კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიძარცვა შემნახველი სალარო პანდემიის მძვინვარების პერიოდში

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.11

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ქოლერის პანდემია

1970 წლის ზაფხულში საქართველოში ქოლერის პანდემია მძვინვარებდა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ საგანგებო ზომებს მიმართა – კარანტინი გამოცხადდა, შეიზღუდა გადაადგილება, ქალაქები და დასახლებული პუნქტები ჩაიკეტა და შესვლა-გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო საშვებით იყო შესაძლებელი. საბუთზე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის პასუხისმგებელი პირის ხელის მოწერა უნდა ყოფილიყო, რომ საშვის წარმომდგენი ჯანმრთელი იყო და აცრილი. საბუთს თან უნდა დართვოდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ორი (მრგვალი და სამკუთხედი) ბეჭედი. შემოიღეს საყოველთაო-სავალდებულო აცრები. ხალხს, ძირითადად; უწყებრივი პრინციპით ცრიდნენ, ანუ სამსახურებში. ეს ამგვარად ხდებოდა: წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ამა თუ იმ უწყებაში რეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ აღნიშნულ დღესა და საათზე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ბრიგადა მივიდოდა და თანამშრომლებს აცრიდა.

აცრა

2 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ შემნახველ სალაროში, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის სახელით, ხუთკაციანი ბრიგადა მივიდა და უფროსს, ანზორ ჭანჭიკაშვილს განუცხადეს, რომ თანამშრომლები აცრისთვის შეეკრიბა, ხოლო სალარო კი დროებით დაეკეტა.

– ჩვენ ხვალისთვის ვიყავით გაფრთხილებული, – თქვა ჭანჭიკაშვილმა. ბრიგადის უფროსმა რუსუდან კვაშალმა კი სალაროს უფროსს განუმარტა:

– დიახ, მართალს ბრძანებთ, მაგრამ, ხვალ, დილიდანვე რაიონებში გავდივართ და ერთი დღით ადრე ამიტომ შემოგეჭერით. სულ რაღაც 20 წუთს წაგართმევთ და შემდგომ კი შეგიძლიათ, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოთ მუშაობაო.

სალაროში სულ 8 თანამშრომელი იყო და ისინი აცრეს და სთხოვეს, რომ ხუთიოდე წუთით სკამებზე დამსხდარიყვნენ, რომ წამალს მოქმედება დაეწყო და მართლაც წამალმა მალევე დაიწყო მოქმედება და ყველა „აცრილს“ ღრმად ჩაეძინა, რადგან მათ დასაძინებლები შეუშხაპუნეს. პირბადიანმა და თეთრ ხალათებში გამოწყობილმა ექვსეულმა კი შემნახველი სალაროს სიგნალიზაცია გათიშეს. ორი უზარმაზარი სეიფი გახსნეს და იქიდან 610 ათასი მანეთი და 200 ათასი მანეთის სამპროცენტიანი ობლიგაციები გაიტაცეს და გაუჩინარდნენ.

ტოტალური ძებნა

შემნახველი სალაროს არაორდინარული ძარცვის ამბავი უმალვე გავრცელდა. საქმეს ქალაქის მილიციის სამმართველოს საუკეთესო მაძებრები იძიებდნენ. თუმცა, შედეგი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. არ არსებობდა მოწმე ან თვითმხილველი, ვისაც შეეძლო, ბოროტმოქმედებისთვის თვალი მოეკრა. იმიტომ, რომ საშინელი პანდემია მძვინვარებდა და ადამიანები სახლიდან გასვლას ერიდებოდნენ. ერთადერთი ხელჩასაჭიდი იყო შემნახველი სალაროს თანამშრომლების ჩვენებები. სცადეს ფოტორობოტების შედგენა, მაგრამ მძარცველები პირბადეებით იყვნენ და ამის გამო ეს არ მოხერხდა. ხაზგასასმელი დეტალი იყო ის, რომ მძარცველებს შორის ერთი ქალი ფიგურირებდა – ვინმე რუსუდან კვაშალი, რომლის საბუთი სალაროს ჩხრეკისას იპოვეს, თუმცა მაძებრები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს საბუთი ყალბი იყო. მათ მაინც გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ რუსუდან კვაშალი სანეპიდსადგურის თანამშრომელი იყო და მან განაცხადა, რომ თავისი პირადობის მოწმობა ორი დღის წინ, ანუ ძარცვის წინა დღეს დაკარგა. ეს უკვე საინტერესო დეტალი იყო და გამოძიების ვერსიით, საქმის მიმცემი სანეპიდსადგურში უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ მძარცველებს საბუთთან ერთად ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო აცრები შემნახველ სალაროში და ასეთი ინფორმაცია მხოლოდ სანეპიდსადგურში იცოდნენ.

მძარცველები

მაძებართა ვარაუდი გამართლდა და გაირკვა, რომ რუსუდან კვაშალს მისი პირადობის მოწმობა მისსავე კოლეგამ ალისა ლამინაძემ მოჰპარა. 27 წლის ლამინაძე მძარცველ-რეციდივისტის, ბონდო გოცირიძის საყვარელი იყო. ეს ამბავი მილიციამ მაშინ შეიტყო, როდესაც სანეპიდსადგურის თანამშრომლების დოსიეებს სწავლობდა. დანარჩენი კი „ტექნიკის საქმე“ იყო. ალისა მილიციის სამმართველოში დაჰკითხეს და გამოტეხეს, რომ საბუთი გოცირიძის თხოვნით მოიპარა და რომ შემნახველი სალაროც გოცირიძემ, მისმა დამ, მარინემ და ოთხმა მათმა თანამშრომელმა გაძარცვეს. ოპერმუშაკებმა მხოლოდ გოცირიძეების თანამზრახველთა დაპატიმრება შეძლეს. და-ძმა კი გაუჩინარდა და მათზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. არ ჩანდა არც ფული და არც გატაცებული ობლიგაციები. არაორდინარული მძარცველების დაპატიმრება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, 1971 წლის თებერვალში მოხერხდა. ლენინგრადში, ერთ-ერთ შემნახველ სალაროში ახალგაზრდა ქალმა 2 ათასი მანეთის ობლიგაციების გადახურდავება სცადა და ის ადგილზევე დააკავეს. ქალი მარინე გოცირიძე აღმოჩნდა. მისი ძმა, ბონდო კი, მას მანქანაში ელოდებოდა და ისიც დააკავეს. მძარცველებს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი