კრიმინალური ისტორიები

როგორ „გადააგდო“ ქართველმა თაღლითმა ჩინური კომერციული ფირმა დიდ ფულში

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.01, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

დიდი „კუში“

1965 წლის 19 სექტემბერს მოსკოვის ლენინის რაიონის სასამართლომ 25 წლის გივი ჩიკვილაძეს თაღლითობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის დანაშაული საბჭოთა კავშირში, მაქსიმუმ, 4-წლიანი პატიმრობით ისჯებოდა, თუ, რა თქმა უნდა, საქმეში დიდი თანხები არ ფიგურირებდა. ახალგაზრდა, პროფესიით მხატვარ ქართველს კი 10 ათასი მანეთი, პლუს კიდევ 35 ათასი დიდ თანხად ჩაუთვალეს და ამხელა „სროკიც“ ამიტომ მისცეს. გივი ჩიკვილაძის დანაშაული კი ის იყო, რომ მან 1965 წელს 4 ივლისის ფეხბურთის მატჩის 100 ცალი გაყალბებული ბილეთი გაყიდა. იმ დღეს მოსკოვის „ლუჟნიკების“ ასიათასიან არენაზე ერთმანეთს შეხვდნენ ბრაზილიისა და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებები. ბილეთის ოფიციალური ფასი 1 მანეთი იყო. შავ ბაზარზე კი ერთი ბილეთი 100 მანეთად იყიდებოდა. ჩიკვილაძემ 100 ცალი ბილეთი საკუთარი ხელით დახატა. შემდგომ შეინიღბა და თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე, სულ რაღაც 15 წუთში, ასივე ყალბი ბილეთი „გაასუხარა“ და იქიდან 10 ათასი მანეთით „აორთქლდა“. გივი ჩიკვილაძით „კაგებე“ დაინტერესდა და თაღლითი, სწორედ, უშიშროებამ დააპატიმრა იალტაში. საქმე კი ის იყო, რომ ორმაგი ბილეთების უმრავლესობა ბრაზილიის ქომაგების ადგილებზე იყო, რომლებიც თავის გუნდს საგულშემატკივროდ ჩამოჰყვნენ. იალტაში დაკავებულ ჩიკვილაძეს 2 ათასი მანეთი უკვე დახარჯული ჰქონდა. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ ამანაც არ უშველა და თაღლითი მაქსიმალურ „სროკზე“ გაუშვეს.

კომერციული მატჩი

ჩიკვილაძემ „სროკის“ მხოლოდ ნახევარი მოიხადა და ციხიდან 1969 წელს გათავისუფლდა. თუმცა, მას დიდ ქალაქებში ცხოვრების უფლება 5 წლით ჰქონდა აკრძალული, ამიტომ 29 წლის მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმში მოეწყო მხატვარ-გამფორმებლად. გივი სხვადასხვა სარეკლამო ბანერს ხატავდა, ზოგჯერ კი თეატრის დეკორაციებსაც აფორმებდა. ამასობაში 5 წელიც გავიდა და გივი ჩიკვილაძე მოსკოვში დაბრუნდა. ერთხანს მან ერთ-ერთ თეატრში მხატვრის თანაშემწედ იმუშავა. თუმცა, მალევე მობეზრდა და თეატრიდან წავიდა. ხელი კვლავ თაღლითობას მიჰყო და საზოგადოებას ხან ფინანსურ ინსპექტორად მოევლინებოდა, ხან რევიზორად და სხვადასხვა უწყებებს დარღვევების „დაფარვისთვის“ პატარ-პატარა თანხებს სძალავდა. დარღვევები კი საბჭოთა საწარმო-დაწესებულებებში ბლომად იყო. თუმცა, 1979 წელს ჩიკვილაძე კვლავ ჩავარდა. ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი ნავთობკომბინატის „შემოწმების“ შემდეგ მას სასტუმროში მილიცია დაადგა. ჩიკვილაძე დააკავეს. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ კი მეორედ გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ციხეში 6 წელი გაატარა, საიდანაც „პერესტროიკის“ დროს, 1985 წელს გათავისუფლდა. ორჯერ ნასამართლევი თაღლითი 45 წლის უცოლშვილო მამაკაცი იყო. არც სახლ-კარი გააჩნდა და არც სამსახური. თუმცა გივიმ 25 წლის ქვრივი გოგონა, ანეტა ბერგერი შეათვალიერა და სულ რაღაც სამ თვეში იქორწინა კიდეც მასზე. ერთი წლის მერე კი ჩიკვილაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი – თაკო და თორნიკე შეეძინა.

„პერესტროიკა“ თაღლითებისთვის ოქროს ხანა იყო. თავდაპირველად გივი ჩიკვილაძე პატარ-პატარა გაყალბებებით შოულობდა თანხებს. შემდგომ მან უფრო მსხვილ საქმესაც მოჰკიდა ხელი და საზღვარგარეთ გასასვლელ საბუთებს აყალბებდა. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და გივი ჩიკვილაძემ აღმოსავლეთ ევროპაშიც მოსინჯა ძალები. ის სხვადასხვა კომერციულ გარიგებებს დებდა მცირე მეწარმეებთან, შემდგომ კი ფულს იღებდა და „ორთქლდებოდა“. 2004 წელს გივი ჩიკვილაძემ თავის კარიერაში ყველაზე მსხვილი აფერა განახორციელა. დეკემბერში მსოფლიოს მოწინავე საფეხბურთო კლუბები კომერციულ თამაშებს ატარებდნენ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ფეხბურთის ნამდვილი ბუმი იყო. წინა საახალწლოდ ჩინეთში „ბარსელონა“ და „რეალიც“ აკეთებდნენ ფულს. 29 დეკემბერს კი ორივე გუნდი სამშობლოში დაბრუნდა. გივი იმ დროს ქალაქ შანხაიში იმყოფებოდა და ერთ-ერთ კომერციულ ფირმასთან კონტრაქტი დადო, რომ 31 დეკემბერს, ერთ-ერთ 100-ათასიან სტადიონზე „ბარსა“-„რეალის“ საჩვენებელი მატჩი გაიმართებოდა. ჩიკვილაძეს ანგარიშზე კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 20 პროცენტი – 50 ათასი დოლარი ჩაურიცხეს და გივიც „აორთქლდა“. ქალაქში კი მომავალი მატჩის აფიშები იყო გაკრული და 20 ათასი ბილეთი კი – გაყიდული. თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ ეს ყველაფერი აფერა იყო და მატჩი არ შედგებოდა, გულშემატკივრებს ფული დაუბრუნეს. გივი ჩიკვილაძეს კი ბინა დაუწვეს. მიუხედავად ამისა, თავად ქართველი თაღლითი მოუხელთებელი აღმოჩნდა ჩინელი ძალოვნებისთვის და ის რუსეთს აფარებდა თავს, სადაც, სავარაუდოდ, დღესაც ცხოვრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი