის“ უფროსს კი უთხრეს, რომ ყაჩაღობის ინფორმაცია ჰქონდათ. ისინი მიტოვებულ წისქვილთან ჩაასაფრა და უბრძანა, რომ საჭირო იყო მათი ლიკვიდაცია. ზარანდიას კი საყაჩაღოდ ის იარაღი მისცა, რომლითაც თავად დახოცა დედა-შვილი. კახელაშვილის გათვლით, როდესაც მოკლულ ზარნავას „სველ“ იარაღს აღმოუჩენდნენ, დედა-შვილის მკვლელობაც მას დაბრალდებოდა. ბანდაც ლიკვიდირებული იქნებოდა და თავადაც მშრალი გამოვიდოდა წყლიდან. თუმცა ზარნავა მიუხვდა ჩანაფიქრს და „პაძელნიკებთან“ ერთად არ წავიდა. მხოლოდ უკან გაჰყვა მათ და წისქვილთან მომხდარ ამბავს რომ შეესწრო, სასწრაფოდ თბილისში ჩავიდა და აღიარებითი ჩვენება მისცა. კახელაშვილი გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან