კრიმინალური ისტორიები

როგორ გაძარცვეს ქართველმა ბოროტმოქმედებმა მოსკოვში მაღაზია „ოკეანე“

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.07, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ისტორია, რომელსაც დღეს მოგითხრობთ, ძალიან ცნობილ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს გადახდა თავს, ვის სახელსაც არ ვასახელებთ. ამიტომ ნებისმიერი მსგავსება შემთხვევითია და წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ორიგინალური ძარცვა

1968 წლის 24 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთ უმსხვილეს მაღაზია „ოკეანეში“ ინკასატორთა ბრიგადა მივიდა და მთელი დღის ნავაჭრი თანხა – 62 ათასი მანეთი წაიღეს. მაღაზიის დირექტორმა, კლარა ლაპინამ ძველი ინკასატორები რომ ვერ იცნო, იკითხა:

– ახლები ხართ, ბიჭებო?

– არა, ქალბატონო კლარა, – მიუგო ინკასატორების ბრიგადირმა, – ძირითადი ჯგუფი აეროპორტში გაგზავნეს. რაღაც ძვირფასი ტვირთი ჩამოვიდა და ის უნდა მიიტანონ სახელმწიფო ბანკში.

„ახლებს“ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ. ამიტომ, „ოკეანის“ დირექტორს არაფერში შეჰპარვია ეჭვი და ფული უპრობლემოდ გაატანა. თუმცა, სულ რაღაც, ერთი საათის შემდეგ „ოკეანეში“ მილიცია მივიდა და გაირკვა, რომ ინკასატორები, სინამდვილეში, ბოროტმოქმედები იყვნენ და მათ ნამდვილი ინკასატორების ბრიგადა გაანეიტრალეს. მათი მანქანითა და გაყალბებული საბუთებით ისარგებლეს და „ოკეანის“ ფანტასტიკური და ორიგინალური ძარცვა განახორციელეს.

ტოტალური ძებნა

„ოკეანის“ საქმეს „მური“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) იძიებდა და ის პოდპოლკოვნიკ გაბრიელ ილურიძეს ებარა. როგორც გაირკვა, ბოროტმოქმედები მილიციის ფორმაში იყვნენ გამოწყობილი და საინკასაციო მანქანა მალოკისელნის შესახვევში გააჩერეს, რომელიც გადაკეტილი ჰქონდათ, ვითომ ავტოავარიის გამო. შემდეგ კი მანქანის ეკიპაჟი იარაღის მუქარით აიძულეს, გადმოსულიყო და ყველა გაკოჭეს, ახლომდებარე სახლის სარდაფში გამოამწყვდიეს და თავად კი საქმეზე წავიდნენ. როგორც ინკასატორები და „ოკეანის“ დირექტორი, ბუღალტერი და მოლარე აცხადებდნენ, ერთ-ერთი ბოროტმოქმედი-მძარცველი, სავარაუდოდ, ქართველი უნდა ყოფილიყო. ილურიძემ ფეხზე დააყენა მთელი თავისი აგენტურული ქსელი. მძიმე „პრესებში“ გაატარა „შავები“, მაგრამ მაღალ, გამხდარ, ხუჭუჭთმიან 25-30 წლის ქართველს არავინ იცნობდა. გამოცდილმა ქართველმა მაძებარმა თავის ხელქვეითებს დაავალა, რომ მსგავსი აღწერილობის ქართველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის მოეძებნათ, მაგრამ ძალიან ფრთხილად ემოქმედათ. ილურიძე ვარაუდობდა, რომ ბოროტმოქმედი ჭკვიანი, ეშმაკი და შეიარაღებულ შეტაკებაზე წამსვლელი პიროვნება იყო. ამიტომ ტოტალური ძებნა ძალიან ფრთხილად მიმდინარეობდა.

მეტსახელად „პროფესორი“

„ოკეანის“ ფანტასტიკური ძარცვიდან 2 კვირის შემდეგ ილურიძეს თავისმა აგენტმა, ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, რომელიც „მორფზე იჯდა“, აცნობა, რომ მსგავსი აღწერილობის ქართველი თეატრალური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, თავის მეგობართან იყო შესახლებული. მილიციის აგენტმა ავტორიტეტმა ილურიძისგან ათი დოზა მორფი მიიღო. ქართველმა პოდპოლკოვნიკმა კი გაარკვია, რომ თეატრალურის მეორე კურსის სტუდენტს, ანზორ აფაქიძეს საერთო საცხოვრებელში გურამ გურგენიძე სტუმრობდა.

„მურის“ თანამშრომლებმა თეატრალურის „საერთოში“ შეაღწიეს და ქართველებს პერმანენტული თვალთვალი დაუწყეს. თანაც, მათ ფარულად სურათებიც გადაუღეს და გურგენიძეში მოწმეებმა ერთ-ერთი მძარცველი ამოიცნეს. „მურში“ საგანგებო-ოპერატიული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც გურგენიძის „სუფთად“ აყვანა დაევალა. იმავდროულად, ისიც გაირკვა, რომ 27 წლის გურამ გურგენიძე თბილისიდან იყო გამოქცეული ყაჩაღობის გამო და რომ მას „პროფესორს“ ეძახდნენ. ილურიძემ ხელქვეითებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და დაარიგა, რომ „პროფესორი“ ერთი გასროლის გარეშე უნდა აეყვანათ.

მძარცველთა ბანდა

მიუხედავად იმისა, რომ „მურის“ ოპერები ძალიან პროფესიონალურად და ფრთხილად მოქმედებდნენ, გურგენიძე მათ ვერ აყვანეს. „პროფესორს“ ნადირის ინტუიცია აღმოაჩნდა. მილიციელებს ხელიდან დაუსხლტა. მან მეხუთე სართულის აივნიდან მოახერხა გაქცევა. მეზობელ აივანზე გადავიდა და სანამ მილიცია გონს მოვიდოდა, მიმალვით უშველა თავს. თუმცა, დანარჩენი ოთხი მძარცველი მილიციელებმა გვერდით ოთახში აიყვანეს და ოთხივე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი აღმოჩნდა. „პროფესორის“ ძებნა კი გაძლიერდა. გადაიკეტა მოსკოვის ყველა გასასვლელი. „მურის“ ოპერებმა ის ერთ-ერთ ეზოში აიყვანეს და 2 ცალი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ჩამოართვეს. ნაძარცვი ფული კი კურსკის ვაგზლის შემნახველ საკანში აღმოჩნდა. მძარცველი ბანდის წევრებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ, ყველაზე მეტი კი – 15 წელი, რა თქმა უნდა, ქართველ „პროფესორს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი