როგორ გაიხსნა „გუმის“ ძარცვის საქმე
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ფანტასტიკური ძარცვა
1967 წლის მაისში მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღის ¹2 სექციაში ფანტასტიკუური ძარცვა განხორციელდა. ადგილზე მისულ ინკასატორებს ბუღალტრის შემცვლელმა მოლარემ ამ სექციის მთელი დღის ნავაჭრი ფული, 2 მილიონ 650 ათასი მანეთი, ჩაუთვალა და გაისტუმრა. როგორც აღმოჩნდა, ინკასატორები სინამდვილეში გადაცმული მძარცველები იყვნენ, რომლებმაც ნამდვილი ინკასატორები დაატყვევეს, გაკოჭეს და მათი მანქანითა და უნიფორმით ისარგებლეს. ისევე, როგორც დაატყვევეს ბუღალტერი, რომელიც ინკასატორების უფროსს პირადად იცნობდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა „მურის“ საგამოძიებო ბრიგადამ მოკვლევა დაიწყო და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ძარცვის მუხლით. ამ საქმეს ლეგენდარული ქართველი გამომძიებელი კოკა (კონსტანტინე) რუსაძე იძიებდა. მართალია, მისი ჯგუფი ახალგაზრდული იყო, მაგრამ საუკეთესო. რუსაძე მოსკოვის სისხლის სამართლის („მურის“) სამძებროში მუშაობდა და სახელი გაითქვა ჩახლართული საქმეების ეფექტური გამოძიებითა და გახსნით.
ექსპერტიზის დასკვნა
„გუმის“ ¹2 სექციის მოლარის გამოკითხვა 5 საათი გაგრძელდა და ბოროტმოქმედთა სიტყვიერი პორტრეტებით მძარცველთა ფოტორობოტები შედგა. მაგიდის კუთხიდან კი სისხლის კვალის მასალები აიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. საქმე ის იყო, რომ როგორც მოლარემ თქვა, ერთ-ერთმა მძარცველმა ფულის ჩანთაში ჩაყრის დროს მარცხენა ხელის მაჯა ლურსმანს გამოჰკრა და დაიზიანა. ამ საქმეში ეს და ფოტორობოტები იყო ერთადერთი ხელჩასაჭიდი და კოკა რუსაძე ამ კვალს მიჰყვა. დადგინდა, რომ მძარცველი, რომელმაც ხელი იტკინა, ცაცია იყო. სისხლის ანალიზმა კი უჩვენა, რომ ცაცია მძარცველს დიაბეტი ჰქონდა. გამოძიებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხილი იყო და ამ აღმოჩენამ კოკა რუსაძე ძალიან გაახარა. მან თავის თანაშემწეს დაავალა, რომ მოეძებნათ ყველა დიაბეტით დაავადებული, რომლებიც მოსკოვის პოლიკლინიკებში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში ასეთ ადამიანებს ინსულინის უფასო დოზა ეკუთვნოდათ და ისინი აღრიცხვაზე აჰყავდათ.
ცაცია დიაბეტიანი
როგორც გაირკვა, მოსკოვში 40 ათასი ადამიანი იყო დიაბეტით დაავადებული. აქედან 30 ათასი მამაკაცი და მურის ოპერებს ტიტანური შრომის გაწევა მოუწევდათ ცაცია დიაბეტიკის ძებნაში. თუმცა, სხვა გზა არ იყო. გადაამრავლეს მოლარის მიერ შედგენილი ფოტორობოტები და დიაბეტიანი მძარცველის ფოტოს პერსონალს ყველა პოლიკლინიკაში უჩვენებდნენ, მაგრამ ორკვირიანი ძალისხმევის შედეგები ნულს უდრიდა. კოკა რუსაძე კი იმეორებდა: ჩიტი ბრდღვნად ღირსო და თავის ხელქვეითებს ამხნევებდა. რუსაძის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მისმა ერთ-ერთმა რიგითმა, თაზო ქვარცხავამ გაგარინის რაიონის პოლიკლინიკაში ცაცია დიაბეტიანს მიაგნო. ფოტორობოტზე ის ექთანმა გალინა პეტროვამ ამოიცნო. თაზომ დიაბეტით დაავადებული ვადიმ ხრაპოვის მისამართი ამოწერა და „მურში“ გაქანდა.
ბანდა
ვადიმ ხრაპოვი, იგივე 31 წლის დიაბეტიანი და ცაცია, „მურის“ ოპერჯგუფმა მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში დააკავეს. ხრაპოვი სცენის მუშა იყო და მილიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მაგრამ რუსაძემ ის ერთი დარტყმით ძირს დასცა. ქვარცხავამ კი მას ხელბორკილები დაადო და მურში წაიყვანეს. დაკითხვებზე ხრაპოვი დუმდა. თუმცა, მალევე ალაპარაკდა და დანარჩენი სამი მძარცველიც დაასახელა. ისინი იყვნენ თბილისელები, ავლაბრელი არმან მარტიროსოვი, რომელიც ფეხსაცმლის ატელიეში მეწაღედ მუშაობდა. მეიდნელი ულსმან ბაგიროვი, რომელიც ერთ-ერთი ბაზრის მუშა იყო და ბანდის მეთაური – ზურაბ ღოღობერიძე, მოსკოვის ფირმა „მელოდიის“ ხმის ინჟინერი. მთელი ეს კომბინაცია ღოღობერიძის მიერ იყო მოფიქრებული, უმაღლეს დონეზე შესრულებული და რომ არა ხრაპოვის ხელის დაზიანება, მილიციას შესაძლოა, ვერც გაეხსნა ეს საქმე. სასამართლომ ბოროტმოქმედებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ღოღობერიძე კი 12 წლით ჩასვეს ციხეში. რუსაძემ მაიორობა მიიღო, მისი ჯგუფის წევრებმა კი – პრემიები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან