კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა მკვლელობის საქმეები 25 წლის შემდეგ

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 05.06

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სასტიკი მკვლელობა

1971 წლის ნოემბერში თბილისის ერთ-ერთ ახალ უბანში, რვასართულიანი სახლის მერვე სართულზე, მუხაძეების ბინაში საზარელი დანაშაული მოხდა. ერთ საღამოს სახლში მისულმა ვალერი მუხაძემ თავისი 37 წლის ვაჟი – იური, მოკლული აღმოაჩინა. იურის სხეულზე 16 ნაჩვხლეტი ჭრილობა ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი კი ასფიქსია (გაგუდვა) აღმოჩნდა. დანაშაულის ადგილზე ტყავის წვრილი ქამარი იპოვეს, რომლითაც სავარაუდოდ, იური მუხაძე გაგუდეს. ექსპერტიზის დასკვნით, 16 ნაჩხვლეტი ჭრილობა უკვე გვამს ჰქონდა მიყენებული. ბინა არეული იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მკვლელი იქ რაღაცას ეძებდა. როგორც ბინის პატრონმა, ვალერიან მუხაძემ, განაცხადა, წაღებული იყო ფული და ძვირფასი სამკაულები. ქალაქ თბილისის პროკურატურაში იმავე დღეს აღიძრა საქმე განსაკუთრებით სასტიკი მკვლელობისა და ძარცვის მუხლით. ამ საქმეს 26 წლის მერაბ კაშია იძიებდა. მან რამდენიმე ვერსია შეიმუშავა. ყველა გადაამოწმა, მაგრამ დამნაშავის კვალს ვერ მიაგნო და ნორმალური ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავდა. საქმე ჩიხში შევიდა და თაროზე შემოდო. დანა ვერ აღმოაჩინეს და როგორც ეტყობოდა, ის მკვლელმა თან წაიღო. ერთადერთი სამხილი ტყავის წვრილი ქამარი იყო. თუმცა, ქამარზე თითის ანაბეჭდები ან რაიმე სხვა კვალი არ ჩანდა, თუმცა ეს ერთადერთი სამხილი იყო. ის დალუქეს და საქმესთან ერთად არქივში შეინახეს.

მსგავსი საქმე

იური მუხაძის მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ თბილისის ახალ რაიონში ანალოგიური დანაშაული მოხდა. 41 წლის კარლო ხევიაშვილი „ადელაიდას“ ფირმის მამაკაცის ქამრით იყო გაგუდული. სხეულზე კი 18 ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა, რომლებიც გვამზე იყო მიყენებული. დანა კვლავ ვერ აღმოაჩინეს. ქამარი კი მკვლელობის ადგილზე ეგდო. არანაირი ანაბეჭდი არ აღენიშნებოდა და მოკლულს ეკუთვნოდა. ამ დანაშაულსაც მერაბ კაშია იძიებდა და საქმეს იგივე ბედი ეწია. დანაშაულის სამხილი მხოლოდ ქამარი იყო. არც ეჭვმიტანილები ფიგურირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი გამომძიებელი მერაბ კაშია ტყავიდან ძვრებოდა ამ საქმეების გასახსნელად, შედეგი მაინც ნულის ტოლი იყო. კაშიამ გამოძიების ვადა ორჯერ გააგრძელებინა უფროსობას, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწია. როგორც მუხაძის შემთხვევაში, ხევიაშვილის საქმეშიც საკმაოდ დიდი თანხა და ძვირფასეულობა იყო გატაცებული. კაშიამ სცადა, მკვლელის კვალზე ამ კუთხით გასულიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპერატიული სამსახური ფეხზე იდგა და გადაამოწმეს არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს ლომბარდები, საკომისიო მაღაზიები, ოქროსა და ძვირფასი ქვების შემსყიდველი პუნქტები და კერძო გადამყიდველებიც კი მუხაძისა და ხევიაშვილის სახლებიდან გატაცებული ძვირფასი ნივთები არსად ჩანდა.. მერაბ კაშიას ვარაუდით, მკვლელმა ან ძვირფასი ნივთები გადაადნო და თვლები ამოიღო, ან, უბრალოდ, გადამალა. ერთი სიტყვით, ორივე საქმე ჩიხში შევიდა.ისინი გააერთიანეს და მრავალი წლის განმავლობაში სამხილებთან ერთად, არქივში ინახებოდა.

25 წლის შემდეგ

საბჭოთა კავშირი უკვე კარგა ხნის დაშლილი იყო, 51 წლის მერაბ კაშია კი საქართველოს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებს შორის და იმ ორი საქმის გარდა, ყველა საქმე გახსნილი ჰქონდა. თუმცა, კაშიას მთელი კარიერის განმავლობაში აწუხებდა ის ორი მკვლელობის საქმე და ოცნებობდა, რომ ოდესმე მაინც გაეხსნა ისინი. 90-იანი წლების შუალედში მსოფლიო შეძრა ახალმა აღმოჩენამ, ანუ დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობამ. და იმ პერიოდში ამ სიახლემ საქართველოშიც შემოაღწია. თავდაპირველად დნმ-ის ანალიზი საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, კაშიამ იმ მკვლელობების ქამრების დნმ-ის ანალიზი გააკეთებინა „ეფბეერის“ ლაბორატორიის თურქეთის ფილიალში და ორივეზე ერთი პასუხი ამოვიდა, ანუ ორივე მოკლული ერთი და იმავე ადამიანმა გამოასალმა სიცოცხლეს. ამის მერე კაშიამ იმ ცოცხალ ეჭვმიტანილთა დნმ-ის ანალიზი აიღო, ვინც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა მკვლელი ყოფილიყო, თუმცა, თითოეულ მათგანს მაშინ ალიბი ჰქონდა. სულ ხუთი ადამიანი იყო ასეთი და ერთის – იური მუხაძის მეზობლისა და მეგობრის, ხარიტონ ჯიოშვილის დნმ დაემთხვა ქამრებზე აღმოჩენილ მასალებს. ხარიტონი მეორე დღესვე დააკავეს. ის იმ მომენტისთვის უკვე 63 წლის იყო და ორმაგი მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს. ჯიოშვილმა აღიარა მკვლელობები, თანაც წარმოადგინა ის გატაცებული ძვირფასი ნივთები, რომლებსაც ის 25 წლის განმავლობაში ინახავდა. უზენაესმა სასამართლომ ჯიოშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა სულ მალე საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა და მას უვადო პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ხარიტონ ჯიოშვილი მხოლოდ 2 წელი იჯდა ციხეში. ის 65 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა