კრიმინალური ისტორიები

როგორ გაძარცვეს თბილისელმა თაღლითებმა მოსკოვის არალეგალური სამორინე

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.04, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ძარცვა

1971 წლის 24 აპრილს, დღის 15 საათზე მოსკოვში, კალინინის გამზირზე მდებარე ¹36 სახლის სარდაფში ოთხი მამაკაცი შეიჭრა. სარდაფში კონსპირაციული სამორინე ფუნქცინირებდა, რომელიც უცხოური ანალოგიების მსგავსად იყო მოწყობილი. იქ იყო რულეტკა, ბანქოს სათამაშო მაგიდები, სალარო და ბარი. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ამ არალეგალურ (საბჭოთა კავშირში სათამაშო ბიზნესი კანონით იყო აკრძალული) დაწესებულებაში იკრიბებოდა მაშინდელი მოსკოვური ბომონდი, ანუ ნაღები საზოგადოება, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ ცნობილი: მომღერალი და მსახიობი ვლადიმირ ვისოცკი, მსახიობები – ვიაჩესლავ ტიხონოვი, ოლეგ იანკოვსკი და სხვები. ერთი სიტყვით, იატაკქვეშა სამორინე უფრო მეტად კინოფესტივალის დარბაზს ჩამოჰგავდა, ვიდრე არალეგალურ დაწესებულებას. სამორინეში შეჭრილებმა იქ მყოფებს უშიშროების კომიტეტის მოწმობები წარუდგინეს. კავკასიური გარეგნობის ახალგაზრდა კაცმა კი თქვა:

– მე მაიორი ილია ჯანდიერი ვარ. თქვენს არალეგალურ დაწესებულებაში ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ და თქვენი წერილობითი ახსნა-განმარტებები მივიღოთ.

ჩხრეკის შედეგად სალაროდან და სამორინეს სტუმართაგან 105 ათასი მანეთი ამოიღეს. „ტაგანკის თეატრის“ რეჟისორს, იური ლუბიმოვს კი 400 ამერიკული დოლარი აღმოაჩნდა. ილია ჯანდიერმა ლუბიმოვს უთხრა:

– დოლარების შენახვის გამო 15 წელი არ აგცდებათ და თუკი ნებაყოფლობით ჩაგვაბარებთ, თუნდაც 5 ათას დოლარს, შეიძლება, გიშველოთ კიდეც.

ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად ცნობილ რეჟისორს ქრთამი უნდა გადაეხადა, რაზეც ლუბიმოვმა თანხმობა განაცხადა.

სინამდვილეში, „კაგებეშნიკები“ თაღლითი მძარცველები იყვნენ და „ნაკოლი“ მათ სამორინეში „მოღვაწე“ ერთ-ერთმა მოთამაშემ მისცა.

კრიმინალური ოთხეული

არალეგალურ სამორინეში „კაგებეს“ „ქსივებით“ შესული კავკასიური გარეგნობის ახალგაზრდები თბილისელი თაღლითები და მძარცველები იყვნენ. ჯანდიერის „ქსივით“, სინამდვილეში, 32 წლის კოტე გურული მოქმედებდა, მასთან იყო 28 წლის ნოდარ სირაძე, 35 წლის არიფ მამედოღლი და 30 წლის გარიკ გალუსტიანი. მათ ერთმანეთი რუსთავის კოლონიაში სროკზე ყოფნის დროს გაიცნეს და ციხიდან გათავისუფლების მერე მოსკოვში გაემგზავრნენ საასპარეზოდ. არიფ მამედოღლი პროფესიით მხატვარი იყო და „კაგებეს“ „ქსივები“ მან დაამზადა. საქმის მიმცემი შულერი კი გარიკ გალუსტიანის ერევნელი მამიდაშვილი ვოვა სარქისიანი იყო. მას მერე, რაც კრიმინალურმა კვარტეტმა 105 ათასი მანეთი და 400 დოლარი სუფთად წამოიღო, კოტე გურული ატყდა – ფული უნდა ავიღო ლუბიმოვისგან, რადგან დოლარები რომ აღმოვუჩინეთ შეშინებულია და არ დაგვაბეზღებსო. გურულმა არავის გაუწია ანგარიში. ლუბიმოვს დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა.

– დიახ. დღეს საღამოს, 8 საათზე მობრძანდით ჩემს თეატრში, – უთხრა ლუბიმოვმა და ტელეფონი გათიშა.

„კაგებეს“ ფრთის ქვეშ

ტაგანკის თეატრში გურულს „კაგებეს“ ოპერჯგუფი ელოდებოდა, მაგრამ მისთვის ხელი არ უხლიათ. ლუბიმოვის კაბინეტში ფარული კინოკამერა იყო დამონტაჟებულიული და მასზე ჩაიწერეს, თუ როგორ მიიღო თაღლითმა ლუბიმოვისგან 5 ათასი ამერიკული დოლარი. თეატრიდან გამოსულ გურულს კი „კაგებეს“ მოთვალთვალეები დაასხდნენ კუდზე. მათ უნდა დაედგინათ, სად მიდიოდა გამომძალველი, რადგან იცოდნენ, რომ მას თანამზრახველებიც ჰყავდა. „კაგებეს“ ყველა სუფთად აყვანა უნდოდა, თუმცა, უშიშროებამ ვერ გაითვალისწინა ის, რომ კოტეს ბიძაშვილ-მამიდაშვილები – გარიკ გალუსტიანი და ვოვა სარქისიანი უთვალთვალებდნენ, შორიახლოს მიჰყვებოდნენ კოტეს და შენიშნეს, რომ მას კუდზე ასხდნენ. ამიტომ, გალუსტიანმა კონსპირაციულ ბინაში დარეკა და მამედოღლის უთხრა:

– კოტეს კუდზე ასხედან. ალბათ, „კაგებეა“ და მანდედან გაქრით.

და, მართლაც, როდესაც კოტე სახლში დაბრუნდა, იქ არავინ დახვდა. სულ მალე კი მას „კაგებეს“ ოპერები შეუვარდნენ და იქ კოტე გურულის მეტი ვერავინ აღმოაჩინეს. ადგილზე არც 105 ათასი მანეთი აღმოჩნდა. თაღლითებმა 21–21 ათასი მანეთი აიღეს და დაიფანტნენ. კოტეს წილი კი ნოდარ სირაძეს გაატანეს. „კაგებემ“, რა თქმა უნდა, დაადგინა დანარჩენი თაღლითების ვინაობაც და მათზე ძებნა გამოცხადდა. კოტეს გარდა, კიდევ სამი თაღლითი მძარცველი დააკავეს და მხოლოდ არიფ მამედოღლიმ მოახერხა დამალვა. დანარჩენებს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სამორინემ კი მუშაობა ძველებურად გააგრძელა და იქ კვლავ ბომონდი იკრიბებოდა. თუმცა, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. საქმე კი ის იყო, რომ ეს არალეგალური დაწესებულება „კაგებეს“ ფრთის ქვეშ ფუნქციონირებდა. ლუბიმოვი კი ანდროპოვის ახლობელი იყო და სწორედ მას მიმართა დახმარებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი