როგორ გაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ოქრო საბჭოეთიდან უცხოეთში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 29.05

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ხელოვანი
არნოლდ გუცმანი ძირძველი თბილისელი იყო და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ფერწერისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით. მან ჯერ კიდევ პიონერთა სასახლეში სწავლისას მოიხვეჭა სახელი და არაერთი საკავშირო საბავშვო გამოფენაში დაიმსახურა დიდი ოქროს მედალი. მისი ბავშვობის დროინდელი ფერწერული ტილოები კი ხელოვნებათმცოდნე იან კრასინსკიმ სრულად შეისყიდა. კრასინსკისთან ნაცნობობა, შემდგომ კი თანამშრომლობა არნოლდ გუცმანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. კრასინსკიმ ჯერ კიდევ პატარა გუცმანს ძლიერ შეაყვარა ფული. ხელოვნებათმცოდნე, რომელიც გუცმანზე 12 წლით უფროსი იყო, ნიჭიერ მხატვარს უნერგავდა, რომ ყველაფრიდან ფული უნდა ეშოვა. და ეს, ერთი შეხედვით, სულაც არ იყო ცუდი. მით უმეტეს, ამ ფულს რომ გუცმანი თავისი ნიჭითა და შრომით შოულობდა. პრობლემა ის იყო, რომ კრასინსკი არ თაკილობდა კრიმინალურ საქმიანობას ხელოვნების სფეროს გამოყენებით. უარს არ ამბობდა შედევრების გაყალბებასა და შეცვლაზე. ამ სამუშაოს კი გუცმანს აკეთებინებდა და ჭაბუკური ასაკიდან „პოლნი წილშიც“ ჰყავდა. კრასინსკიმ 16 წლის გუცმანს ურჩია, ფერწერასთან ერთად ქანდაკებაც შეესწავლა და გუცმანმა წარმატებით აითვისა ხელოვნების ეს დისციპლინა და სულ მალე მთელს საბჭოთა კავშირში გაითქვა სახელი. კრასინსკის კი თავისი შორსმიმავალი კრიმინალური გეგმები ჰქონდა. ის, უბრალოდ, ელოდებოდა შესაფერის მომენტს, რომ არნოლდ გუცმანი სერიოზულ კრიმინალურ საქმიანობაში ჩაება.
ოქრო და დიდი ოქროს მედალი
70-იანი წლების დასაწყისში არნოლდ გუცმანი უკვე ძალიან ცნობილი მოქანდაკეც გახდა და კომუნისტური იდეების გამომსახველი ქანდაკებების პარალელურად, რომლებსაც მას საბჭოთა მთავრობა უკვეთავდა და დიდ თანხებსაც უხდიდა, ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებსაც ქმნიდა. გუცმანის ქანდაკებები ევროპის მრავალ ქალაქში დაიდგა, მისი მინისკულპტურული კომპოზიციები კი მსოფლიოს მრავალ მუზეუმს ამშვენებდა. 1971 წელს გუცმანის ქანდაკებამ სიყვარულის თემაზე ნიუ-იორკში გამართულ ქანდაკების ფესტივალზე პირველი ადგილი და დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ ფესტივალს იან კრასინსკიც ესწრებოდა. ის იქ ხელოვნებათმცოდნე-ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული და ჟიურის წევრიც გახლდათ. თუმცა, იან კრასინსკის ნიუ-იორკში გამგზავრების მთავარი მიზანი საქმიანობა იყო. იანი აცილებდა 250 კილოგრამ ოქროს, რომელიც არნოლდ გუცმანის საკონკურსო ნამუშევარში ოსტატურად იყო დამალული. კრასინსკი საერთაშორისო, ეგრეთ წოდებული, ოქროს დანაშაულებრივი სინდიკატის ერთ-ერთი ბოსი იყო. ის ციმბირის საბადოებში უკანონოდ მოპოვებულ და გადამუშავებულ ოქროს ზოდებს ქანდაკებით ნიღბავდა. შემდგომ ეს ოქრო სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნებოდა და მსოფლიოს ცნობილ ბანკებში სინდიკატის ანგარიშებზე ჯდებოდა. ნიუ-იორკში ჩატანილი ოქროს შესახებ გუცმანმა არაფერი იცოდა, თუმცა, როდესაც საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ, იან კრასინსკიმ არნოლდ გუცმანს ყველაფერი გაუმხილა, თან ქეშად დიდი ფული გადასცა და უთხრა, რომ მის ანგარიშზე შვეიცარიის ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ოქროს ზოდები ინახებოდა, თან დასძინა, ეს ანგარიში ყოველ უცხოურ ვოიაჟთან ერთად ზღაპრულად გაიზრდებოდა. იმავდროულად, კრასინსკიმ გააფრთხილა გუცმანი, რომ ურჩობის შემთხვევაში მას საერთაშორისო ბოროტმოქმედები მოკლავდნენ. ამ საუბრის შემდეგ გუცმანს ისღა დარჩენოდა, რომ სინდიკატთან თანამშრომლობაზე თანხმობა განეცხადებინა.
კრახი
80-იანი წლების დასაწყისში „ეფბეერმა“ მოახერხა და სინდიკატში თავისი აგენტი ჩანერგა. ამის შედეგად ფედერალებმა ოქროს მოძრაობის სქემაც გაშიფრეს და მისი მონაწილეებიც, რომელთა შორის არნოლდ გუცმანიც ფიგურირებდა. „ეფბეერმა“ სანიმუშო სპეცოპერაცია ჩაატარა და როდესაც გუცმანის შესანიშნავი ქანდაკება, ამერიკის თემატიკით, კვლავ ნიუ-იორკში ჩაიტანეს, კრასინსკი, გუცმანი და სინდიკატის კიდევ ორი რუსი ბოსი, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ, დააპატიმრეს. ამოიღეს 400 კილოგრამი ოქრო, თუმცა, ამ ისტორიაში საბჭოთა მთავრობა ჩაერია. კრასინსკი და სხვა დაპატიმრებულები დიდი ვადით ციხეში გაამწესეს. გუცმანი კი ორ ამერიკელ ჯაშუშში გაცვალეს, სამშობლოში დააბრუნეს და რადგან ძალიან ცნობილი იყო, თანაც, როგორც ამბობდნენ, ხელიდან მართლაც შედევრები გამოსდიოდა, დანაშაულის მიუხედავად, გაათავისუფლეს და გარდაცვალებამდე კიდევ ბევრი ფერწერული ტილო და გენიალური ქანდაკება შექმნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან