როგორ გადააგდეს ქართველი თაღლითი უკრაინელმა ბუღალტრებმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.07

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
შპს „კინოლენტა“
1989 წლის მიწურულს კიევში მოღვაწე ქართველმა თაღლითმა, კოტე ლომინაძემ მორიგი აფერა ჩაიფიქრა, თუმცა, ამჯერად – საკმაოდ მსხვილი, ფართომასშტაბიანი და საკმაოდ სახიფათო. ლომინაძემ კინოსტუდია „დოვჟენკოს“ ერთ-ერთ დამწყებ რეჟისორ ალა მარჩენკოსთან ერთად, რომელიც იმავდროულად, თაღლითი ქართველის საყვარელიც იყო, შექმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კინოლენტა“. წესდებაში ეწერა, რომ უფლება ჰქონდათ, გადაეღოთ მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, დაფინანსება მიეღოთ საზღვარგარეთიდან განუსაზღვრელი რაოდენობით და ნებისმიერ ვალუტაში. ტრადიციულად, შეზღუდვები მხოლოდ პორნოგრაფიასა და ომის, ძალადობის პროპაგანდაზე იყო, ყველაფერ დანარჩენში კი შპს აბსოლუტურად თავისუფალი იყო. საზრიანმა თაღლითმა კარგად იცოდა მსგავსი ტიპის კანონები. ამიტომ აფერის მომზადების პერიოდში ყველაფერი წესრიგში მოიყვანა. ყოველი შემთხვევისთვის, იურისტებსაც წააკითხა და ისე გაატარა რეგისტრაციაში. შემდგომ, ალა მარჩენკოსთან ერთად, უკვე აფერის დეტალების დახვეწას შეუდგა. თუმცა ქალმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ისიც აფერის თანამონაწილე იყო .
ერთობლივი პროექტი
აფერის მიზანი იყო ფულის გამოძალვა. ლომინაძე მარტივი სქემით მოქმედებდა – მან „ჰოლივუდის“ ერთ-ერთ სტუდიასთან მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას, რომ გადაეღოთ ერთობლივი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი სტალინის პერიოდის დანაშაულებზე. იმ დროს ეს თემა ძალიან აქტუალური იყო და ამერიკელებისთვის – პოლიტიკურად მოგებიანიც. ამიტომ, ამერიკული მხრიდან ინტერესი გაჩნდა და დათანხმდნენ ერთობლივ კინოპროექტზე, რომელიც ცნობილ „ჰოლივუდურ“ სტუდიასა და „ალექსანდრე დოვჟენკოს“ კინოსტუდიას უნდა განეხორციელებინათ. დაიწერა სცენარი. ამერიკული მხრიდან ფილმის რეჟისორად ოლივერ სტოუნი შეირჩა. ალა მარჩენკო კი მისი ასისტენტი უნდა ყოფილიყო. შედგა ხარჯთაღრიცხვა და გამოიყო დაფინანსება – 15 მილიონი ამერიკული დოლარი, მხოლოდ დეკორაციებისა და ტექნიკური ხარჯებისთვის, რაც საბჭოთა კავშირში, კერძოდ კი უკრაინაში, უნდა განხორციელებულიყო. დანარჩენს კი, რაც მსახიობებისა და ამერიკულ გადამღები ჯგუფისთვის ხელფასებით უზრუნველყოფას ეხებოდა, „ჰოლივუდის“ სტუდია უკვე საკუთარ თავზე იღებდა. გაიხსნა ანგარიში კიევის ცენტრალურ ბანკში და მას შემდეგ, რაც კიევში საცდელი გადაღებები დაინიშნა, ფული ანგარიშზე დაჯდა.
ანტონი
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში უკვე თითქმის კაპიტალიზმი იყო დაშვებული და ვალუტის ფლობა და სავალუტო ოპერაციები კანონით აღარ ისჯებოდა, ბანკიდან ვალუტის გამოტანაზე ძველი კანონები ვრცელდებოდა და გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული. ანუ დიდი რაოდენობით ვალუტის გამოტანა შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო უწყების თანამშრომელს, შესაბამისი წერილობითი განკარგულების საფუძველზე. და რადგან „კინოლენტა“ ასეთ სტრუქტურას არ წარმოადგენდა, ბანკი მის ბუღალტერზე ფულს არ გასცემდა. ამიტომ საჭირო იყო სახელმწიფო უწყების თანამშრომელი და ასეთი ანტონ მარჩუკი - მარჩენკოს ყოფილი ქმარი აღმოჩნდა. ანტონი, ისევე, როგორც ალა, ქართველ თაღლითზე 16 წლით უმცროსი, სულ რაღაც 23 წლის იყო, მაგრამ წვრილმანი ხულიგნობისთვის უკვე მოესწრო 2 წლით ციხეში ჯდომა. ანტონმა თავის სიდედრს (ალას დედას) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მუშტით თვალიც ჩაულურჯა და სიდედრმა ის ჯერ „გაასროკინა“, მერე კი ალას დააშორა. ანტონი „დოვჟენკოს“ კინოსტუდიის ბუღალტრის თანაშემწე იყო. მას მართლა არ ჰქონდა უფლება, რომ ბანკიდან გამოეტანა ფული, მაგრამ მთავარი ბუღალტერი მისი ბიძა (მამის ძმა) იური მარჩუკი იყო. ამიტომ, ალას თხოვნით (გოგონას ეს კოტე ლომინაძემ სთხოვა), ანტონმა ბიძამისი ფულის გამოტანაზე დაითანხმა. შედგა ოფიციალური საბუთი და ანტონი, ბიძამისი, კოტე და ორი მილიციელი 1,5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოსატანად კიევის ცენტრალურ ბანკს მიადგნენ. ბიძა-ძმიშვილი შენობაში შევიდნენ, კოტე მათ გარეთ ელოდებოდა.
გაწბილებუნი
კოტე ლომინაძე 2 საათის განმავლობაში ელოდა მარჩუკებსა და ორ მილიციელს, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ. ხოლო, როდესაც კოტე თავად შევიდა ბანკში და მარჩუკები მოიკითხა, უთხრეს – ისინი ბანკიდან საათ-ნახევრის წინ, სამსახურებრივი გასასვლელიდან გავიდნენო. კოტეს ელდა ეცა. ალასთან მივიდა და ყველაფერი მოუყვა. გოგონამ მილიციაში მისვლა შესთავაზა, მაგრამ ლომინაძემ უარი თქვა და საკუთარი ძალებით, „შავი სამყაროს“ დახმარებით დაუწყო მიმალულ მარჩუკებს ძებნა. როგორც შემდგომ გაირკვა, ორი მილიციელი მარჩუკებმა 100-100 მანეთად დაიქირავეს და როგორც კი ბანკის მეორე გასასვლელიდან გამოვიდნენ, გაუშვეს. თავად კი გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. ანტონის ბიძა, იური, 33 წლის იყო, უცოლშვილო და მისთვის ქვეყნიდან გასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, ასეთი კოლოსალური თანხით. სავარაუდოდ, მარჩუკები პოლონეთის საზღვრით გავიდნენ ევროპაში და მათი კვალი სამუდამოდ დაიკარგა. გაწბილებული ქართველი თაღლითი კი იძულებული გახდა, თავადაც მიმალულიყო, რადგან „ჰოლივუდიდან“ გადამღები ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო და როდესაც აფერა გამჟღავნდებოდა, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა.
P.S. კოტე ლომინაძე 1999 წელს ავსტრალიაში დააპატიმრეს ეგზოტიკური ცხოველების კონტრაბანდის მცდელობისთვის და 8 წლით ჩასვეს ციხეში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან