კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა მსხვილი ჯაშუშობის საქმე 31-ე ქარხანაში

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.03, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მოკლე ჩართვა

1960 წლის იანვარში თბილისის 31-ე ქარხანაში მოკლე ჩართვა მოხდა და თითქმის მთელი საწარმოს მაღალი ძაბვის გაყვანილობა გაითიშა. ყველაზე საიდუმლო ამწყობ საამქროში კი ცეცხლი გაჩნდა. მართალია, სახანძრო რაზმი შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა, მაგრამ მათი ქარხნის ტერიტორიაზე შეშვება გაჭიანურდა. ეს კი იმიტომ, რომ სპეციალური ბრძანება იყო საჭირო, თანაც მოსკოვიდან. მართალია, ნებართვის მისაღებად მოსკოვს ოპერატიულად დაუკავშირდნენ, მაგრამ იქიდან მკაცრი ბრძანება გაიცა – თვითმფრინავი შეფუთეთ და მეხანძრეები მხოლოდ ამის მერე შეუშვით საამქროში. ამგვარად თანამშრომლები უახლესი საიდუმლო თვითმფრინავის – „სუს“, შეფუთვას შეუდგნენ და პირველ ეტაპზე ცეცხლის ლოკალიზაციაც საკუთარი ძალებით მოუწიათ. მხოლოდ ამის მერე შეუშვეს ამწყობ საამქროში მეხანძრეები და ხანძარიც საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული. ამწყობი საამქრო დროებით დახურეს. შემთხვევის ადგილზე კი „კაგებეს“ საგამოძიებო ჯგუფი იქნა მივლინებული. ისინი ელექტრიკოსებთან ერთად აწარმოებდნენ მოკვლევას. მალე უშიშროების თანამშრომლებმა საამქროს ელექტროგაყვანილობაში ჩამონტაჟებული რვა მიკროკინოკამერა აღმოაჩინეს. ეს გადამღები მოწყობილობები დამწვარი იყო და ექსპერტიზაზე წაიღეს. ყველა ელექტრიკოსს გაუთქმელობის ხელწერილები ჩამოართვეს და თითოეულ მათგანს მკაცრი კონტროლი დაუწესეს. აშკარა იყო, რომ ქარხანაში ჯაშუში მოქმედებდა და „კაგებემ“ ფარული გამოძიება დაიწყო.

დაშიფრული რადიოგრამა

მოსკოვი აბობოქრდა... ლუბიანკაზე („კაგებეს“ ცენტრალური შტრაბ-ბინა) თითქმის პანიკა იყო და როდესაც ამის შესახებ ნიკიტა ხრუშჩოვს აცნობეს, მან არ დააყოვნა და თქვა: ისევ ეს უვარგისი მოღალატე ქართველები, მათი ნდობა როგორ შეიძლება?! სასწრაფოდ დაშალეთ ეს საიდუმლო ქარხანა და ან უკრაინაში გადაიტანეთ, ან რუსეთშიო. ხრუშჩოვს აუხსნეს, რომ ქარხნის დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვდა და რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას შეარყევდა, მაგრამ ხრუშჩოვს არაფრის გაგონება არ სურდა. მაშინ მას დაეთანხმდნენ (თუმცა ქარხანა თბილისში დატოვეს)... „კაგებეს“ საკავშირო შეფმა ალექსანდრე შელეპინმა კი ალექსი ინაური მოსკოვში გამოიძახა და მკაცრად გააფრთხილა, რომ თუკი საქართველოში საიდუმლო ობიექტებზე უსაფრთხოება არ გაძლიერდებოდა, მაშინ ქართველ გენერალს მოსკოველი გენერლით შეცვლიდნენ... თბილისში დაბრუნებულ ინაურს კი კონტრდაზვერვამ ახალი ინფორმაცია დაახვედრა. „რადიოპერეხვატის“ სამსახურმა თბილისიდან გაგზავნილი დაშიფრული რადიოგრამა ჩაიწერა, რომელიც ქართველმა კრიპტოგრაფებმა გაშიფრეს. მასში ეწერა: „ობიექტი „ბეღურა“ დაიწვა. დიდი ალბათობით; ჩვენი მოწყობილობები გაიშიფრა. დროებით ფსკერზე ვწვები და განსაკუთრებული შემთხვევისთვის სათადარიგო კავშირი გამოიყენეთ. „ქირურგი“... აშკარა იყო, რომ „ქირურგი“ ქარხანაში მოქმედი აგენტი იყო. „ბეღურა“ კი თვითმფრინავების ამწყობი საამქრო. თუმცა მხოლოდ ფსევდონიმებით უშიშროება ფონს ვერ გავიდოდა და კონტრდაზვერვამ სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მოქმედება.

„ქირურგი“

უპირველეს ყოვლისა, შეირჩა და გადამოწმდა ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა ამწყობ საამქროში და თუნდაც ერთხელ მაინც იყო იქ ნამყოფი. თუმცა შედეგი ნულის ტოლი იყო და ყველანი „სუფთები“ აღმოჩნდნენ. გადაამოწმეს თითოეული მათგანის დოსიე და უმცირესი ეჭვიც კი ვერავისზე მიიტანეს. ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელმა, კაპიტანმა კოტე მაჩაიძემ გამოითქვა ვარაუდი, რომ ჯაშუში ქარხნის თანამშრომელი არ უნდა ყოფილიყო.

– მაშინ, უჩინმაჩინი ყოფილა, რომელიც ჩუმად შეიპარა საამქროში. კამერები დააყენა და ჩუმადვე უკან გამოვიდაო, – ხუმრობით უპასუხეს მას კოლეგებმა.

კაპიტანი კი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და ხელმძღვანელობას ურჩია, რომ ყველა ის ადამიანიც გადაემოწმებინა, ვისაც ბოლო 2 წლის განმავლობაში საამქროსთან გარედან შეხება ჰქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეგრეთ წოდებულ, ნომენკლატურას უნდა შეხებოდნენ. ანუ იმ ხალხს, ვინც კომპარტიის განსაკუთრებულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა და პარტიის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ასეთი სულ 12 ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის თანამშრომელი, ვინმე ოლეგ პრიშტინოვი. 42 წლის პრიშტინოვი 1957 წელს მოსკოვიდან თბილისში იყო გამოგზავნილი პარტიული კონტროლის ხაზით და ამ მიმართულებით მუშაობდა. ის 1958 წელს ორჯერ იყო 31-ე ქარხანაში რევიზიაზე და შესაბამის აქტებზე ჰქონდა მოწერილი ხელი. როგორც პრიშტინოვის დოსიეში ეწერა, ის ორჯერ იყო მივლინებული საზღვარგარეთ – უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. პრიშტინოვი პროფესიით რადიოინჟინერი იყო და საზღვარგარეთ მას მაშინ ჰქონდა მივლინებები, როდესაც მოსკოვში საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. ეს კაცი ხრუშჩოვის ცოლის შორეული ნათესავიც აღმოჩნდა...

ინაურმა საკუთარი კარიერის რისკის ფასად, მოსკოვის გაუფრთხილებლად კონტრდაზვერვას „მწვანე შუქი აუნთო“ და მითითება გასცა, რომ პრიშტინოვი „ეძოვებინათ“. და, მართლაც, მოსკოველი რევიზორი „ცეერუს“ მეკავშირესთან შეხვედრისას გამოიჭირეს. დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო და პრიშტინოვმა აღიარა, რომ ის ამერიკელებმა 1957 წელს ბუდაპეშტში „დაავერბოვკეს“...

პრიშტინოვი მოსკოვმა წაიყვანა. მისი შემდგომი ბედი უცნობია, ხოლო მაჩაიძეს კი მაიორობა მიანიჭეს და წარწერიანი ოქროს საათი აჩუქეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი