კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა ერთ-ერთი პირსისხლიანი „გესტაპოს“ ჯალათი თბილისში

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.12, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მესაათე

1967 წლის 2 ივლისს 57 წლის პავლე კუტივაძე მაჯის საათის გასაკეთებლად პატარა სახელოსნოში მივიდა, რომელიც პლეხანოვის გამზირისა და ერთ-ერთი პატარა შესახვევის კუთხეში მდებარეობდა. კუტივაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. მას ომში კანტუზია ჰქონდა მიღებული. შემდგომ კი 10 წელი ციხეში იჯდა და 1955 წელს ჯერ გაათავისუფლეს, შემდგომ კი რეაბილიტაციის საბუთიც მიიღო. კუტივაძეს ტყვეობის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდება ყოვლად უსამართლოდ წაუყენეს. ის ომის დასაწყისს ბელორუსიაში შეხვდა. პროფესიით მძღოლი იყო და სოფელ „ლენინის გზის“ კოლმეურნეობაში მუშაობდა. ომის დროს პარტიზანი იყო. 1942 წლის მიწურულს კუტივაძე, სხვა ოთხი პარტიზანი და სოფლის 80 მაცხოვრებელი ფაშისტებმა ბეღელში შერეკეს და ცოცხლად დაწვეს. მანამდე კი პარტიზანები არაადამიანურად აწამეს. კუტივაძე ცოცხლად დაწვას სასწაულებრივად გადაურჩა. დანახშირებული შენობიდან გამოძვრა და ტყეს შეაფარა თავი. თავის პარტიზანულ რაზმში მივიდა და ყველაფერი მოყვა. ომის დასრულებამდე კუტივაძე რაზმში იბრძოდა. 1945 წელს კი ის მოულოდნელად დააპატიმრეს და ერთკვირიან ტყვეობაში ყოფნის გამო 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. თუმცა, ამ ჯოჯოხეთური შვიდდღიანი ტყვეობისას კუტივაძეს ადგილობრივი „გესტაპოს“ თანამშრომელი ოლეგ კუნცევიჩი სასტიკად აწამებდა და პარტიზანებზე ინფორმაციებს სთხოვდა. ხოლო, როცა ვერაფერს მიაღწია, ცოცხალ-მკვდარი კუტივაძე სხვა ადამიანებთან ერთად ბეღელში შეაგდო და ცეცხლი წაუკიდა. კუტივაძეს მთელ სხეულზე აჩნდა კუნცევიჩისგან მიყენებული წამების კვალი. სწორედ ჯალათი კუნცევიჩი შეიცნო კუტივაძემ მესაათეში. მიუხედავად იმისა, რომ ჯალათს წვერი ჰქონდა მოშვებული და 25 წლით იყო დაბერებული. თავისი მსხვერპლი მესაათემაც იცნო. თუმცა არ შეიმჩნია. ისევე, როგორც ამას კუტივაძე ცდილობდა, მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდა.

– საათს ხვალ დილით მოაკითხეთ, – უთხრა კუტივაძეს მესაათემ და გაისტუმრა.

კუტივაძე პლეხანოვზე მდებარე მილიციის განყოფილებაში გაემართა. მესაათემ კი თანამშრომლებს უთხრა, – მალე მოვალო და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.

ძებნა

მილიციაში კუტივაძე ძალიან აღელვებული მივიდა. პავლე მილიციელების მოქმედებიდან მიხვდა, რომ არ უჯერებდნენ. ამიტომ, სხეულზე პერანგი შემოიგლიჯა და მილიციელებს უამრავი ნაიარევი დაანახვა, რომლებიც წამების შედეგად აჩნდა, თან იღრიალა:

– ეს იარები ამ ჯალათმა მომაყენა და თუკი დროზე არ მიიღებთ ზომებს, მაშინ ეს სასტიკი დამნაშავე ხელიდან გაგისხლტებათ და თუ კიდევ რამე საშინელებას ჩაიდენს, პასუხს თქვენ აგებთო.

იარებმა და კუტივაძის სიტყვებმა მილიციელები ოდნავ შეაფუცხუნა. თუმცა, მათ ისევ არ სჯეროდათ კუტივაძის სიტყვების. მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდათ და მასთან ერთად სახელოსნოსკენ გაემართნენ, რომელიც მილიციიდან სულ რაღაც 400 მეტრში მდებარეობდა. სახელოსნოში გაირკვა, რომ კუნცევიჩი ანტონ ზახაროვის გვარით იყო სამსახურში დარეგისტრირებული და დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ცხოვრობდა.

– მან ორი თვის წინ მიიღო ბინა, – თქვა სახელოსნოს უფროსმა და დაამატა, – ანტონი კარგი ხელოსანი და შესანიშნავი ადამიანიაო.

მილიციელები ამ პასუხმა დააკმაყოფილა და განყოფილებაში დაბრუნდნენ. სახელოსნოს უფროსს კი დაუბარეს, როდესაც ანტონ ზახაროვი დაბრუნდება, შეგვატყობინეთო. პავლე კუტივაძემ ტაქსი გააჩერა და მთაწმინდაზე, უშიშროების კომიტეტის შენობისკენ გაემართა. მილიციელებისგან განსხვავებით, „კაგებეში“ კუტივაძეს ყურადღებით მოუსმინეს. შემდეგ ოპერატიული ჯგუფი შეკრიბეს და პავლესთან ერთად დიღმის მასივში, მესაათის საცხოვრებელი ბინისკენ გაემართნენ. ანტონ ზახაროვი სახლში არ აღმოჩნდა. კარის მეზობელმა კი ძალოვნებს უთხრა:

– ანტონი 2 საათის წინ წავიდა, შემდეგ უცებ მოვიდა და 5 წუთიც არ გაჩერებულა სახლში. 2 ჩემოდნით ხელში ტაქსით გაემართა. კითხვაც კი ვერ მოვასწარი, თუ რა ხდებოდა.

„კაგებეშნიკები“ მიხვდნენ, რომ ზახაროვის გვარით შენიღბული კუნცევიჩი მიიმალა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა. მასალები კი მოსკოვში გადაიგზავნა, სადაც პავლე კუტივაძის ჩვენებაც იყო დართული.

სასჯელი

მოსკოვიდან თბილისში დაშიფრული დეპეშა მოვიდა. მასში ეწერა, რომ ზახაროვი, სინამდვილეში, ბელორუსიის ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი ჯალათი, ოლეგ კუნცევიჩი იყო. ის 1915 წელს იყო დაბადებული ბელორუსიაში და მისი მშობლები 1937 წელს, მავნებლობის ბრალდებით, მინსკში დახვრიტეს. ოლეგ კუნცევიჩს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ეძებდნენ და 4 სექტემბერს ის ქალაქ რიაზანის რკინიგზის სადგურზე იმ დროს დააკავეს, როდესაც შემნახველ საკანში 2 ჩემოდანს აბარებდა. დაკავებული მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს. შემდეგ ადგილობრივი „კაგებეს“ თანამშრომლები გამოიძახეს და ჩემოდნების დათვალიერება მათი თანდასწრებით ჩაატარეს. ჩემოდნებში კუნცევიჩის მიერ ნაწამები და მოკლული ადამიანების ძვირფასი პირადი ნივთები აღმოჩნდა. სამხედრო დამნაშავე ბელორუსიაში გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა გამოუტანეს.

პავლე კუტივაძეს კი ჯილდოდ უშიშროების კომიტეტის სამადლობელი სიგელი და მაჯის საათი გადაეცა.

P.S. ოლეგ კუნცევიჩის საქმის გამოძიებამ კონტრდაზვერვა ერთ-ერთ სამხედრო მაღალჩინოსანზე გაიყვანა, რომელიც მოსკოვში დააპატიმრეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი