კრიმინალური ისტორიები

როგორ ძარცვავდა სეიფებს ცნობილი „მედვეჟატნიკი“, მეტსახელად „ბონდი“

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცევა

1992 წლის დეკემბერში სევეროურალსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ორი ქართველი პატიმარი გაიქცა – 52 წლის კანონიერი ქურდი ბეჟან ჟვანია, მეტსახელად „ბოცო“ და 49 წლის რეციდივისტი „მედვეჟატნიკი“ ბონდო ღოღობერიძე, მეტსახელად „ბონდი“. ჟვანიას 15 თვე ჰქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე. თანაც, კანონიერი ქურდები იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში მიდიან „პაბეგზე“ (გაქცევაზე). სწორედ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო გაქცევის მიზეზი. „ბოცოს“ „ზონაში“ „ქსივა“ შეუგზავნეს, რომელშიც ეწერა, რომ მისი ახალგაზრდა მეუღლე, ცუცა, მისსავე კოლეგასთან ღალატობდა. „ბოცო“ უკიდურესად ემოციური ადამიანი იყო და იმიტომ გაიქცა, რომ ცოლი და მისი საყვარელი დაეხოცა. „ბონდმა“ კი „პაბეგი“ იმიტომ „აიკიდა, რომ 15 წლით იყო გამწესებული საპყრობილეში და მხოლოდ 8 თვე ჰქონდა მოხდილი. გაქცეულებს 38 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი და შემდგომ მატარებლით გააგრძელებდნენ გზას. მაგრამ მანამდე დათოვლილი, მშიერი მტაცებლებით სავსე ტაიგა უნდა გაევლით, რაც უდიდეს რისკთან და გამართლებასთან იყო დაკავშირებული. ათი კილომეტრი რომ შეუსვენებლად იარეს, „ბოცო“ წაიქცა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. საბოლოოდ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო დატვირთას და გარდაიცვალა. თუმცა, სიკვდილის წინ „ბონდს“ უთხრა: „ძმობას გაფიცებ, თუკი აქედან გააღწიე, ჩემ მაგივრად იძიე შური და ის ნაძირალები „დაბრიდეო“. ღოღობერიძე რომ დარწმუნდა, ჟვანია მკვდარი იყო, მისი სხეული უზარმაზარ კედართან დაასვენა და გზის გაგრძელება დააპირა. მაგრამ, უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში. „ბონდმა“ მიცვალებულ „ბოცოს“ თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, თავად კი მისი ჩაიცვა. შემდეგ კი პირჯვარი გადაიწერა და სწრაფად გააგრძელა გზა. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ მიცვალებულის ცხედარს მშიერი მგლები შეჭამდნენ და მდევარი მხოლოდ ტანსაცმელს იპოვიდა, იფიქრებდნენ, რომ „ბონდი“ მკვდარი იყო და მხოლოდ „ბოცოს“ დაუწყებდნენ ძებნას.

განსაკუთრებული ხელწერა

ბონდო ღოღობერიძემ, ყოველი შემთხვევისთვის, მანევრი გააკეთა და იმის ნაცვლად, რომ ცენტრალური რაიონებისკენ აეღო გეზი, ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში ჩავიდა. იქ მას შორეული ნათესავი ჰყავდა, რომელსაც ქართული პურის საცხობი ჰქონდა. „ბონდმა“ თავის ნათესავს ყველაფერი მოუყვა და დახმარება სთხოვა. თან, წვერ-ულვაში მოუშვა. სათვალე გაიკეთა და გარეგნობა ნაწილობრივ შეიცვალა. ის უკვე აღარ ჰგავდა ციხიდან გაქცეულ „ზეკს“. თანაც, მას არ ეძებდნენ, რადგან ის ტაიგაში დაღუპული ეგონათ. ნათესავმა კი ბონდოს სხვა საბუთები უშოვა და პასპორტით ის ვინმე არტურ გასპაროვი იყო. ახალი საბუთებით „ბონდმა“ 2 წელი გაატარა ირკუტსკში. შემდგომ კი თავის ნათესავს ათასი დოლარი გამოართვა და მოსკოვში ჩავიდა. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ბონდომ ორი საქმე გააკეთა – გაძარცვა მექანიკური ქარხნის სეიფი და იქიდან 35 ათასი მანეთი წაიღო. შემდომ კი კოოპერატივ „ოსპ–ის“ სეიფიც გახსნა და იქიდან 50 ათასი დოლარი გაიტაცა. „ბონდს“ განსაკუთრებული „მედვეჟატნიკური“ ხელწერა ჰქონდა. სეიფების სიგნალიზაციის გათიშვისას ის მის მიერვე შექმნილ ელექტრონულ ბლოკს იყენებდა. საკეტს კი მიკროავტოგენით, იუველირული სიზუსტით ჭრიდა და ამგვარად აღებდა. ამ ძარცვებს „მური“ იძიებდა. მაგრამ, იმ პერიოდის მოსკოველ ან სხვა ქალაქების „მედვეჟატნიკებს“ შორის ასეთი „სუფთად“ მომუშავე ვერავინ იპოვეს. არქივში მოიძიეს და „ბონდი“ შერჩათ ხელში. თუმცა, ოფიციალურად ბონდო ღოღობერიძე 3 წლის მკვდარი იყო და მაძებრები ვარაუდობდნენ, რომ ეს ძარცვები „ბონდის“ უცნობმა შეგირდმა განახორციელა. თუმცა, ვერც „შეგირდის“ კვალს მიაგნეს და გამოძიება ჩიხში შევიდა. ამასობაში 3 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო და რუსეთში „ბესპრეძელი“ მძვინვარებდა. 52 წლის ღოღობერიძეს საკმაო თანხა ჰქონდა დაგროვილი. ციხეში დაბრუნება აღარ უნდოდა, ამიტომ 1996 წელს თბილისში ჩამოვიდა (თავად სოხუმელი იყო), ოროთახიანი ბინა იყიდა ვარკეთილის მასივში, იქვე პურის პატარა საცხობი გახსნა და მშვიდად ცხოვრობდა.

შურისძიება

მიუხედავად იმისა, რომ „ბონდი“ თბილისში მყუდროდ იყო, მას მოსვენებას არ აძლევდა „ბოცოს“ თხოვნა შურისძიების შესახებ. ამიტომ ღოღობერიძემ ცუცას და მისი საყვარლის ძებნა დაიწყო. ქალს მალევე მიაგნო, რომელიც გლდანის მასივში ცხოვრობდა, ხოლო მისი საყვარელი კი უკვე აღარ იყო კანონიერი ქურდი. მას ეს ტიტული ფულის „შეჭმის“ გამო აჰყარეს და განარკომანებულ ყოფილ ავტორიტეტს პოლიციის აგენტის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, „ნასედკა“ იყო და საქმეებში ცრუ მოწმედ იყენებდნენ. „ბონდმა“ პირველს სწორედ „ნასედკას“ მიაშურა. სადარბაზოში დახვდა და გულში დანა ჩაარჭო დანა. მანამდე კი უთხრა: ეს შენ გზავნილი „ბოცოსგან“ და იმ ადამიანებისგან, ვინც დაღუპეო. მეორე დღეს „ბონდი“, „თელასის“ თანამშრომლის სახელით, ცუცას ესტუმრა გლდანში, რათა მოღალატე ქალი მოეკლა. თუმცა, ღოღობერიძეს იქ პოლიცია ელოდა. საქმე ის იყო, რომ ცუცას ყოფილი საყვარელი ცოცხალი გადარჩა, დანამ მას მხოლოდ ღრმა ჭრილობა მიაყენა და მყესები გაუწყვიტა. თუმცა, გონებაც კი არ დაუკარგავს და გამომძიებელს დაწვრილებითი ჩვენებაც კი მისცა. შემდეგ, უკვე რთული არ იყო იმის მიხვედრა, რომ ცუცას მოსაკლავად „ქილერი“ ან თავად „ბოცო“ (რომელიც ცოცხალი ეგონათ და ძებნაში იყო) მიაკითხავდა. და, როდესაც პოლიციელებს „ბონდი“ შერჩათ ხელში, თავდაპირველად არც კი დაიჯერეს მისი მონაყოლი.

ბონდო ღოღობერიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხიდან ის 2011 წელს გათავისუფლდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...