კრიმინალური ისტორიები

როგორ გადაარჩინა თბილისი კატასტროფას ქართველმა პილოტმა

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.11

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„რქიანი“

35 წლის საბჭოთა არმიის მაიორი ანტონ სიმაფოროვი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მსახურობდა და შტაბის კავშირგაბმულობის ოფიცერი იყო. სიმაფოროვის 26 წლის მეუღლე ზინაიდა ხუხულოვაც „ზაკვოს“ შტაბში მუშაობდა და სასადილოს მებუფეტე იყო. ანტონი და ზინაიდა 3 წლის დაქორწინებულები იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ანტონმა ზინაიდა შტაბის ბუფეტში გაიცნო, სადაც ეს ქალი 22 წლის ასაკიდან მუშაობდა და მსუბუქი ყოფაქცევით გამოირჩეოდა და მასთან სექსუალური კავშირი არა მარტო ოფიცრებს, შტაბში მომსახურე რიგით ჯარისკაცებსაც ჰქონდათ. ერთხელ სიმაფოროვმაც ისიამოვნა ხუხულოვასთან და ისე მოეწონა, რომ ერთ თვეში ცოლად მოიყვანა. ქალმა მხოლოდ ორი თვე გაატარა მარტო ქმართან, შემდგომ კი იმავე ყოფას დაუბრუნდა და სექსზე უარს არავის ეუბნებოდა. ამის გამო ანტონ სიმაფოროვს კოლეგები დასცინოდნენ და ზურგს უკან „რქიანს“ უწოდებდნენ. ასეთ ყოფაში გადიოდა დრო. ზინაიდას მამაკაცთა კოლექციას ახალ-ახალ ეგზემპლარები ემატებოდა და სამი წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე ავიდა. ანტონს თვალები თითქოს ახვეული ჰქონდა და რქები კი უფრო ეზრდებოდა და ეზრდებოდა.

გამოფხიზლება

სამწლიანი ცოლქმრული „იდილიის“ შემდეგ „რქიანს“ თვალები აეხილა. მაიორს „მკურნალად“ პოლკოვნიკი ბარახლოვი მოევლინა. 46 წლის ბარახლოვი სამეურნეო ნაწილის საწყობებს კურატორობდა. ერთ დღეს, სიმაფოროვმა მეუღლეს ბუფეტში მიაკითხა, მაგრამ ზინაიდა არ დახვდა. ოფიციანტმა ლიდამ „გულუბრყვილოდ“ უთხრა: ბარახლოვთან ერთად მიდიოდა. მე მგონი, პოლკოვნიკმა დახმარება სთხოვა ზინაიდას და ერთად წავიდნენო. მაიორი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სასადილო. შემდეგ სირბილით უზარმაზარი შენობის ბუნკერში დაეშვა და საწყობებს მიაშურა, იქ, სადაც პოლკოვნიკის კაბინეტი იყო და კართან შეჩერდა. მიაყურადა და მას მერე, რაც იქიდან საეჭვო ხმები შემოესმა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, შემდეგ გაქანდა, კარი შეამტვრია. სიმაფოროვი ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი იყო, ბარახლოვს ფეხებში სწვდა, მოიქნია და ცეცხლგამძლე სეიფს მიანარცხა. ამის მერე მაიორი სიმაფოროვი თავის სამუშაო კაბინეტში დაბრუნდა. ტაბელური იარაღი აიღო და შტაბის შენობა დატოვა.

გაქცევა

მაიორი ანტონ სიმაფოროვი სამხედრო პროკურატორამ ორი დღის შემდეგ დააპატიმრა და ის ჰაუპტვახტში გაამწესეს. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. მაიორს მაღალი ჩინის ოფიცერზე თავდასხმასა და სხეულის მძიმე დაზიანებაში სდებდნენ ბრალს. ეს კი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული სახეზე იყო, მაიორი სიმაფოროვი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა და თავს დამნაშავედ არ ცნობდა. სიმაფოროვის საქმე უვე დასასრულს უახლოვდებოდა. ის კვლავ შტაბის ჰაუპტვახტის კარცერში ჰყავდათ გამომწყვდეული, მაგრამ ერთ საღამოს მაიორი ანტონ სიმაფოროვი პატიმრობიდან გაიქცა. როგორც გაირკვა, სიმაფოროვმა მორიგეს ტუალეტში გაყვანა მოსთხოვა. ის დერეფანში გათიშა, მისი ფორმა გადაიცვა და იქაურობა ძალიან სწრაფად დატოვა.

კატაპულტი

მოგვიანებით, როდესაც მაიორი ანტონ სიმაფოროვი „კაგებეს“ სპეციალურმა ჯგუფმა აიყვანა და ის „კაგებეს“ იზოლატორში გაამწესეს მან დაწვრილებითი ჩვენება მისცა გამომძიებელს. მანამდე კი... შტაბის ჰაუპტვახტიდან გაქცევის შემდეგ ანტონ სიმაფოროვი თავის ბავშვობის მეგობართან, იური პროხოროვთან მივიდა და გარკვეულ ხანს მასთან ცხოვრობდა, თან შურისძიებისთვის ემზადებოდა. მაიორის შურისძიება კი, როგორც მან შემდგომ აღიარებით ჩვენებაში აღნიშნა, მთელი ამიერკავკასიის შტაბის პერსონალის განადგურება იყო, რა თქმა უნდა, შენობითურთ. ანტონი მარნეულში ჩავიდა და სამხედრო აეროდრომზე შეაღწია. შემდგომ ხელსაყრელი მომენტი შეარჩია, ბომბდამშენის პილოტი, პოდპოლკოვნიკი ზურაბ ლომიძე იარაღის მუქარით თვითმფრინავის წინა კაბინაში ჩასვა, თავად კი უკანა კაბინაში მოკალათდა. ომიაძეს პისტოლეტი კეფაზე მიადო და უბრძანა, რომ აფრენილიყო. სიმაფოროვს უნდოდა, რომ ლომიძეს ამიერკავკასიის შტაბი დაებომბა. ბომბდამშენი უკვე თბილისის ცაზე მიფრინავდა და როდესაც უკანა კაბინაში მჯდომმა სიმაფოროვმა ლომიძეს უბრძანა, დაბომბვისთვის მომზადებულიყო, გამოცდილმა ქართველმა პილოტმა წინა კაბინის პანელზე მეორე კაბინის კატაპულტის წითელ ღილაკს დააჭირა თითი. სიმაფოროვი ბომბდამშენიდან ამოფრინდა და დიდუბეში, „დინამოს“ სტადიონის ქვემოთ, მდინარე მტკვარში ჩაეშვა.

მაიორი ანტონ სიმაფოროვი სამხედრო ტრიბუნალმა 15-წლიანი პატიმრობით დასაჯა. თავდაპირველად მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ შემდგომ ეს სასჯელი შეუმსუბუქეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა