როგორ გაიხსნა პირსისხლებიანი მკვლელობის საქმე
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.09

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ორმაგი მკვლელობა
ირმა ბაზღაძე მას მერე გაემართა მისი სიძის სახლში, რაც უამრავჯერ დაურეკა თავის ქალიშვილს, მაგრამ პასუხი არავის გაუცია, თუმცა, მობილურზე ირეკებოდა. 55 წლის ქალს ღობის ჭიშკარი ჩარაზული დახვდა. ახალი წლის მეორე დღე იყო, ეგრეთ წოდებული, ბედობა, ამიტომ სოფლის მკვიდრნი სახლებში იმყოფებოდნენ და გარეთ გამოსვლას ერიდებოდნენ. ბაზღაძემ ორღობეში მიყუდებული კიბე რის ვაი-ვაგლახით მიათრია სიძის ეზომდე. კიბეზე აძვრა და ეზოს რომ გახედა, ისეთი წივილ-კივილი ატეხა, მთელი სოფლის მცხოვრებნი სახლებიდან გამოცვივდნენ და ირმა ბაზღაძის სიძის, შაქრო კოვზირიძის ეზოში შეგროვდნენ. ირმა აქეთ-იქით აწყდებოდა, განუწყვეტლივ კიოდა, ცხვირ-პირს იხოკავდა და ხელებს თავსა და სახეში იცემდა. მეზობლები მის შეჩერებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. საქმე კი ის იყო, რომ სახლის წინ, პატარა, ბეტონმოსხმულ მოედანზე, ირმას 36 წლის ქალიშვილი, ანა ბუნიკაშვილი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ბებიას სეხნია, ირმა კოვზირიძე ეყარნენ. სიძე შაქრო ამ შემთხვევამდე თვე-ნახევრით ადრე პოლონეთში იყო წასული სამუშაოდ. დედა-შვილი ტყვიით იყვნენ მოკლული. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.
ექსპერტიზის დასკვნა
დედა-შვილ ის მკვლელობის ფაქტზე რაიონულ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელსაც რომან თვალჭრელიძე იძიებდა და პირად კონტროლზე კი სისხლის სამართლის სამძებროს უფროს, ვიცე-პოლკოვნიკს ჯემალ კარიაულს ჰყავდა აყვანილი. ექსპერტიზამ უჩვენა, რომ დედა-შვილი მოკლულები იყვნენ „ტეტეს“ და „მაკაროვის“ სიმსტემის პისტოლეტებიდან. ამავე იარაღებიდან იყო განხორციელებული კიდევ ოთხი მკვლელობა იმ რაიონში: ცოლ-ქმარი გაბაშვილების, ანტონ მარდიშვილისა და ზინაიდა კორკოტაშვილის. წინა სამ შემთხვევაში განხორციელებული იყო ყაჩაღობა და ზემოაღნიშნული ოჯახებიდან საერთო ჯამში გატაცებული იყო 32 ათასი ამერიკული დოლარი: გაბაშვილებისგან – 10 ათასი, მარდიშვილებისგან – 15 ათასი, ხოლო კორკოტაშვილისგან კი – 7 ათასი დოლარი. სამივე ოჯახის წევრები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ სამუშაოდ და სახლში იქიდან გამოგზავნილი და ნაგროვები ფული ჰქონდათ შენახული. აშკარა იყო, რომ რაიონში კარგად ორგანიზებული ყაჩაღთა ბანდა თარეშობდა და პოლიცია ვერაფერს აწყობდა. სამძებროს უფროსი კარიაული ორჯერ გამოიძახეს თბილისში და კატეგორიულად მოსთხოვეს ამ საქმეების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლებით დაემუქრნენ. კარიაულმა პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში ამ საქმეებს აუცილებლად გახსნიდა და რაიონში კრიმინოგენურ მდგომარეობას რადიკალურად გამოასწორებდა.
სპეცოპერაცია
თბილისიდან დაბრუნებულმა კარიაულმა სამი დღის შემდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა და დედაქალაქიდან სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახა. ვიცე-პოლკოვნიკის თქმით, მან საიმედო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ყაჩაღთა ბანდა მორიგი საქმის გაკეთებას გეგმავდა და შუაღამით, მეზობელ სოფელში გივი როჩიკაშვილის ოჯახზე თავდასხმას აპირებდნენ, რომელიც პოლონეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და მათ ოჯახში მსხვილი თანხა ეგულებოდათ. კარიაულმა სპეცდანიშნულების რაზმის უფროსს რამდენიმეჯერ გაუმეორა, თუკი ყაჩაღები მანქანებს არ გააჩერებდნენ, ისინი უწყეტი ცეცხლის ქვეშ მოექციათ. კარიაულისვე მტკიცებით, ყაჩაღთა ბანდის მეთაური იყო ყოფილი მხედრიონელი, მკვლელობისთვის გასამართლებული და ციხიდან გაქცეული პეტრე კოლხიდაშვილი. ის იმავე რაიონის მკვიდრი იყო და ძებნაში იმყოფებოდა. აღნიშნულ დროს რაზმი გზის პირას ჩასაფრდა. ერთ-ერთი მებრძოლი კი გზაზე დადგა, რომ ყაჩაღების გაჩერება ეცადა. ზუსტად შუაღამეს ორი მანქანა გამოჩნდა და გაჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილა. ამიტომ მათ ცეცხლი გაუხსნეს და ორ მანქანაში მოთავსებული შვიდი ყაჩაღიდან ექვსი ადგილზევე მოკლეს ერთი კი მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილებში არ აღმოჩნდა ძებნილი პეტრე კოლხიდაშვილი. მძიმედ დაჭრილი გურამ კორინთელი კი გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა რაიონულ საავადმყოფოში.
კოლხიდაშვილის ჩვენება
ძებნილმა პეტრე კოლხიდაშვილმა საქმეზე წასვლამდე „პაძელნიკებს“ განუცხადა, რომ დასაზვერად წავიდოდა და მათ იქ დახვდებოდა. ამიტომ მანქანაში ჩაჯდა და მარტო წავიდა. თუმცა, პატარა ტყის ზოლში დაიმალა. „პაძელნიკებს“ დაელოდა, უკან გაჰყვა და რომ იხილა, თუ როგორ გაუსწორდნენ მათ, მანქანა თბილისისკენ მიაბრუნა და პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა, ჩაბარდა და ჩვენება მისცა, რომელშიც ეწერა: „ბანდის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ჯემალ კარიაული და ის მე თავის მეორე ბინაში მმალავდა. კარიაული ორ საქმეზე თავადაც გვახლდა. ჩვენი ბანდის წევრია შაქრო კოვზირიძეც. მან 50 ათასი მანეთი გაიტაცა და მიიმალა. მისი ცოლ-შვილი კი პირადად კარიაულმა დახოცა შურისძიების მიზნით. ეს ბოლო საქმე, რომელზეც ჩვენ კარიაულმა გაგვგზავნა, საეჭვოდ მომეჩვენა. მან გაშიფრული „ტეტე“ მომცა, გაშიფრული „მაკაროვი“ კი – გურამ კორინთელს და მივხვდი, რომ ხაფანგი დაგვიგო და როდესაც მანქანებში ჩვენს გვამებსა და „ძველ“ იარაღებს აღმოაჩენდნენ, ყველას თავიდან მოგვიშორებდა. თავად კი მშრალი ამოვიდოდა წყლიდან და გმირადაც შერაცხავდნენ.“
კარიაულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. კოლხიდაშვილს – 30-წლიანი პატიმრობა. შაქრო კოვზირიძეზე კი წითელი ცირკულარით გამოაცხადეს ძებნა. ის 2006 წელს დააკავა საფრანგეთის პოლიციამ და საქართველოში გამოგზავნეს, სადაც მას 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელმძღვანელობამ კი იმ რაიონის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა გაათავისუფლა სამსახურიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან