კრიმინალური ისტორიები

როგორ გაძარცვეს საბჭოთა ჯარისკაცებმა საიუველირო მაღაზია უნგრეთში

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.08

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძარცვა

1984 წლის მაისში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ანტიკვარული საიუველირო მაღაზია გაიძარცვა. დახურვამდე თხუთმეტი წუთით ადრე მაღაზიაში ორი ნიღბიანი მამაკაცი შევიდა. სავაჭრო დაწესებულების პერსონალს პისტოლეტები მიუშვირეს და ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს. მათ ხუთიოდე წუთში „გაასუფთავეს“ იქაურობა. ძვირფასეულობასთან ერთად, ხელს 12 ათასი ფორინტიც გააყოლეს და მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ ცხელ კვალზე სცადა ბოროტმოქმედთა დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. ძაღლმა კვალი მდინარესთან დაკარგა და სამართალდამცველებმა ივარაუდეს, რომ მძარცველები დიდი ალბათობით, კატერით მიიმალნენ. სასწრაფოდ გადაიკეტა ბუდაპეშტიდან გასასვლელი გზები. მილიციისა და სამხედრო პატრულები დუნაიზე მოძრავ საწყლოსნო ტრანსპორტს ჩხრეკდნენ და ამაში მათ უნგრეთის დედაქალაქში მდგომი საბჭოთა არმიის ნაწილებიც ეხმარებოდნენ. ეძებდნენ ორ გერმანულენოვან მამაკაცს, რადგან მაღაზიის პერსონალის ჩვენებით, მძარცველებმა გერმანულად მიმართეს მაღაზიის თანამშრომლებს. სინამდვილეში კი მძარცველები სწორედ საბჭოთა არმიის მოსამსახურეები იყვნენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული 20 წლის ახალგაზრდები – ვანო კოკაია და გურამ კორტიკაძე. გურამი კარგად ფლობდა გერმანულ ენას და მილიციისთვის რომ კვალი აერიათ, ამიტომაც მიმართა მაღაზიის თანამშრომლებს გერმანულად.

20 წლის შემდეგ

კოკაიამ და კოტრიკაძემ საიუველირო მაღაზიის ძარცვა პისტოლეტებით განახორციელეს. შემდგომ კი იარაღები დუნაიში გადაყარეს და როგორც მილიციელებმა ივარაუდეს, მოპარული კატერით გაიქცნენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. შემდგომ კატერი მდინარეში ჩაძირეს, ნაძარცვი ძვირფასეულობა კი ერთ-ერთი ხიდის ქვეშ დამალეს. მძარცველებს ჯარში სამსახურის ვადა ორი კვირის შემდეგ უმთავრდებოდათ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნების წინ ნაძარცვს სამალავიდან ამოიღებდნენ და თან წაიღებდნენ. თუმცა, მძარცველებს ამის საშუალება არ მიეცათ. დემობილიზებულები მოულოდნელად წაიყვანეს აეროპორტში, თვითმფრინავში ჩასვეს და საბჭოთა კავშირში დააბრუნეს. იმ პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ბუდაპეშტში გატაცებული ძვირფასეულობა ერთ-ერთი ხიდის სამალავში დარჩა და უკან დაბრუნება მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხერხდა. ვანო კოკაია და გურამ კოტრიკაძე უნგრეთის დედაქალაქში ტურისტული ვიზით ჩავიდნენ. სამალავს მიადგნენ და საიუველირო მაღაზიიდან გატაცებული ძვირფასეულობა ამოიღეს.

კატალოგის სამკაული

მძარცველები ბუდაპეშტიდან ანტვერპენში გაემგზავრნენ. მათ იცოდნენ, რომ ბელგიის ამ ქალაქში სარფიანად შეიძლებოდა ძვირფასი საკმაულების გაყიდვა და იმ ქუჩაზე მივიდნენ, სადაც უამრავი საიუველირო მაღაზია მდებარეობდა. ერთ-ერთ მათგანში შევიდნენ და გერმანული ენის მცოდნე გურამ კოტრიკაძემ კვალის არევის მიზნით გერმანელად წარუდგინა თავი და ძვირფასეულობის გაყიდვის სურვილი გამოთქვა. მაღაზიის მფლობელმა იუველირს უხმო და შეთავაზებული საქონელი შეამოწმებინა. კოკაიასა და კოტრიკაძეს კი მოცდა სთხოვა. ათიოდე წუთის შემდეგ კი საიუველირო მაღაზიაში ბელგიელი პოლიციელები შეიჭრნენ და ძვირფასეულობის მიმტანები აღდგილზევე დააკავეს. საქმე კი ის იყო, რომ ერთ-ერთი ბრილიანტის კოლიე ანტიკვარული ნიმუში ყოფილა, რომელიც სპეციალურ კატალოგში ფიგურირებდა და მას 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, კოკაია და კოტრიკაძე 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ძვირფასი ნივთები მათ 1994 წელს მოსკოვში უცნობი პირისგან შეიძინეს და საიუველირო მაღაზიის ძარცვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

გაქცევა

2004 წლის ოქტომბერში ვანო კოკაიამ და გურამ კოტრიკაძემ ბუდაპეშტში ისევ იგივე საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. ისინი კვლავ ნიღბებით იყვნენ პისტოლეტებით შეიარაღებულები. მძარცველებმა 250 ათასი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი და 100 ათასი ფორინტი გაიტაცეს. მათ ამჯერადაც იგივე გზა გაიარეს – კატერით გაიქცნენ და უკველოდ მიიმალნენ. პოლიციამ ვიდეოკამერების მეშვეობით იოლად შეძლო მძარცველების იდენტიფიცირება და მათზე წითელი ცირკულარით გამოაცხადეს ძებნა. თუმცა კოკაამ და კოტრიკაძემ ოსტატურად მოახერხეს გაქცევა, მიმალვა და მათ კვალს დღემდე ვერავინ მიაგნო. ორივე ქართველი მძარცველი დღესდღეობითაც „ინტერპოლის“ მიერაა ძებნილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა